რობოტული ტექნოლოგიები დიდი ხანია მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილი აღარ არის. ბოლო ათწლეულებში ისინი სწრაფად ინტეგრირდნენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო გარემოში. ფაქტია, ეს ტექნოლოგიები მრავალ ინდუსტრიას რადიკალურად გარდაქმნის, დაწყებული ფინანსებით, განათლებითა და მრეწველობით, დამთავრებული – სოფლის მეურნეობით. ბუნებრივია, რომ ამ ტრანსფორმაციის პროცესში ჯანდაცვის სექტორი გამონაკლისი ვერ იქნება. მეტიც, შესაძლოა ითქვას, მედიცინა ამ ტექნოლოგიური რევოლუციის ერთგვარი პიონერია, რადგან მედიკოსები რობოტულ ტექნოლოგიებს, სამ ათწლეულზე მეტია, წარმატებით იყენებენ.
ტექნოლოგიების ინტეგრაცია სამედიცინო სფეროში სწრაფად იზრდება. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, თუ გადავხედავთ ჯანდაცვის სექტორში მიმდინარე ბოლო მოვლენებს. მაგალითად, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE) 11 ახალი რობოტული ქირურგიული სისტემა დაამტკიცა გამოსაყენებლად. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ნდობაზე, რომელსაც წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ იჩენენ.
NICE-ის მიერ რობოტული სისტემების დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ეს ორგანიზაცია ცნობილია ახალი ტექნოლოგიებისა და მკურნალობის მეთოდების მკაცრი შეფასებით ჯანდაცვის სფეროში. მათი დასკვნა, რომ 11 ახალი რობოტული ქირურგიული სისტემა უსაფრთხო და ეფექტურია გამოყენებისთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს რობოტული ტექნოლოგიების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე მედიცინაში.
ამერიკის შეერთებულ შტატებში Diligent Robotics-ის რობოტი „Moxi“ უკვე აქტიურად გამოიყენება მედიკამენტებისა და სხვადასხვა სამედიცინო მარაგების უსაფრთხო ლოჯისტიკისთვის. ეს ინოვაცია საშუალებას აძლევს ექთნებს სრულად კონცენტრირდნენ პაციენტებზე, რადგან რობოტმა უკვე გადაიბარა ის რუტინული და შრომატევადი ამოცანები, რომლებიც მათ ყოველდღიურად დიდ დროს ართმევდა.
Moxi-ს ასრულებს ისეთ დავალებებს, როგორიცაა საავადმყოფოს მარაგების ოთახიდან საჭირო ნივთების (მედიკამენტების, სახვევებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის) კონკრეტულ პალატებსა ან სხვადასხვა განყოფილებებში მიტანა. რობოტს აქვს ჩამკეტი განყოფილება, რომელიც მედიკამენტების უსაფრთხო გადატანას უზრუნველყოფს. ასე ეხმარება Moxi მედიკოსებს სამუშაო პროცესის უფრო ეფექტურად ორგანიზებაში.

ამ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ სამედიცინო რობოტული ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარს უზარმაზარი ზრდა ელოდება. წარმოიდგინეთ: 2024 წელს ამ სექტორმა $18.2 მილიარდი გამოიმუშავა, ხოლო პროგნოზის თანახმად, 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $63.8 მილიარდამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ სულ რაღაც ცხრა წელიწადში ბაზარი თითქმის ოთხჯერ უფრო დიდი გახდება. ეს ციფრები ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი ექნება რობოტიკას ჯანდაცვის სფეროს განვითარებაში.
წინამდებარე სტატია განიხილავს ექვს ძირითად გზას, რომელიც აჩვენებს, როგორ გარდაქმნის რობოტული ტექნოლოგიები სამედიცინო ინდუსტრიას მომდევნო ათწლეულებში.
პაციენტების დიაგნოზირების დაჩქარება
საავადმყოფოების სასწრაფო დახმარების განყოფილებებში ექიმებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ, თუმცა პაციენტების სიმრავლის შემთხვევაში დიაგნოზის დასმა და მკურნალობის დაწყება ხშირად რთულდება. მთავარი გამოწვევაა პროცესის დაჩქარება ისე, რომ სამედიცინო პერსონალზე დატვირთვა შემცირდეს.
შეუძლიათ თუ არა რობოტულ ტექნოლოგიებს დიაგნოზის დასმის პროცესის დაჩქარება? დიდი ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტი იკვლევს ამ საკითხს. ისინი მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფისა და რობოტიკის შერწყმაზე, რომ გადაჭრან ეს გამოწვევა.
კვლევითი ჯგუფი ქმნის პროტოტიპს (DAISY – Diagnostic AI System for Robot Assisted Emergency Triage), რომელიც შეაგროვებს პაციენტის მონაცემებს (მიმდინარე სიმპტომებსა და სასიცოცხლო პარამეტრებს) და უმოკლეს დროში დასვამს დიაგნოზს.
„DAISY სისტემა შექმნის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანგარიშს, რომელიც შემდგომი მკურნალობის მიზნით ექიმს გადაეგზავნება,“ – განმარტავს დოქტორი კიარა პიკარდი, პროექტის წამყვანი თანამკვლევარი. თუმცა, პიკარდი აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია იმის გარკვევა, მზად არიან თუ არა პაციენტები თავიანთი სიცოცხლე ტექნოლოგიას მიანდონ.
ამ ტენდენციის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს შეერთებული შტატებში შექმნილი კომპანია Intuitive, რომელმაც შექმნა რობოტი სახელად Ion. ეს რობოტი გამოიყენება მინიმალურად ინვაზიური პროცედურის, ბრონქოსკოპიის, ჩატარებისთვის, რომ ექიმებს კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში დაეხმაროს.
ქირურგიული სიზუსტის ზრდა
წარმოიდგინეთ სამედიცინო სამყარო, სადაც „ოპერაციული სისტემა“ აღარ გულისხმობს მხოლოდ კომპიუტერულ ტერმინს, არამედ ის უკვე ნიშნავს მაღალტექნოლოგიურ ქირურგიას.
საინტერესოა, როგორ ზრდის რობოტული ტექნოლოგიები ქირურგიული ჩარევის სიზუსტეს. ისეთი სისტემები, როგორიცაა Intuitive-ის da Vinci და Stryker-ის Mako, ექიმებს უპრეცედენტო კონტროლსა და ვიზუალიზაციას აძლევს. ისინი იყენებენ მცირე ზომის ინსტრუმენტებს, რომლებსაც ქირურგები რობოტის მეშვეობით მართავენ და საოპერაციო არეალს გამადიდებელი ეკრანის დახმარებით დეტალურად ხედავენ. ეს შესაძლებლობები ექიმებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ რთული ოპერაციები ისეთი სიზუსტით, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო.
ამ ინოვაციების ნათელი მაგალითია 7 წლის ბიჭუნა, რისი დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც პირველი ბავშვი გახდა ქვეყანაში, ვისაც რობოტ-ასისტენტული ქირურგიული მოწყობილობით ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რის შედეგადაც პაციენტი ღვიძლის დაავადებისგან გამოჯანმრთელდა.

აღდენილი შესაძლებლობები
წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როცა მრავალი წლის შემდეგ კვლავ შეგიძლია სიარული. სწორედ ეს შეძლო კევინ პიეტმა, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ მოტოციკლით ავარიის შედეგად პარალიზებული დარჩა. 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშებზე კი მან ოლიმპიური ცეცხლი პარიზის ქუჩებში ატარა. ამის შესაძლებლობა კი მას ეგზოჩონჩხმა მისცა. ეს იყო Wandercraft-ის მიერ შექმნილი Atalante X, რომელიც მსოფლიოში პირველი და ერთადერთი თვითსტაბილიზირებადი ეგზოჩონჩხი გახდა.

ასევე, კომპანია Yrobot-მა შექმნა „მსოფლიოში პირველი კუნთოვანი ჯავშანი“. ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის შერწყმა, რომელიც წინასწარ აღიქვამს მომხმარებლის მოძრაობას და ზუსტად იმ მომენტში ეხმარება კუნთებს, როდესაც ეს საჭირო ხდება.
მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და შეძლეს რობოტული კიდურების ადამიანის ნერვულ სისტემასთან დაკავშირება. მათი მიზანია, პროთეზები გახდეს უფრო კომფორტული და საიმედო. ერთ-ერთი პაციენტი, შვედი ქალი, რომელმაც ხელი სასოფლო-სამეურნეო შემთხვევის შედეგად დაკარგა და ფანტომური კიდურის ტკივილი აწუხებდა, ამბობს, რომ ამ პროცედურამ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა.
ასეთი ტექნოლოგიები სრულად ცვლის იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებსაც სხეულის ნაწილები პარალიზებული აქვთ.
ტელემედიცინის განვითარება
რობოტიკა აქტიურად გამოიყენება ტელემედიცინის განვითარებაშიც, რაც პაციენტების დისტანციურ მკურნალობას გულისხმობს. მაგალითად, ბოსტონში დაფუძნებულმა სტარტაპმა Perceptive განაცხადა, რომ მათ შეასრულეს პირველი სრულად რობოტული სტომატოლოგიური პროცედურა. ამ ინოვაციაში გამოყენებული იყო ხელოვნური ინტელექტის მიერ მონაცემთა ანალიზი, ასევე რობოტული მკლავები და სპეციალური ხელსაწყოები.
ამასთან, შეიქმნა დისტანციურად მართვადი გადასაყლაპი ზონდი, რომელიც ექიმებს დისტანციური ენდოსკოპიის ჩატარებაში ეხმარება. Endiatx-ის მიერ შემუშავებული PillBot საშუალებას აძლევს პაციენტებს, გასტროენტეროლოგებთან კონსულტაცია საკუთარი სახლიდან გაუსვლელად გაიარონ.
ტელემედიცინის განვითარება მნიშვნელოვნად ამარტივებს სამედიცინო სერვისებზე წვდომას და ადამიანებს დროისა და რესურსების დაზოგვაში ეხმარება.
რობოტები პაციენტების რებილიტაციაში
ტექნოლოგიები აქტიურად გამოიყენება პაციენტების შემდგომი მოვლისა და რეაბილიტაციის პროცესშიც. ავსტრიის ეროვნულმა რობოტიარიუმმა (AIT) ,ავსტრიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, პილოტური კვლევა ჩაატარა. მათი მიზანი იყო დამხმარე რობოტების შექმნა ინსულტისა და ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების კიდურების რეაბილიტაციისთვის. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კვლევაა, რადგან ამჟამად ასეთი პაციენტების მხოლოდ 31% ასრულებს სრულ რეაბილიტაციის კურსს.
როგორ მუშაობს ეს რობოტი? ის პაციენტს უკავშირდება ყურსასმენის საშუალებით, რომელიც აღრიცხავს ტვინის ნეირონულ აქტივობას. ამ სიგნალების გაშიფვრით რობოტი ხვდება, რა მოძრაობის შესრულებას გეგმავს პაციენტი. შემდეგ ტექნოლოგია აძლევს პაციენტს ვერბალურ მოტივაციას ან ვიზუალურად აჩვენებს მოძრაობას. ის ასევე საბოლოოდ უზრუნველყოფს უკუკავშირს, როდესაც პაციენტი საჭირო მოძრაობას ასრულებს. ეს ინოვაციური მიდგომა რეაბილიტაციის პროცესს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.
რობოტები სამედიცინო განათლებაში
პაციენტებზე უშუალო ზრუნვის გარდა, რობოტები გამოიყენება ახალი სამედიცინო პერსონალის მოსამზადებლადაც. კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს გაფართოებული კვლევების განყოფილებამ შექმნა ჰუმანოიდი რობოტი სახელად RIA. ეს რობოტი სტუდენტებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშებში, სადაც RIA-ს წარმოდგენილია, როგორც სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტი.
ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის გამოყენებით, RIA-ს შეუძლია ადამიანის მსგავსი ემოციების გამოხატვა, რაც ექიმებს რეალური, ცხოვრებისეული სიტუაციებისთვის მზადყოფნის საშუალებას აძლევს. ეს უნიკალური შესაძლებლობა მომავალ ექიმებს ეხმარება კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაშიც.
რობოტული ტექნოლოგიები სულ უფრო ყოვლისმომცველად ინტეგრირდება თანამედროვე მედიცინაში, რაც აუმჯობესებს დიაგნოსტიკას, ზრდის ქირურგიულ სიზუსტეს, ხელს უწყობს პაციენტთა რეაბილიტაციას და აძლიერებს სამედიცინო განათლებას. ეს ინოვაციები რადიკალურად ცვლის სამედიცინო მომსახურების მიწოდების გზებს, უზრუნველყოფს პაციენტების გამოჯანმრთელების უკეთეს ხარისხს და ამცირებს მედიკოსების დატვირთვას. ცალსახაა, რომ მომავალში მედიცინის განვითარებისთვის რობოტული ტექნოლოგიები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება.
მომზადებულია World Economic Forum-ზე დაყრდნობით

