ავსტრალიის ვიქტორიის შტატში, კერძოდ, ფილიპის კუნძულზე, ფრინველის გრიპის (H5N1) წინააღმდეგ 1000-ზე მეტი “მცირე პინგვინი” (Little penguin) აცრეს. ეს ველური ფრინველების ვაქცინაციის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ჯამში 5000-მდე პინგვინისთვის ვაქცინის ორი დოზის მიწოდება იგეგმება.
ფილიპის კუნძულის ბუნებრივი პარკების ხელმძღვანელის, კეტრინ ბასტერფილდის განცხადებით, ველურ ბუნებაში მსგავსი მასშტაბის სამედიცინო ჩარევა მსოფლიოში პირველად ხორციელდება. მართალია, პინგვინების დაჭერა და აცრა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა ამოცანას ამარტივებს ის ფაქტი, რომ ფრინველები ყოველ საღამოს ერთსა და იმავე ბუდეებში ბრუნდებიან. სპეციალისტები მათ სანაპიროზე, მცირე ზომის ვოლიერებში ათავსებენ, წონიან, ზომავენ, მიკროჩიპებს უდგამენ და ვაქცინაციის შემდეგ უკან უშვებენ. აცრილი პინგვინები მეორე დოზას სამი კვირის შემდეგ მიიღებენ.
„მცირე პინგვინები“ მსოფლიოში ამ სახეობის ყველაზე პატარა წარმომადგენლები არიან და მხოლოდ ავსტრალიის სამხრეთ ნაწილსა და ახალ ზელანდიაში ბინადრობენ. ეროვნული შეფასებით, პინგვინები სასიკვდილო ვირუსით ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან. ვაქცინაციის გადაუდებელი აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ვირუსის შემთხვევები ფილიპის კუნძულზე, სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაზე დაფიქსირდა (ტასმანიაზე, კინგის კუნძულზე, ვირუსს უკვე 50-ზე მეტი პინგვინი ემსხვერპლა).
როგორც ავსტრალიელი ექსპერტები აღნიშნავენ, იმუნიტეტის გამომუშავებას დაახლოებით 10 კვირა სჭირდება. შესაბამისად, ვირუსის გავრცელებამდე ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა თავიდან იქნას აცილებული მასობრივი სიკვდილიანობა (ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით, ვირუსმა შესაძლოა 16 000-მდე პინგვინი შეიწიროს).
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უნივერსალური გამოსავალი არ არის და მკაცრი ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა კვლავ აუცილებელია, ის ერთ-ერთი მთავარი იარაღია ამ უნიკალური სახეობის გადასარჩენად, რომელსაც კლიმატის კრიზისი ისედაც დიდ საფრთხეს უქმნის. გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობისა, პინგვინებს რეგიონისთვის უდიდესი ეკონომიკური ღირებულებაც აქვთ — ფილიპის კუნძულზე არსებული „პინგვინების აღლუმი“ წლიურად 700 000-მდე ტურისტს იზიდავს და შტატის ეკონომიკაში 500 მილიონი დოლარი შეაქვს.
წყარო: The Guardian

