ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მეცნიერების ახალი კვლევის თანახმად, შუა ხნის ასაკში გულის დაზიანების ნიშნების მქონე ადამიანებს შემდგომ წლებში დემენციის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ.
კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ European Heart Journal-ში, აჩვენებს, რომ შუა ხნის ასაკის ადამიანებში სისხლში კარდიალური ტროპონინ I პროტეინის მაღალი დონე დაკავშირებულია ცხოვრების შემდგომ წლებში დემენციის განვითარებასთან. მკვლევრებმა ტროპონინის მაღალი დონე დემენციის დიაგნოზის დასმამდე 25 წლით ადრეც კი აღმოაჩინეს.
ტროპონინი სისხლში გამოიყოფა, როდესაც გულის კუნთი ზიანდება. ექიმები მის ძალიან მაღალ დონეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკის დროს ამოწმებენ. თუმცა, ნორმაზე მაღალი დონე, სიმპტომების გარეშე, შესაძლოა მიუთითებდეს გულის კუნთის ჩუმად მიმდინარე დაზიანებაზე. ამ პროცესმა, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს დომინოს ეფექტი და დააზიანოს სისხლძარღვები და ტვინში სისხლის მიმოქცევა, რაც დემენციის განვითარებას უწყობს ხელს.
კვლევის შედეგები ვარაუდობს, რომ შუა ხანის ასაკში გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის უარყოფითი მდგომარეობა ზრდის დემენციის რისკს. დემენციის დროს ტვინის დაზიანება სიმპტომების გამოვლენამდე ათწლეულების განმავლობაში ნელა მიმდინარეობს.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო თითქმის 6,000 ადამიანმა. მონაწილეებს ჩაუტარდათ მაღალი მგრძნობელობის ტროპონინის ტესტი 45-დან 69 წლამდე ასაკში. ამ დროს არცერთ მათგანს არ ჰქონდა დემენცია ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება. კვლევის მონაწილეებს საშუალოდ 25 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
კვლევის შედეგების მიხდვით, ადამიანებს, რომლებსაც კვლევის დასაწყისში ტროპონინის ყველაზე მაღალი დონე აღენიშნებოდათ, დემენციის განვითარების 38%-ით მაღალი შანსი ჰქონდათ. ტროპონინის მაღალი დონის მქონე პირებში დაფიქსირდა აზროვნების, მეხსიერებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების უფრო სწრაფი დაქვეითება. 80 წლის ასაკში მათი მენტალური შესაძლებლობები თითქმის წელიწადნახევრით უფროსი ადამიანების შესაძლებლობების ექვივალენტური იყო.
მკვლევრებმა 641 მონაწილის ტვინის MRI სკანირებაც შეისწავლეს. ტროპონინის მაღალი დონის მქონე პირებს 15 წლის შემდეგ აღენიშნებოდათ უფრო მცირე ჰიპოკამპი და ნაცრისფერი ნივთიერების მცირე მოცულობა. ტვინის სკანირების ეს მაჩვენებლები დაახლოებით სამი წლით უფროსი ადამიანის ტვინის ეკვივალენტური იყო.
UCL-ის კვლევა ცხადყოფს, რომ შუა ხნის ასაკში გულის დაზიანების მაჩვენებელი (ტროპონინის მაღალი დონე) მნიშვნელოვნად ზრდის შემდგომ წლებში ვასკულარული დემენციის რისკს, რაც გამოწვეულია გულის პრობლემებით გამოწვეული სისხლძარღვების და ტვინში სისხლის მიმოქცევის დაზიანებით.
ეს მექანიზმი ხაზს უსვამს ჰიპერტენზიის (მაღალი წნევა) მართვის სასიცოცხლო მნიშვნელობას, რადგან ის არის მთავარი რისკ-ფაქტორი, რომელიც იწვევს როგორც გულის, ისე ტვინის სისხლძარღვების დაზიანებას. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კარდიოვასკულური რისკ-ფაქტორების გაუმჯობესებით, შესაძლებელია დემენციის შემთხვევების 17%-ის პრევენცია ან დაყოვნება, რაც მიუთითებს, რომ გულზე ზრუნვა ტვინის დაცვის საუკეთესო გზაა.
წყარო: European Heart Journal

