“ასტრაზენეკა”(AstraZeneca) 2030 წლისთვის, ამერიკაში წარმოებისა და კვლევების გასაფართოებლად, 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს. კომპანიის ეს ნაბიჯი პასუხია იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ფარმაცევტული ინდუსტრია დგას. სავაჭრო ტარიფებისა და მარაგების აღდგენასთან დაკავშირებული წნეხის გამო, კომპანიები აქტიურად ცდილობენ, გააძლიერონ საკუთარი პოზიციები ამერიკულ ბაზარზე.
ბიოტექნოლოგიურ კომპანია “ასტრაზენეკას” დიდი გეგმები აქვს. ის ვირჯინიაში აშენებს უზარმაზარ ქარხანას, სადაც, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მედიკამენტების წარმოებას გაამარტივებს და გააუმჯობესებს.
კომპანია აპირებს, რომ ამ ახალ ობიექტში ძირითადად წონაში დასაკლები და მეტაბოლიზმის სამკურნალო მედიკამენტები, მათ შორის პერორალური GLP-1 აბები აწარმოოს. ეს იქნება AstraZeneca-ს ყველაზე დიდი ქარხანა მსოფლიოში.
ვირჯინიის ცენტრის გარდა, “ასტრაზენეკა” გეგმავს, გააფართოოს კვლევითი და წარმოებითი საქმიანობა ხუთ სხვა შტატში: მერილენდში, მასაჩუსეტსში, კალიფორნიაში, ინდიანასა და ტეხასში. კომპანიის თქმით, ეს პროექტები ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„ამ ტიპის ვალდებულების აღება აჩვენებს, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამერიკულ ბიოფარმაცევტულ ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვას. ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის წლიური შემოსავალი 80 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ, რომლის ნახევარსაც აშშ-ის ბაზრიდან მივიღებთ,“ – აცხადებს პასკალ სორიო, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც ჩანს, კომპანია, რომელმაც სახელი გაითქვა COVID-19-ის ვაქცინით, უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გასულ წელს კომპანიამ შემოსავლების 40%-ზე მეტი ამერიკიდან მიიღო.
ამას მოჰყვა $3.5 მილიარდის ინვესტიცია აშშ-ში, რომლის შესახებაც შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, გახდა ცნობილი.
ვრცელდება ხმები, რომ AstraZeneca-მ, შესაძლოა, ლონდონის საფონდო ბირჟიდან აქციები ამერიკაში გადაიტანოს. კომპანიაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. თუ ეს ამბავი დადასტურდა, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ დიდი ბრიტანეთის საფინანსო ბაზრებს, რადგან AstraZeneca ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა.
ფარმაცევტული კომპანიები პასუხობენ აშშ-ის მზარდ პოლიტიკურ ზეწოლას. იმის მოლოდინში, რომ ამერიკა მაღალ ტარიფებს დააწესებს, კომპანიებმა: Novartis, Sanofi, Roche, Eli Lilly და Johnson & Johnson-მა პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ძალისხმევას აშშ-ში წარმოების გასაფართოებლად.
არსებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს იმპორტირებულ მედიკამენტებზე 200%-მდე გადასახადის დაწესებას. თუმცა, კომპანიებს, წარმოების სხვაგან გადასატანად, ექნებათ 12-18 თვიანი შეღავათიანი პერიოდი, რასაც ზოგიერთი კომპანიის დირექტორი არარეალურად მიიჩნევს.
ვას ნარასიმჰანმა, კომპანია “ნოვარტისის”(Novartis) აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მედიკამენტების წარმოების სხვაგან გადასატანად, როგორც წესი, სამიდან ოთხ წლამდეა საჭირო. მისი თქმით, კომპანია ცდილობს, ეს პროცესი დააჩქაროს და იმედოვნებს, რომ პოლიტიკოსები გარკვეულ დათმობებზე წავლენ.
ფარმაცევტული საშუალებების იმპორტის შესახებ კანონმდებლობის საბოლოო ვერსია ამერიკაში ივლისის ბოლოს დამტკიცდება. ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების გლობალური სტრატეგიები შეცვალოს.
წყარო: CNBC

