ბონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკური კრიზისის დროს საკვებ პროდუქტებზე ფასების მკვეთრ მატებას ბავშვების ჯანმრთელობაზე გრძელვადიანი და მძიმე გავლენა აქვს. მეცნიერებმა 90-იანი წლების აზიის ფინანსური კრიზისის მაგალითზე დაადგინეს, რომ ბრინჯზე ფასების ზრდამ ინდონეზიაში ბავშვების ფიზიკური განვითარების შეფერხება გამოიწვია.
კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალში Global Food Security გამოქვეყნდა, ფასების შოკმა არასათანადო კვების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზარდა. აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროს სურსათის გაძვირება პირდაპირ კავშირშია ბავშვებში ზრდის შეფერხებასთან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვები, რომლებმაც ადრეულ ასაკში განიცადეს საკვები ნივთიერებების დეფიციტი, ზრდასრულობაში არა მხოლოდ დაბლები დარჩნენ, არამედ სიმსუქნისკენ მიდრეკილებაც გამოავლინეს. მეცნიერები ამას “ფარული შიმშილით” ხსნიან: კრიზისის დროს ოჯახები უარს ამბობენ ძვირადღირებულ, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ პროდუქტებზე და გადადიან იაფფასიან, მაღალკალორიულ საკვებზე, რაც აფერხებს ზრდას, თუმცა წონის მატებაზე აისახება.
კვლევამ გამოკვეთა, რომ ფასების ზრდა ყველაზე მძიმედ ქალაქში მცხოვრებ ოჯახებზე აისახება, რადგან ისინი სრულად არიან დამოკიდებულნი ბაზარზე, განსხვავებით სოფლად მცხოვრები მოსახლეობისგან, რომელთაც საკუთარი მეურნეობა გააჩნიათ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა დედის განათლების დონე. დაბალი განათლების მქონე მშობლების შვილები გაცილებით უფრო მოწყვლადნი აღმოჩნდნენ კვების ხარისხის გაუარესების მიმართ.
მეცნიერები მოუწოდებენ სახელმწიფოებს, რომ დახმარების პროგრამები მხოლოდ სიღარიბის ზღვარზე მყოფ ოჯახებზე არ იყოს ორიენტირებული. მნიშვნელოვანია “ნუტრიციულად მგრძნობიარე” პოლიტიკის გატარება, რომელიც ბავშვებს განვითარების კრიტიკულ ეტაპზე დაიცავს.
თუ სურსათის პოლიტიკა მხოლოდ კალორიების რაოდენობაზე იქნება ფოკუსირებული და არა საკვების ხარისხზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ შეუქცევად დაზიანებას, როგორიცაა გონებრივი განვითარების შეფერხება და ქრონიკული დაავადებების რისკის ზრდა.
მსოფლიოში არსებული კონფლიქტებისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანი გაფრთხილებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება ეკონომიკური რყევები მომავალი თაობების ჯანმრთელობზე უარყოფითად აისახოს.
წყარო: ScienceDirect

