სოციალური მედიის მავნე ზეგავლენა ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გლობალურ პრობლემად იქცა. ამ გამოწვევის გადაჭრის მიზნით, ბოლო წლებში რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა განიძრახა და ციფრული პლატფორმების გამოყენებაზე მკაცრი ასაკობრივი ბარიერები დააწესა, რასაც საფუძვლად დაედო მოზარდების ე.წ „ციფრული ველური დასავლეთისგან“ დაცვის სურვილი.
ესპანეთი ავსტრალიას, საფრანგეთსა და დანიას უერთდება და 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების აკრძალავს გეგმავს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ბავშვები დღეს თავისუფალ დროს ინტერნეტსივრცეში ატარებენ, რომელიც არის ძალადობის, პორნოგრაფიისა და მანიპულაციის გარემო.
ესპანეთის მთავრობის გეგმა, ასაკობრივი შეზღუდვის დაწესებასთან ერთად, გულისხმობს სოციალური მედიის კომპანიების სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც, თუ ისინი დროულად არ წაშლიან სიძულვილის ენის შემცველ ან უკანონო კონტენტს. სანჩესის თქმით, ტექნოლოგიური გიგანტები ვეღარ დაიმალებიან „ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის“ მიღმა.
ცნობისთვის, ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტი მოიაზრებს პრინციპს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, რეგულატორი ან კანონი არ ანიჭებს უპირატესობას არც ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიას და არც ზღუდავს.
მსოფლიო მასშტაბით, ავსტრალია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 2025 წლის ბოლოს 16 წლამდე ბავშვებისთვის Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-სა და სხვა მსხვილ პლატფორმებზე წვდომა ოფიციალურად შეზღუდა.
ევროპაში საფრანგეთი და დანია ანალოგიურად გეგმავენ შეზღუდონ სოციალურ ქსელებზე წვდომა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით, კანონი 2026 წლის სექტემბრისთვის უნდა ამოქმედდეს.
რას ამბობს მეცნიერება?
ამ ქვეყნების არგუმენტაცია ეყრდნობა კვლევებს, რომლებიც ადასტურებს ეკრანთან გატარებული ჭარბი დროის უარყოფით გავლენას მოზარდების იდენტობის ჩამოყალიბებასა და მათ კოგნიტურ განვითარებაზე. საგულისხმოა, რომ ამ კვლევებში ციფრული დამოკიდებულება და კიბერბულინგი მთავარ საფრთხეებად სახელდება.
მართლაც, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ბავშვებსა და მოზარდებში სოციალური მედიის გამოყენების გაზრდა შესაძლოა კოგნიტური მაჩვენებლების გაუარესებასთან იყოს დაკავშირებული. JAMA-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ, რომელიც 9-დან 13 წლამდე ასაკის 6,554 მოზარდს მოიცავდა, აჩვენა, რომ კვლევის ის მონაწილეები, რომლებიც სოციალურ მედიას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, დაბალი ქულებით შეფასდნენ ზეპირი კითხვის, მეხსიერებისა და ლექსიკის ტესტებში.
როგორ აღსრულდება აღნიშნული შეზღუდვები?
კანონების აღსრულების მთავარი ინსტრუმენტი იქნება ასაკის გადამოწმების (Age Verification) კომპლექსური სისტემები, რომლებიც ასაკის დამოწმების უბრალო „მონიშვნის“ ღილაკს ჩაანაცვლებს.
ესპანეთი და კიდევ ხუთი ევროპული ქვეყანა კოალიციას ჩამოაყალიბებს, რათა კოორდინირებულად ებრძოლონ ე.წ ტრანსსასაზღვრო ციფრულ საფრთხეებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური კომპანიები ამ აკრძალვებს არაეფექტურს უწოდებენ და შიშობენ, რომ მოზარდები არარეგულირებად პლატფორმებზე გადაინაცვლებენ, მთავრობები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოს ჩარევა ამ სფეროში აუცილებელია მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობის დასაცავად.
წყარო: CNN

