ტექსასის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის (UTHealth Houston) ახალი კვლევის თანახმად, 65 წლისა და უფროსი ასაკის პირებში გრიპის მაღალდოზიანი ვაქცინის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების ალბათობას. სამეცნიერო ნაშრომი ჟურნალ Neurology-შ გამოქვეყნდა.
გრიპის მაღალდოზიანი ვაქცინა (High-Dose) გულისხმობს სპეციალურ ფორმულას, რომელიც სტანდარტულ აცრასთან შედარებით ოთხჯერ მეტ ანტიგენს (ვირუსის აქტიურ კომპონენტს) შეიცავს. ეს პრეპარატი სპეციალურად 65 წლისა და უფროსი ასაკის პირებისთვისაა შექმნილი, რადგან ასაკის მატებასთან ერთად იმუნური სისტემის რეაგირების უნარი ბუნებრივად ქვეითდება.
ჯერ კიდევ 2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გრიპის სტანდარტული ვაქცინაცია ალცჰაიმერის რისკს 40%-ით ამცირებდა. თუმცა, უახლესმა ანალიზმა, რომელიც 200 000-მდე მონაწილის მონაცემებს ეყრდნობა, გამოავლინა, რომ მაღალდოზიანი ვაქცინის შემთხვევაში დამცველობითი ეფექტი გაცილებით მაღალია და 55%-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის პრევენციული გავლენა განსაკუთრებით ძლიერი ქალებში აღმოჩნდა.
65 წლის ასაკიდან ადამიანის იმუნური სისტემა ნაკლებად ეფექტურად რეაგირებს ინფექციებზე. სწორედ ამიტომ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) ხანდაზმულებისთვის რეკომენდაციას უწევს სპეციალურ ვაქცინას, რომელიც სტანდარტულზე ოთხჯერ უფრო ძლიერია. ექსპერტების შეფასებით, მაღალდოზიანი პრეპარატების დეფიციტის გამო, ბევრი ხანდაზმული კვლავ სტანდარტულ დოზას იღებს, რაც მათ დამატებითი დაცვის გარეშე ტოვებს.
ალცჰაიმერის დაავადება დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომლითაც 2025 წლის მონაცემებით მხოლოდ აშშ-ში 7 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. პროგნოზების მიხედვით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდება. მეცნიერების განმარტებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არა მხოლოდ ვირუსული გართულებებისგან იცავს პაციენტებს, არამედ წარმოადგენს ხელმისაწვდომ და ეფექტურ სტრატეგიას ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენციისთვის.
წყარო: Neurology

