სტერეოტაქტიკური რადიოქირურგია (SRS) არის არაინვაზიური, ზუსტი მკურნალობის მეთოდი ნეიროქირურგიაში. რადიოქირურგიული მედიცინა იყენებს რადიოაქტიურ გამა სხივებს თავის ტვინში კონკრეტული პათოლოგიური უბნების სამკურნალოდ. სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიის ბრწყინვალე მაგალითია Gamma Knife, რომელიც თავის ტვინის ქირურგიული ჩარევისგან განსხვავებით არაინვაზიური ალტერნატივაა რთულად ხელმისაწვდომი და არაოპერირებადად მიჩნეული თავის ტვინის სიმსივნეებისა და მალფორმაციების მკურნალობიასთვის და არამხოლოდ, ის ასევე ეფექტურად გამოიყენება ფსიქიატრიის დარგში მაგალითად ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა დეპრესია, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, ნერვული ანორექსია.
1940 წელს Gamma Knife-ის შექმნის იდეა შვედ ნეიროქირურგს, ლარს ნექსელს გაუჩნდა. წლებთან ერთად რადიოქირურგია დაიხვეწა და 2023 წლიდან შვედურმა კომპანია Elekta-მ გამოუშვა მოდელი ESPRIT, რომელშიც ინტეგრირებულია მინიმალური დასხივების მქონე cone beam computed tomography (CBCT). სწორედ ამ მოდელის საშუალებით შემცირდა პროცედურის ხანგრძლივობის დრო და გაიზარდა სტერეოტაქტიკური რადიოქირუსგიის სიზუსტე. Gamma Knife ESPRIT დღეს ხელმისაწვდომია კლინიკა ავერსში და აქტიურად გამოიყენება პაციენტების სამკურნალოდ.
სტერეოტაქტიკური რადიოქირურგია მოქმედებს სამიზნე უჯრედების დნმ-ის დაზიანებით. დაზიანებული უჯრედები კარგავენ რეპროდუქციის უნარს, რაც იწვევს სიმსივნის შემცირებას. Gamma Knife დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს ორგანიზმის უნარს ჩაერთოს პათოლოგიური უჯრედების აპოპტოზში და ამისთვის გამოიყენოს იმუნური და ვასკულარული მექანიზმები. მაღალი დოზით გამა გამოსხივება იწვევს კიბოს საწინააღმდეგოდ სპეციფიკური ანტიგენების წარმოქმნას ორგანიზმში, ამდროს იზრდება T ლიმფოციტების რაოდენობა და ძლიერდება ორგანიზმის დამცველობითი ბარიერი. მკურნალობის შედეგები დამოკიდებულია ორგანიზმის სისტემურ მდგომარეობაზე და CD8 ციტოტოქსიკური T უჯრედების პასუხზე, რომლებიც სენსიტიურია რადიაციაზე.
Gamma Knife- ით უკვე 2 მილიონზე მეტი სხვადასხვა ონკოლოგიური, ფსიქიატრიული, ნევროლოგიური და სისხლძარღვოვანი დაავადებების მქონე პაციენტები განიკურნენ. რაც შეეხება Gamma Knife ESPRIT-ს, ამ ტენქოლოგიის ინოვაცია თავის ტვინის პრაქტიკულად ყველა ახალი წარმონაქმნის(ზომის მიუხედავად) მკურნალობის შესაძელობაშია.
Gamma Knife-ით მკურნალობენ :
- თავის ტვინის კეთილთვისებიან სიმსივნეებს (სმენის ნერვის ნევრინომა, მენინგიომა, კრანიოფარინგიომა, ჰიპოფიზის ადენომა, ჰემანგიობლასტომა, გლომუსის სიმსივნე);
- თავის ტვინის ავთვისებიან სიმსივნეებს (გლიობლასტომა, თავის ტვინის მეტასტაზები, გლიომები, ჰემანგიოპერიციტომა, ქონდროსარკომა, ნაზოფარინგეალური კარცინომა, ბავშვთა ტვინის სიმსივნეები და სხვა ავთვისებიანი სიმსივნეები);
- სამწვერა ნერვის ნევრალგიას;
- კავერნომას;
- ტვინის არტერიოვენურ მალფორმაციას;
- ნებისმიერ სიმსივნეს, რომელიც გავლენას ახდენს თავის ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე;
- ეპილეფსიის გარკვეულ ფორმებს;
- ესენციურ ტრემორს.
კლინიკა ავერსის მიერ გამართულ Gamma Knife Radiosurgery სიმპოზიუმზე, მედსკრიპტუმი გაესაუბრა პროფესორ ჟან რეჟის, რომელიც ფრანგი აკადემიკოსი და ნეიროქირურგია ტიმონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში. ის ამჟამად სტერეოტაქტიკური, ფუნქციური ნეიროქირურგიისა და რადიოქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს. ინტერვიუში პროფესორი ჟანი საუბრობს Gamma Knife-ის მნიშვნელოვან როლზე თანამედროვე მედიცინაში და ცოცხალ მაგალითზე, როდესაც Gamma Knife-მა პაციენტის ცხოვრება შეცვალა.
როგორ აუმჯობესებს Gamma Knife რადიოქირურგია პაციენტების ცხოვრების ხარისხს მისი ძირითადი მიზინის, დაავადების მკურნალობის მიღმა?
Gamma Knife Radiosurgery მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს. მრავალი მძიმე ნევროლოგიური დაავადების მქონე პაციენტი იტანჯება ტრემორით, რეფრაქტორული ეპილეფსიური შეტევებით ან ფსიქიატრიული აშლილობით, რომლებიც მნიშნვნელოვნად ზღუდავს პაციენტების ქმედით და კოგნიტურ უნარებს. პათოლოგიურ უბანზე გამა გამოსხივების დამიზნებით და მიმდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით, Gamma knife ამცირებს სიმპტომებს და აუმჯობესებს პაციენტების ჯანმრთელობას. ფიზიკური თვალსაზრისით, ტრემორის ამპლიტუდის შემცირება და ეპილეფსიური შეტევების სიხშირის კლება აუმჯობესებს მოტორულ სტაბილურობას, უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას ყოველდღიურ საქმიანობაში. ფუნქციური თვალსაზრისით, სიმპტომების რეგრესია პაციენტებს აძლევს საშუალებას კვლავ ჩაერთონ ოჯახურ ცხოვრებაში და ხშირად დაუბრუნდნენ პროფესიულ საქმიანობას.
რამდენად ხშირია დაავადების რეციდივი Gamma Knife რადიოქირურგიის შემდეგ და რამდენად აუცილებელია მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი?
რეციდივის სიხშირე გამა ნაიფ რადიოქირურგიის შემდეგ მნიშვნელოვნად განსხვავდება დაავადების პათოლოგიის ტიპის მიხედვით. მკურნალობის ობიექტი; ეს იქნება ტრიგემინალური ნევალგია, ეპილეფსია, ფსიქიატრიული სინდრომები, სიმსივნეები ან მოძრაობის დარღვევები, განსაზღვრავს როგორც კლინიკურ შედეგებს, ისე რეციდივის ალბათობას. შესაბამისად, თითოეულ დაავადებას საკუთარი, სპეციალურად განსაზღვრული კლინიკური და რადიოლოგიური მონიტორინგის სქემა აქვს. შესაბამისად, რეციდივის ზუსტი შეფასება და მონიტორინგის სქემა პირდაპირ დამოკიდებულია პათოლოგიის ტიპსა და ინდივიდუალურ რისკ-ფაქტორებზე. მკურნალობისას უპირველესი მიზანია ეფექტური კონტროლი, მინიმალური ტოქსიკურობა და საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირება.
როგორი მომავალი აქვს ფუნქციური ნეიროქირურგიაში Gamma Knife-ს და თქვენი გამოცდილებიდან, რომელი სამედიცინო შემთხვევა გახსენდებათ ყველაზე მეტად, რომელშიც Gamma Knife–მა გადამწყვეტი როლი შეასრულა პაციენტის გაუმჯობესებაში?
ვფიქრობ, ფუნქციურ ნეიროქირურგიაში Gamma Knife-ს ნათელი მომავალი აქვს, რადგან არსებობს მრავალი ჩვენება, სადაც იგი შეიძლება გამოვიყენოთ. ის უზრუნველყოფს პოზიტიურ კლინიკურ შედეგებს, ნაკლებ ინვაზიურობას და ტოქსიკურობას. Gamma Knife-ის გამოყენების გამოცდილებებს შორის, განსაკუთრებით გამოვარჩევდი ერთ ახალგაზრდა გოგონას შემთხვევას ახალი ზელანდიიდან. მას ჰქონდა მძიმე კრუნჩხვები და თანმხლები კოგნიტური დაქვეითება ჰიპოთალამური ჰამარტომის გამო. Gamma Knife Radiosurgery-ის ჩატარების შემდეგ მისი ცხოვრება სრულად შეიცვალა და გოგონა დაუბრუნდა ნორმალურ კოგნიტურ შესაძლებლობებს. მას შეეძლო თავისუფლად მეტყველება, კომუნიკაცია და ყოველდღიური ქცევა. ეს შემთხვევა ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშნველოვანი როლი აქვს გამა ნაიფს ნეიროქირურგიაში.
რამდენად ხშირად გვხვდება რადიაციული ნეკროზი Gamma Knife რადიოქირურგიის შემდეგ?
რადიაციული ნეკროზის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ეპილეფსიის, სამწვერა ნერვის ნევრალგიიისა და ფსიქიატრიული პრობლემების მკურნალობის პროცესში. ჯამურად ძალიან მცირე მაჩვენებელი, 7%-ია დაფიქსირებული რადიაციული ნეკროზის ტრემორისა და პროპრიოცეფციული ატაქსიის მკურნალობისას, რომელიც არის მთავარი უნარშეზღუდულობა იმ პაციენტებში, რომლებსაც კორდინაციისა და მოძრაობის პრობლემები აქვთ.
რა საშუალებები არსებობს იმისათვის რომ შემცირდეს რადიაციის შემდგომი ნეკროზი?
რადგან ნეკროზული დაზიანება ძალიან იშვიათი გამოვლინება რადიოქირურგიაში, ასეთ პაციენტებს ჩვენ ვთავაზობთ რეაბილიტაციას ჰიპერბარული ჟანგბადის თერაპიით, რომელმაც წარმატებული შედეგები აჩვენა კვლევებში.
რა მნიშვნელობა აქვს Gamma Knife კონფერენციებს სტერეოტაქტიკური რადიოქირურგიის სფეროში?
ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას და ზრდის სამედიცინო პერსონალის ცნობიერებას სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მიღწევებისა და ინოვაციების შესახებ.მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიებისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებას, დოკუმენტირებული შედეგებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას, რაც უწყვეტი განვითარების უალტერნატივო მეთოდია სამედიცინო სფეროში.
წყარო:

