ხელოვნურმა ინტელექტმა ექიმებს დიაგნოსტიკაში აჯობა

გააზიარე

ხელოვნური ინტელექტის წყალობით მედიცინაში ახალი ეპოქა იწყება, რომელშიც სამედიცინო დიაგნოსტიკა ბევრად უფრო ზუსტი და ხელმისაწვდომი იქნება.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტმა დაავადებების დიაგნოსტიკაში ექიმებზე უკეთესი შედეგები აჩვენა. კომპანიის მიერ arXiv-ზე გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პროგრამამ სახელწოდებით MAI-DxO, რთული სამედიცინო შემთხვევების 85 პროცენტში სწორად დასვა დიაგნოზი, რაც ოთხჯერ უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე ექიმების საშუალო სტატისტიკური 20%-იანი მაჩვენებელი.

კვლევა მოიცავდა 300 რთულ კლინიკურ შემთხვევას, რომელთა დიაგნოსტირება ხშირად ყველაზე გამოცდილ ექიმებსაც  უჭირთ. ამ ტესტს ერთდროულად გადიოდა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტი და 21 პრაქტიკოსი ექიმი აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ინოვაციურმა ალგორითმმა შეძლო არა მხოლოდ უმაღლესი სიზუსტით დაესვა დიაგნოზები, არამედ 20%-ით შეამცირა სამედიცინო ტესტების ხარჯიც.

MAI-DxO იმეორებს ექიმების მიდგომას. ის თავად სვამს შეკითხვებს, ითხოვს დამატებით ინფორმაციას და დიაგნოზის დასასმელად ეტაპობრივად იღებს გადაწყვეტილებას. პროგრამა აერთიანებს წამყვან AI მოდელებს (GPT, Claude, Gemini და სხვ.), რაც მას მრავალმხრივი ანალიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.

დოქტორი ერიკ ტოპოლი, Scripps Research-ის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სიზუსტის ოთხჯერ გაზრდა საოცარია, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

ამ ეტაპზე MAI-DxO მხოლოდ კვლევებისთვის გამოიყენება და კლინიკებში ჯერ არ არის დანერგილი. თუმცა, მისი პოტენციალი საშუალებას იძლევა შემცირდეს ექიმების შეცდომები, გაიზარდოს დიაგნოზის სიზუსტე და მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელი, მუსთაფა სულეიმანი, ამბობს: „ეს შედეგები გვაჩვენებს მომავალს, სადაც უმაღლესი დონის დიაგნოსტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და, რაც მთავარია, წარმოუდგენლად დაბალ ფასად.“

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ MAI-DxO-ს მთავარი გამოცდა რეალურ გარემოში გაიმართება, თუმცა ამისთვის ჯერ მასშტაბური კლინიკური კვლევები და მარეგულირებელი ორგანოების მხარდაჭერა არის საჭირო.

თუ ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები პრაქტიკაშიც გაამართლებს, ეს შესაძლოა გლობალურ მედიცინაში გარდამტეხი მოვლენა გახდეს. დიაგნოსტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობს ადამიანი და რა შემოსავალი აქვს მას.

წყარო: ჟურნალი “Arxiv”

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები