მეცნიერებმა რევოლუციური სენსორი შექმნეს, რომელიც თავის ტრავმების დიაგნოსტირების სტანდარტს ცვლის

გააზიარე

მეცნიერებმა შექმნეს ფრჩხილის ზომის ინოვაციური სენსორი, რომელსაც თავის არეში მიყენებული სახიფათო დარტყმების მომენტალური იდენტიფიცირება შეუძლია. კვლევა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, მიზნად ისახავს უსაფრთხოების მონიტორინგის სტანდარტების ფუნდამენტურ ცვლილებას სპორტში, ავტოინდუსტრიასა და სხვა მაღალი რისკის შემცველ სფეროებში.

როგორ მუშაობს ტექნოლოგია?

KAUST-ის (მეფე აბდულას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი) მეცნიერების მიერ შემუშავებული მოწყობილობა ჭკვიანი დეტექტორის პრინციპით მუშაობს. არსებული ანალოგებისგან განსხვავებით, რომლებიც მუდმივად საჭიროებენ ენერგიას და სწრაფად ამოწურავენ ელემენტს, ეს სენსორი პასიურ რეჟიმშია და საერთოდ არ მოიხმარს ენერგიას მანამ, სანამ დარტყმა არ მოხდება.

ძლიერი დარტყმის დროს, ჩიპის შიგნით არსებული მასა კონტაქტში შედის ელექტროდებთან, რაც წრედს კრავს და მოწყობილობას ააქტიურებს.

მოწყობილობის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ყოვლისმომცველი (360-გრადუსიანი) სიზუსტეა. სენსორი ისეა დაპროექტებული, რომ დარტყმას ნებისმიერი კუთხიდან და მიმართულებიდან აღიქვამს. ეს ნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდის იმპულსი, გვერდიდან, ზემოდან თუ წინიდან, სისტემა მას მომენტალურად აფიქსირებს.

ამასთანავე, სენსორი აღჭურვილია მრავალდონიანი კონტროლის მექანიზმით. მასში ჩაშენებული სპეციალური ელექტროდები მოწყობილობას საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან მკაფიოდ განასხვავოს უბრალო, უსაფრთხო დარტყმა და სერიოზული, სიცოცხლისთვის სახიფათო ტრავმა. ეს ფუნქცია გამორიცხავს ცრუ განგაშს და ყურადღებას მხოლოდ რეალურ საფრთხეზე ამახვილებს.

ტექნოლოგიის კიდევ ერთი გამორჩეული მხარე მისი კომპაქტურობაა. ფრჩხილის ზომის კორპუსი საშუალებას იძლევა, სენსორი მარტივად დამაგრდეს ნებისმიერ აქსესუარზე: იქნება ეს სპორტული ჩაფხუტი, სათხილამურო სათვალე, სამშენებლო მუზარადი თუ სხვა.

პროექტის სამომავლო გეგმები

პროექტის ავტორის, ელექტრომექანიკოს იუსეფ ალგოსისთვის ეს ტექნოლოგია მხოლოდ სამეცნიერო მიღწევა არ არის. 2018 წელს იუსუფმა ძმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგა. ალგოსის შეფასებით ექიმებმა თავის ტრავმისა და შინაგანი სისხლდენის დიაგნოსტირება დააგვიანა. ამ სამწუხარო ამბავმა გამომგონებელს ახალი იდეისაკენ უბიძგა.

 სენსორი ერთგვარი „უსაფრთხოების ღვედია ტვინისთვის“, რომელიც ადამიანს ყველაზე კრიტიკულ მომენტში იცავს.ლაბორატორიულმა კვლევებმა უკვე დაადასტურა, რომ სენსორი უშეცდომოდ რეაგირებს იმ სიმძლავრის დარტყმებზე, რომლებიც ტვინის შერყევას იწვევს. ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით, მომდევნო ეტაპზე მეცნიერები მოწყობილობას ავარიის სატესტო მანეკენებზე გამოსცდიან, რათა დაადგინონ, როგორ მუშაობს ის რეალურ, კომპლექსურ პირობებში. 

პროდუქტის საბოლოო ვერსიას შეეძლება დარტყმისთანავე გაგზავნოს მყისიერი შეტყობინება მობილურ აპლიკაციაში, გამოსცეს ხმოვანი სიგნალი ან ინფორმაცია ავტომატურად მიაწოდოს მწვრთნელებს, მშობლებსა და მაშველებს. ტექნოლოგიაზე პატენტი უკვე გაცემულია და მკვლევართა ჯგუფი ამჟამად პარტნიორებთან ერთად მისი კომერციალიზაციის გზებს ეძებს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები