194 წლის ჯონათანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ხმელეთის ცხოველია. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა გენეტიკური თავისებურებები შეიძლება ეხმარებოდეს ამ გიგანტურ კუს სიცოცხლის უჩვეულოდ ხანგრძლივად შენარჩუნებაში.
ჯონათანი დაახლოებით 1832 წელს სეიშელის კუნძულებზე გამოიჩეკა. 1882 წელს იგი საჩუქრად გადასცეს სამხრეთ ატლანტის ოკეანეში მდებარე წმინდა ელენეს კუნძულის გუბერნატორს. მას შემდეგ კუ Plantation House-ის, გუბერნატორის ოფიციალური რეზიდენციის, ტერიტორიაზე ცხოვრობს.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფში ამერიკული ორგანიზაცია კალელის (Kallēl) და ვანდერბილტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებიც შედიოდნენ. მათ ჯონათანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან დნმ-ის ნიმუში აიღეს და შეისწავლეს როგორც მისი გენომი — გენეტიკური ინფორმაციის ერთობლიობა, ისე ეპიგენომი — გენების აქტივობის მარეგულირებელი.
იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს ჯონათანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მეცნიერებმა მისი ეპიგენეტიკური მონაცემები იმავე სახეობის ოთხი კუს მონაცემებს შეადარეს. მათ ყურადღება გაამახვილეს დნმ-ის მეთილირებაზე — ეპიგენეტიკურ პროცესზე, რომელიც გენების აქტივობის რეგულაციაში მონაწილეობს და ერთგვარი „ჩამრთველის“ ფუნქციას ასრულებს. ასაკის მატებასთან ერთად დნმ-ის მეთილირების ნიმუშები იცვლება, რამაც შესაძლოა გენების მუშაობაზეც იმოქმედოს. ჯონათანის შემთხვევაში, მიტოქონდრიების ფუნქციასა და რნმ-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული გენების მარეგულირებელ უბნებში მეთილირების დაბალი ენტროპია გამოვლინდა.
ზოგადად, ენტროპია ქაოსისა და დეორგანიზაციის ხარისხს ზომავს, ხოლო ამ კონტექსტში მეთილირების ენტროპია დნმ-ის მეთილირების ნიმუშების ცვალებადობას ახასიათებს. შესაბამისად, დაბალი ენტროპია მიუთითებს, რომ ჯონათანის უჯრედებში, აღნიშნულ უბნებში, მეთილირების სურათი შედარებით ნაკლებად ცვალებადი და სტაბილური დარჩა (თუმცა კვლევამ მთლიან გენომში ასაკთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც გამოავლინა).
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რნმ-ის გამართული დამუშავება და მიტოქონდრიების სტაბილური ფუნქციონირება დღეგრძელობას შეიძლება უკავშირდებოდეს, რადგან რნმ-ის დამუშავება უჯრედული ინსტრუქციების სიზუსტეს უწყობს ხელს, ხოლო მიტოქონდრიები უჯრედის ენერგეტიკულ სტაბილურობაში მონაწილეობს, მაგრამ ამ მექანიზმების პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი გავლენა ჯონათანის ხანგრძლივ სიცოცხლეზე დადასტურებული არ არის.
დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, კონკრეტულად რა როლი აქვს ამ გენეტიკურ თავისებურებებს ჯონათანის სიცოცხლის ხანგრძლივობაში.
გარდა ამისა, მეცნიერებმა ჯონათანის გენომში 287 უნიკალური გენეტიკური ვარიანტი აღმოაჩინეს. მათი ნაწილი გამოვლინდა გენებში, რომლებიც ისეთ ბიოლოგიურ პროცესებში მონაწილეობენ, როგორიცაა, მაგალითად, დნმ-ის დაზიანების აღდგენა, ტელომერების (ქრომოსომების დამცავი ბოლოების) სიგრძის რეგულაცია, ანთების კონტროლი, ინსულინის ცვლა და სიმსივნის სუპრესია. ამასთან, კვლევამ გამოავლინა პერფორინის გენის 10 ასლი (ცილის, რომელსაც იმუნური უჯრედები დაზიანებული და პოტენციურად სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად იყენებს), მაგრამ გენის ასლების სიმრავლე ავტომატურად არ ადასტურებს, რომ ჯონათანს უფრო ეფექტიური იმუნური დაცვა აქვს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს მიგნებები დაბერების საწინააღმდეგო მზა მკურნალობის მეთოდის აღმოჩენას არ ნიშნავს, მაგრამ ჯონათანის გენომისა და ეპიგენომის შესწავლა მეცნიერებს ეხმარება, უკეთ გაიგონ, რა ბიოლოგიური მექანიზმები შეიძლება მონაწილეობდეს სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნებაში. დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ამ მექანიზმების გამოყენება ადამიანებში ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობის გასაზრდელად.
წყარო: ScienceAdvances

