ფარმაცევტული გიგანტი Novo Nordisk-ი მიმდინარე წელს შემოსავლების მკვეთრ შემცირებას პროგნოზირებს, რაც კომპანიის აქციების ფასის 17%-იან ვარდნაში უკვე აისახა. კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ვარდნას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან წამლების ფასების შემცირებაზე განხორციელებულ „მტკივნეულ“ ზეწოლას და გაზრდილ კონკურენციას უკავშირებს. შედეგად, მრავალწლიანი ორნიშნა ზრდის შემდეგ, წელს გაყიდვების 5%-დან 13%-მდე კლებაა მოსალოდნელი.
ფასების კლება განსაკუთრებით შეეხო პოპულარულ პრეპარატებს, Ozempic-სა და Wegovy-ს. თეთრ სახლთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ამ მედიკამენტების ყოველთვიური ღირებულება 1000 დოლარიდან საშუალოდ 350 დოლარამდე შემცირდა. გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ინდოეთში, პრეპარატების ძირითად ინგრედიენტზე პატენტის ვადა ამოიწურა, რაც სხვა მწარმოებლებს საშუალებას აძლევს ბაზარზე გაცილებით იაფი, ანალოგიური მედიკამენტები გამოიტანონ.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ დუსტდარი, 2026 წელს „უპრეცედენტო საფასო წნეხის“ პერიოდად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, დაბალი ფასები მოთხოვნას ზრდის, რასაც ადასტურებს Wegovy-ს ახალი აბების წარმატებული ჩაშვება აშშ-ს ბაზარზე. იანვრის ბოლოსთვის ამ პრეპარატზე კვირაში უკვე 50 000 რეცეპტი იწერებოდა. ყოველივე ეს კომპანიას იმედს აძლევს, რომ გაზრდილი გაყიდვების მოცულობით ფინანსურ დანაკარგებს ნაწილობრივ აინაზღაურებს.
Novo Nordisk-ის მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება მისი მთავარი კონკურენტის, Eli Lilly-სგან, რომლის აქციებიც, პირიქით, გაიზარდა. Eli Lilly-მ გასულ წელს 1 ტრილიონი დოლარის ღირებულებას მიაღწია და წელს გაყიდვების 45%-იან ზრდას ელოდება. კომპანიის პრეპარატი Mounjaro, კლინიკური კვლევების მიხედვით, წონის კლების კუთხით უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე დანიური კონკურენტის ნაწარმი, რამაც Eli Lilly-ს ბაზარზე უპირატესობა მოუტანა.
წყარო: The Guardian

