ჯანმო საკრუიზო ლაინერზე ჰანტავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესაძლებლობას სწავლობს

გააზიარე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დასავლეთ აფრიკის სანაპიროსთან მყოფ საკრუიზო ლაინერ MV Hondius-ზე დაფიქსირებულ ჰანტავირუსის შემთხვევებს შეისწავლის. სპეციალისტების ყურადღების ცენტრში ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შესაძლო ფაქტია. ტრადიციულად, ეს ინფექცია ძირითადად ინფიცირებულ მღრღნელებთან (მათ შარდთან, განავალთან ან ნერწყვთან) კონტაქტით ვრცელდება. თუმცა, ვინაიდან გემზე სამი ადამიანი დაიღუპა და კიდევ რამდენიმეს ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა, ჯანმო პრევენციის მიზნით ვირუსის გავრცელების სწორედ ამ გზას შეისწავლის.

„ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთ ინფიცირებულს ერთმანეთთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა. შესაბამისად, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ფაქტს სრულად ვერ გამოვრიცხავთ და სიფრთხილის მიზნით, ვმოქმედებთ ამ დაშვებით,“ — განმარტა ჯანმოს ეპიდემიებისა და პანდემიების პრევენციის დირექტორმა, დოქტორმა მარია ვან კერხოვემ. მანვე მკაფიოდ აღნიშნა, რომ ფართო საზოგადოებისთვის რისკი დაბალია, რადგან ეს ვირუსი გრიპის ან კოვიდის მსგავსად სწრაფად არ ვრცელდება.

დაავადების პირველი საეჭვო შემთხვევა 11 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც 70 წლის ნიდერლანდელი მამაკაცი მწვავე სიმპტომებით გემზე გარდაიცვალა. მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა მისი 69 წლის მეუღლეც, რომელსაც სამხრეთ აფრიკის კლინიკაში ჰანტავირუსის ვარიანტი დაუდასტურდა. მესამე გარდაცვლილია 2 მაისს გემზე დაღუპული გერმანიის მოქალაქე. საერთო ჯამში, ლაინერზე 7 შემთხვევაა იდენტიფიცირებული, საიდანაც ორი ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებულია.

ამჟამად საკრუიზო ლაინერზე, რომელიც კაბო-ვერდეს სიახლოვეს იმყოფება, 150-მდე მგზავრი და ეკიპაჟის წევრი რჩება. უწყებების მიმდინარე ამოცანაა ეკიპაჟის იმ ორი წევრის სამედიცინო ევაკუაცია, რომლებსაც რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათი უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილია სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ორი სპეციალიზებული თვითმფრინავი.

მგზავრებისა და პერსონალის უსაფრთხოებისთვის გემზე დაცულია შესაბამისი ჰიგიენური და იზოლაციის პროტოკოლები. ევაკუაციის პროცესის დასრულების შემდეგ, იგეგმება, რომ გემი კანარის კუნძულებისკენ გაემართოს, სადაც ესპანეთის ჯანდაცვის წარმომადგენლები სრულ ეპიდემიოლოგიურ კვლევასა და ლაინერის დეზინფექციას განახორციელებენ. პარალელურად, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება იოჰანესბურგის იმ რეისის მგზავრებს შორის, რომლითაც ერთ-ერთი დაღუპული მგზავრობდა.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები