back to top

ტვინის ფარული სტრატეგია ჰიპოგლიკემიის წინააღმდეგ

გააზიარე

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ტვინის უჯრედების კონკრეტული ჯგუფი ღამით სისხლში გლუკოზის ჯანსაღი დონის შენარჩუნებაში გვეხმარება. ჟურნალ Molecular Metabolism-ში გამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს, რომ ჰიპოთალამუსის ნეირონები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ძილის დროს სისხლში შაქრის საშიშად დაბალი დონის პრევენციაში. ამ აღმოჩენამ შეცვალა ჩვენი წარმოდგენა ტვინის როლზე მეტაბოლიზმის კონტროლში, რაც დიაბეტის სამკურნალოდ ინოვაციური მეთოდების შექმნას შეუწყობს ხელს.

კვლევის დეტალები: 

კვლევა ფოკუსირებული იყო ჰიპოთალამუსის ვენტრომედიალური ბირთვის (VMH) ნეირონებზე, ტვინის იმ რეგიონზე, რომელიც აკონტროლებს შიმშილს, ტემპერატურასა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციებს. კონკრეტულად, მეცნიერები VMHCckbr ნეირონებს სწავლობდნენ, რომლებიც შეიცავენ ქოლეცისტოკინინის b რეცეპტორს.

გუნდმა ეს ნეირონები თაგვის მოდელების გამოყენებით დროებით “გამორთო” და შემდეგ 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდნენ მათ სისხლში შაქრის დონეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ნეირონები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძილის შემდეგ პირველი საათების განმავლობაში, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს დილამდე.

სისხლში შაქრის რეგულირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიაბეტის პრევენციისა და ენერგიის ბალანსისთვის. აქამდე ცნობილი იყო, რომ ტვინი გლუკოზის დონეს მხოლოდ კრიტიკულ მომენტში აკონტროლებდა, მაგალითად, ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის საშიშად დაბალი დონე) დროს, მაგრამ გაურკვეველი იყო, თუ როგორ აკეთებდა ამას ჩვეულებრივი ყოველდღიური აქტივობებისას.

ეს კვლევა ავსებს ამ ხარვეზს და აჩვენებს, თუ როგორ ააქტიურებენ VMHCckbr ნეირონები ცხიმის დაშლის პროცესს (ლიპოლიზს), რათა წარმოქმნან გლიცეროლი, ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი გლუკოზად გარდაქმნის.  VMHCckbr ნეირონების გააქტიურებამ გაზარდა შაქრის და კეტონის დონე, რაც აჩვენებს, რომ მათი როლი იცვლება ფიზიოლოგიური საჭიროებების მიხედვით.

ეს მექანიზმი ხელს უშლის სისხლში შაქრის დონის ზედმეტად დაცემას ღამით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო მეტაბოლური ჯანმრთელობისთვის.

ამ აღმოჩენამ ახსნა, თუ რატომ უჩქარდებათ პრედიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ღამით ცხიმის წვის პროცესი. სავარაუდო მიზეზი ის არის, რომ ეს ნეირონები ზედმეტად აქტიურდებიან და სისხლში შაქრის დონეს ზედმეტად მაღლა სწევენ.

გუნდი ახლა იკვლევს, თუ როგორ კოორდინირებენ ეს და სხვა ნეირონები VMH-ში გლუკოზის რეგულირებას კვების, სტრესისა და შიმშილის დროს. მეტაბოლიზმის მაკონტროლებელი ნერვული ქსელის გაგება დიაბეტისა და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალო ახალი მეთოდების შემუშავების იმედს იძლევა, რადგან ტვინის გზებზე მიზანმიმართული ზემოქმედება გახდება შესაძლებელი.

წყარო: ScienceDirect

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები