რამდენად დაცულია ჩვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები ციფრულ ეპოქაში?

გააზიარე

ავტორი: ანი მიქიაშვილი – Legal Concept-ის ტრენინგ ცენტრის მოწვეული ტრენერი;  ჯანდაცვის სფეროს პრაქტიკოსი იურისტი.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და მათი შემდგომი გამოყენება ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს სამედიცინო სამართლის, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ციფრული ინოვაციების გადაკვეთის სფეროში. განსაკუთრებით აქტუალურია შემთხვევები, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიზნით შეგროვებული მონაცემები შემდგომ გამოიყენება კვლევის, ანალიტიკის ან ტექნოლოგიური განვითარებისათვის.

როგორც ევროპული, ისე ქართული სამართალი განსაკუთრებულ დაცვას უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მონაცემებისათვის, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებისთვის. GDPR-ის მე-9 მუხლის მიხედვით, ჯანმრთელობის მონაცემების დამუშავება აკრძალულია, თუ არ არსებობს სპეციალური სამართლებრივი საფუძველი, როგორიცაა მკაფიო თანხმობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნები ან სამეცნიერო კვლევა შესაბამისი დაცვის მექანიზმების არსებობის შემთხვევაში.

ანალოგიური პრინციპი დადგენილია საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონით, რომლის მიხედვითაც მონაცემები უნდა შეგროვდეს მხოლოდ კონკრეტული და წინასწარ განსაზღვრული მიზნებისთვის, ხოლო მათი გამოყენება დაუშვებელია თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი ფორმით.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანი ვალდებულებები ეკისრება დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირს, მათ შორის: მონაცემთა დამუშავების კანონიერების უზრუნველყოფა, მიზნობრიობის პრინციპის დაცვა, მონაცემთა უსაფრთხოების შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღება და მეორადი გამოყენების შემთხვევაში მიზნების თავსებადობის შეფასება (compatibility assessment).

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა განსხვავებულ განმარტებებს იძლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. საქმეში Lindenapotheke (C-21/23, 2024) სასამართლომ აღნიშნა, რომ ინფორმაცია, რომელიც შესაძლებელს ხდის პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნის გაკეთებას, ასევე უნდა ჩაითვალოს ჯანმრთელობის მონაცემად და შესაბამისად დაექვემდებაროს განსაკუთრებულ სამართლებრივ დაცვას. ხოლო საქმეში Meta Platforms v Bundeskartellamt (C-252/21, 2023) სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ფართომასშტაბიანი მონაცემთა დამუშავება უნდა განხორციელდეს GDPR-ის პრინციპების სრული დაცვით, მათ შორის მიზნის შეზღუდვისა და პროპორციულობის პრინციპების გათვალისწინებით.

საქართველოსთვის აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ჯანდაცვის სექტორის სწრაფი დიგიტალიზაციის, ელექტრონული სამედიცინო სისტემების განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების ზრდის ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა ძირითადად იზიარებს ევროპული მონაცემთა დაცვის პრინციპებს, პრაქტიკაში კვლავ გამოწვევად რჩება ჯანმრთელობის მონაცემების შემდგომი გამოყენების სამართლებრივი შეფასება, მიზნების თავსებადობის განსაზღვრა და შესაბამისი დაცვის მექანიზმების ეფექტიანი დანერგვა.

ოპ-ედი (Op-ed ) არასარედაქციო კატეგორიაა, სადაც ავტორები საკუთარ იდეებსა და პოზიციებს გვიზიარებენ. ამ ფორმატში გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს მხოლოდ ავტორის მოსაზრებას და,შესაძლოა, არ დაემთხვეს რედაქციის ხედვას.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები