სოციალური უთანასწორობა და ქალთა ჯანმრთელობა: რატომ დგება მენოპაუზა ნაადრევად?

გააზიარე

რამდენად არის დამოკიდებული ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობა მის სოციალურ სტატუსზე?

მენოპაუზას ხშირად გენეტიკურად წინასწარგანსაზღვრულ მოცემულობად მივიჩნევთ, თუმცა რეალობა გაცილებით კომპლექსურია: ბიოლოგიური პროცესები იზოლირებულად არ მიმდინარეობს. ეს ეტაპი იმ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ასახვაა, სადაც ქალისთვის განათლება, ფინანსური სტაბილურობა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა გადამწყვეტ როლს ასრულებს.

ჟურნალ „BMJ Global Health“-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ, რომელიც 44 ქვეყნის 716 648 ქალის მონაცემებს აერთიანებს, მენოპაუზის ადრეულ ასაკში დადგომის გლობალური მასშტაბები გვაჩვენა. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ეს მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის გამოწვევა არ არის; აღნიშნული მოვლენა ბიოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, პირდაპირ კავშირშია საზოგადოებაში არსებულ სოციალურ უთანასწორობასთან.

რა არის ადრეული მენოპაუზა და რატომ იქცევს ის ყურადღებას?

მენოპაუზა ჩვეულებრივ 45-დან 55 წლამდე ასაკში დგება. თუმცა, როდესაც ეს პროცესი 45 წლამდე იწყება, მას ადრეულს, ხოლო 40 წლამდე – ნაადრევ მენოპაუზას ვუწოდებთ. ეს არა ფიზიოლოგიური ვადების უბრალო ცვლილება, არამედ კლინიკური მდგომარეობაა, რომელიც ქალის ჯანმრთელობაზე გრძელვადიან და სერიოზულ გავლენას ახდენს.

ადრეული მენოპაუზის მქონე ქალებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების გაცილებით მაღალი რისკი აქვთ. კვლევები ადასტურებს, რომ კორონარული დაავადებების საფრთხე დაახლოებით 1,5-ჯერ, ინსულტის რისკი 1,3-ჯერ, ხოლო მე-2 ტიპის დიაბეტის ალბათობა ასევე 1,3-ჯერ არის გაზრდილი. ამას ემატება ოსტეოპოროზის, კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების, დეპრესიისა და ნაადრევი სიკვდილიანობის მაღალი ალბათობა. 

გარდა ქრონიკული რისკებისა, ადრეული მენოპაუზა ყოველდღიურ დისკომფორტსაც იწვევს: ალები, უროგენიტალური ცვლილებები და ფსიქოლოგიური სტრესი ქალის ცხოვრების რიტმს მნიშვნელოვნად არღვევს. სამწუხაროდ, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ბევრ ქვეყანაში ამ ქალებს წვდომა შეზღუდული აქვთ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

პრობლემის გლობალური მასშტაბი

ჟურნალ „BMJ Global Health“-ში გამოქვეყნებულ ახალ ნაშრომში გამოყენებულია „დემოგრაფიული და ჯანდაცვის კვლევის“ (DHS) მონაცემთა მასშტაბური ბაზა. აღნიშნული სტანდარტიზებული კვლევა, რომელიც 90-ზე მეტ დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანას მოიცავს, ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უმნიშვნელოვანესი საინფორმაციო რესურსია.

კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ ადრეული და ნაადრევი მენოპაუზის პრევალენტობა შესწავლილ ქვეყნებში 7,1%-ს აღწევს, რაც ნიშნავს, რომ ეს მდგომარეობა ყოველ მე-14 ქალს აღენიშნება. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება წინა გლობალურ შეფასებებს, რომლებიც ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მონაცემებს ეყრდნობოდა და საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობის გავრცელებას მხოლოდ 3,5-3,7%-ად აფასებდა. ახალი მონაცემები ასევე სრულ თანხვედრაშია იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში არსებულ მძიმე ტვირთს ადასტურებს და ემთხვევა სუბ-საჰარულ აფრიკასა და აზიის რეგიონებში დაფიქსირებულ ტენდენციებს.

მასშტაბს აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მოსახლეობის სწრაფი დაბერების ფონზე, როდესაც ქალთა ცხოვრების მზარდი ნაწილი მენოპაუზის შემდგომ პერიოდს ემთხვევა, აღნიშნული გავრცელება იმ ჯანდაცვის სისტემებს აწვება მძიმე ტვირთად, რომლებიც ისედაც შეზღუდული რესურსებითა და მრავალი გამოწვევის პირობებში მუშაობს.

ქვეყნებს შორის არსებული სხვაობა

კვლევის ერთ-ერთი კრიტიკული მიგნება რეგიონული ჰეტეროგენულობაა: ადრეული და ნაადრევი მენოპაუზის გავრცლება ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად იცვლება – 2,3%-დან (იორდანია) 12,0%-მდე (ეთიოპია). ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ეთიოპიაში, ინდონეზიასა და მიანმარში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – იორდანიაში, გაბონსა და სომხეთში.

ეს განსხვავება იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური სტატუსი ან გეოგრაფიული მდებარეობა გადამწყვეტი არ არის. რეალურ გავლენას ადგილობრივი ფაქტორები ახდენს: ადრეული ქორწინება, კვების ხარისხი, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და გარემო ფაქტორების ზემოქმედება.

ეთიოპიის მაღალი მაჩვენებლები სრულად თავსებადია არასრულფასოვანი კვების, ადრეული ქორწინების, ჯანდაცვაზე შეზღუდული წვდომისა და შიდა სივრცეში ჰაერის დაბინძურების თანმხლებ პრობლემებთან. ამის საპირისპიროდ, ყველაზე დაბალი გავრცელების მქონე ქვეყნები მაღალი ურბანიზაციით, განათლების უკეთესი დონითა და ჯანდაცვის განვითარებული ინფრასტრუქტურით გამოირჩევა. მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ადრეული ქორწინების პრაქტიკა ნაკლებია, ხოლო ქალთა განათლებას მეტი ყურადღება ექცევა, მაჩვენებლები მნიშვნელოვნად დაბალია.

რეგიონების მიხედვით, ადრეული მენოპაუზის მაჩვენებელი დასავლეთ წყნარი ოკეანის ქვეყნებში 7%-ია, სამხრეთ აფრიკაში – 12%, ხოლო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 15%-მდე იზრდება. აღნიშნული სტატისტიკა გლობალურად ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე მიუთითებს.

Source: BMJ
ქალაქი და სოფელი: რეგიონული განსხვავებები

კვლევის არანაკლებ მნიშვნელოვან მიგნებად ქალაქსა და სოფელს შორის არსებული მკაფიო განსხვავება გვევლინება. მონაცემების თანახმად, სოფლად მცხოვრებ ქალებში ადრეული ან ნაადრევი მენოპაუზის გავრცელება დაახლოებით 8%-ს შეადგენს, რაც ქალაქის მაჩვენებელს აღემატება. სხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინების შემდეგაც კი, სოფლად მცხოვრებ ქალებს ქალაქელებთან შედარებით ამ მდგომარეობის განვითარების 17%-ით მეტი ალბათობა აქვთ.

ეს სხვაობა მარტივად აიხსნება, თუ მიზეზებს დავაკვირდებით. დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების სოფლად მცხოვრები ქალები ადრეული ქორწინებისა და მშობიარობის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან, რაც კვლევამ დამოუკიდებელ რისკ-ფაქტორებად დაადასტურა. მათზე მძიმე ფიზიკური შრომა, აგროქიმიკატები და პროფესიული საფრთხეები უფრო მეტად მოქმედებს. გარდა ამისა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე შეზღუდული წვდომის გამო, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და მკურნალობა გართულებულია. გავრცელებულია კვებითი დეფიციტიც, ხოლო მენოპაუზის შესახებ დაბალი ცნობიერება ქალებს დროული დახმარების მიღებაში უშლის ხელს, რაც პრობლემის მასშტაბს კიდევ უფრო უზუსტოს ხდის.

განათლების როლი: რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვა

კვლევამ განათლების დონესა და ადრეული მენოპაუზის რისკს შორის უკუპროპორციული კავშირი გამოავლინა. შედეგები მკაფიოა: ქალებს, რომლებსაც ფორმალური განათლება არ მიუღიათ, ადრეული მენოპაუზის ყველაზე მაღალი – 9,2%-იანი მაჩვენებელი აღენიშნებათ. განათლების დონის მატებასთან ერთად – დაწყებითი, საშუალო თუ უმაღლესი – ამ მდგომარეობის განვითარების ალბათობა პროპორციულად მცირდება.

აღნიშნული დასკვნები გლობალურ ტენდენციებს ემთხვევა. 24 ქვეყანაში ჩატარებულმა სისტემურმა მიმოხილვამ ცხადყო, რომ უმაღლესი განათლების მქონე ქალებს მენოპაუზა საშუალოდ შვიდი თვით გვიან უდგებათ, ვიდრე დაბალი განათლების მქონეებს. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალურ დონეზე ეს მცირე განსხვავებაა, პოპულაციის მასშტაბით ის რისკის მნიშვნელოვან შემცირებას იწვევს. მაგალითად, ინდოეთში ჩატარებულმა კვლევამ განათლების დონეს შორის განსხვავების კრიტიკული გავლენა აჩვენა, სადაც ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად განათლებულ ქალებს შორის ნაადრევი მენოპაუზის გავრცელებაში შვიდჯერადი სხვაობა დაფიქსირდა.

ამ მოვლენის განმაპირობებელი მიზეზები კომპლექსურია. უმაღლესი განათლების მქონე ქალებში, როგორც წესი, უკეთესი ნუტრიციული სტატუსი, შემცირებული ქრონიკული სტრესი და ჯანმრთელობის შესახებ მაღალი ცნობიერება ფიქსირდება. ამ ჯგუფისთვის დამახასიათებელი რეპროდუქციული ქცევა – მათ შორის მშობიარობის გვიანი ასაკი – დამცავ მექანიზმად გვევლინება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სერვისებზე უკეთესი ხელმისაწვდომობა და ნაკლები არასაჭირო გინეკოლოგიური ინტერვენცია განაპირობებს შედეგს. კერძოდ, ჰისტერექტომიის, როგორც იატროგენული მენოპაუზის გამომწვევი ფაქტორის, შეზღუდვა და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დროს უფრო კონსერვატიული მიდგომების გამოყენება. ეს კი, თავის მხრივ, ქალის რეპროდუქციული ჯანმრთელობის შენარჩუნების გადამწყვეტი წინაპირობაა.

მოცემული დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გოგონების საშუალო განათლებაში ინვესტირება მხოლოდ გენდერული თანასწორობის საკითხი არ არის; ეს არის ქალთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგია.

ადრეული ქორწინება და მშობიარობა: უთანასწორობის მძიმე ტვირთი

ადრეული ქორწინება და მშობიარობა ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე პირდაპირ და მძიმე გავლენას ახდენს. მონაცემები მკაფიოა: 18 წლამდე დაქორწინებულ ქალებში ადრეული ან ნაადრევი მენოპაუზის გავრცელება 10,1%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც 18 წლის ან უფროსი ასაკის დაქორწინებულებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 6,5%-ია. 

მსგავსი ტენდენცია ფიქსირდება მშობიარობის შემთხვევაშიც – 18 წლამდე ასაკში პირველად მშობიარე ქალებში ეს მაჩვენებელი 10,7%-ს აღწევს. კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებიც დაქორწინდნენ ან პირველად იმშობიარეს 18 წლის ასაკის შემდეგ, ადრეული მენოპაუზის განვითარების რისკი, შესაბამისად, 34%-ითა და 25%-ით ნაკლები აქვთ.

რა მექანიზმები დგას ამ შედეგების უკან? 

ბიოლოგიური თვალსაზრისით, მოზარდობის ასაკში ორსულობა ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მეტაბოლური დატვირთვაა, ვინაიდან დედის ფიზიკური განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მიკრონუტრიენტების გადანაწილება დედასა და ნაყოფს შორის კონკურენტულ ხასიათს ატარებს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალი რისკი, რაც მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების განვითარებისა და საკვერცხის ფუნქციის შემდგომი დისფუნქციის წინაპირობაა. გარდა ამისა, მოზარდთა ორსულობისას სამეანო გართულებების მაღალი სიხშირე ზრდის ქირურგიული ინტერვენციების საჭიროებას, რაც, თავის მხრივ, საკვერცხის ფოლიკულური რეზერვის შემცირებას იწვევს.

თუმცა, აღნიშნული პრობლემის მხოლოდ ბიოლოგიური ახსნა არასაკმარისია. ადრეული ქორწინება და მშობიარობა სოციალურ-ეკონომიკური დისპროპორციის ინდიკატორებია, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდება სიღარიბეს, განათლების დეფიციტსა და ჯანდაცვის სისტემაზე შეზღუდულ წვდომას. ეს ფაქტორები ასახავს პატრიარქალური სტრუქტურების გავლენასა და გოგონების ავტონომიის შეზღუდვას, რაც ოჯახებს ეკონომიკური წნეხის გამო შვილების ნაადრევად დაქორწინებისკენ უბიძგებს. 

შედეგად, ადრეული მენოპაუზა სცილდება ვიწრო სამედიცინო კონტექსტს და იქცევა იმ სოციალური უთანასწორობის გრძელვადიან ანარეკლად, რომელიც გოგონათა განვითარების პოტენციალს ცხოვრების საწყის ეტაპზევე ზღუდავს.

მრავალშვილიანობა, როგორც ბიოლოგიური დაცვა

კვლევის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დასკვნა ის არის, რომ მაღალი შობადობა – კერძოდ, სამი ან მეტი შვილის ყოლა – ადრეული მენოპაუზის რისკს საგრძნობლად ამცირებს.

ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ალოგიკურად მოგვეჩვენოს; იქიდან გამომდინარე, რომ ამ დროს ქალის ოგრანიზმში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ძვრებია, ხშირად გვგონია, რომ ორსულობა ორგანიზმს „ფიტავს“ და რეპროდუქციულ რესურსს სწრაფად “ხარჯავს”. თუმცა, რეალობა განსხვავებულია: მენოპაუზა მაშინ დგება, როდესაც საკვერცხეში ფოლიკულების მარაგი იწურება. თითოეული ორსულობა ოვულაციას დაახლოებით 9-12 თვით აჩერებს, ხოლო ძუძუთი კვება ამ პერიოდს – მისი ინტენსივობიდან გამომდინარე – კიდევ 6-24 თვით ახანგრძლივებს. ამ დროის განმავლობაში საკვერცხე „ისვენებს“, ფოლიკულები არ იხარჯება და ორგანიზმი საკუთარ რეზერვს ეფექტურად ინახავს.

შედეგად, ქალები, რომლებსაც მრავალი ორსულობა ჰქონდათ, მთელი ცხოვრების მანძილზე ნაკლებ საერთო ოვულატორულ ციკლს გადიან, ფოლიკულების მარაგი უფრო ნელა ეცლებათ და მენოპაუზის ზღვარსაც უფრო გვიან აღწევენ. საპირისპირო მდგომარეობაა იმ ქალებში, რომლებსაც შვილები არ ჰყოლიათ (ნულიპარიტეტი): მათ არ გააჩნიათ ეს „ანოვულატორული შესვენებები“, რის გამოც მენოპაუზა ხშირად უფრო ადრეულ ასაკში უდგებათ. ოვულაციის დათრგუნვის ეს მექანიზმი ბიოლოგიურად სრულად დასაბუთებულია და არაერთი მასშტაბური კვლევითაა დადასტურებული.

სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები

ოჯახის მაღალ ეკონომიკურ სტატუსსა და ადრეულ მენოპაუზას შორის კავშირი იმაზე მრავალმხრივი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. ზედაპირული ანალიზის საფუძველზე, ფინანსურად სტაბილურ ოჯახებში ქალებს ამ მდგომარეობის განვითარების უფრო დაბალი ალბათობა ჰქონდათ. თუმცა, განათლების, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებისას, სურათი შეიცვალა: რეალურად, ადრეული მენოპაუზის ყველაზე მაღალი რისკი სწორედ საშუალო შემოსავლის მქონე ქალებში გამოიკვეთა.

რატომ ხდება ასე? 

ავტორების ვარაუდით, ეს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მიმდინარე კვებითი ტრანსფორმაციით აიხსნება. საშუალო შემოსავლის ჯგუფში, ცხოვრების სტილის ცვლილებასთან ერთად, ხშირად ფიქსირდება სხეულის მასის ინდექსის მატება და მეტაბოლური რისკების ზრდა. 

პრობლემა იკვეთება ჯანდაცვის სისტემის არაერთგვაროვან მიდგომაში: ქირურგიულ ჩარევებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის მიუხედავად, გინეკოლოგიური პათოლოგიების კონსერვატიული მართვის ხარისხი ხშირად დაბალია. ამის გამო, კეთილთვისებიანი დაავადებების დროსაც კი ხშირად მიმართავენ ჰისტერექტომიას, რაც საბოლოოდ პაციენტებში ხელოვნურ, იატროგენულ მენოპაუზას აპროვოცირებს.

დასაქმების კუთხით კი სურათი განსხვავებულია: დასაქმებულ ქალებში ადრეული მენოპაუზის ალბათობა უფრო დაბალია. ეს ფაქტი შეიძლება აიხსნას როგორც მატერიალური უპირატესობებით (კარგი კვება, ფინანსური უსაფრთხოება), ისე სოციალური ინტეგრაციითა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობით.

თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ „შებრუნებული მიზეზობრიობის“ შესაძლებლობა: არ არის გამორიცხული, რომ მენოპაუზის ადრეული სიმპტომები ქალს სამუშაო ბაზრიდან გასვლისკენ უბიძგებდეს, რაც ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, თითქოს დასაქმება თავისთავად ამცირებს რისკს. ამასთან, თავად შრომის პირობებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება – მძიმე ფიზიკური დატვირთვა, მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტი, ცვლაში მუშაობა თუ ქრონიკული სტრესი რეპროდუქციულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და დაბერების პროცესს აჩქარებს.

Source: BMJ
ციფრებს მიღმა: უხილავი ჯანდაცვის კრიზისი

კვლევის ყველაზე საგანგაშო დასკვნა არა სტატისტიკური მონაცემები, არამედ იმ კონტექსტის უგულებელყოფაა, რომელშიც ეს ქალები ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მენოპაუზა ქალის ბიოლოგიური ციკლის ბუნებრივი და გარდაუვალი ეტაპია, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების უმრავლესობაში ის პოლიტიკური და ჯანდაცვის დღის წესრიგიდან სრულად ამოღებულია.

დღეს არსებული რეალობა ასეთია: კლინიკური გაიდლაინები უკიდურესად შეზღუდულია, სამედიცინო პერსონალს მენოპაუზის მართვის შესაბამისი კვვალიფიკაცია/გადამზადება არ გააჩნია, ხოლო სკრინინგის პროტოკოლები ფაქტობრივად არ არსებობს. მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მკურნალობას, მათ შორის პაციენტისთვის აუცილებელ ჰორმონოთერაპიას, ქალების უმრავლესობა ვერ იღებს. რაც ყველაზე მეტად შემაშფოთებელია, ეს სერვისები ყველაზე ნაკლებად სწორედ მათთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება – სოფლად მცხოვრები, ნაკლებად განათლებული და იმ ქვეყნების მაცხოვრებელი ქალებისთვის, სადაც ამ პრობლემის მასშტაბი ყველაზე მაღალია.

კვლევის შეზღუდვები და უპირატესობები

ავტორები კრიტიკულად აანალიზებენ კვლევის მეთოდოლოგიურ შეზღუდვებს. „ჯვარედინი“ (cross-sectional) დიზაინი არ იძლევა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ზუსტად დადგენის საშუალებას. გამოვლენილი ასოციაციები შეესაბამება შემოთავაზებულ მექანიზმებს, თუმცა რჩება გაუთვალისწინებელი ფაქტორების გავლენის რისკი.

კვლევის შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია მონაცემთა სუბიექტურობა, რომელიც რესპონდენტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მენოპაუზის იდენტიფიკაციისთვის გამოყენებული 6-თვიანი ზღვარი (ჯანმოს 12-თვიანი რეკომენდაციის ნაცვლად) შესაძლოა კლასიფიკაციურ სიზუსტეს ამცირებდეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ უფრო მკაცრი მეთოდოლოგიით გადამოწმებულმა ანალიზმა თითქმის იდენტური შედეგები აჩვენა. 

კვლევის ანალიტიკურ ნაწილში სირთულეს წარმოადგენდა ინექციური ჰორმონალური კონტრაცეპტივების მომხმარებელთა ზუსტი დიფერენცირება იმ ქალებისგან, რომლებსაც ბუნებრივი ან ქირურგიული გზით დამდგარი მენოპაუზა აღენიშნებათ. ამასთან, „დემოგრაფიული და ჯანდაცვის კვლევის“ მონაცემთა ბაზის ფარგლებში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლადების არარსებობა, როგორიცაა მოწევა, ფიზიკური აქტივობა, კვების რაციონი და გარემო ფაქტორები, გარკვეულწილად აფერხებს კვლევის შედეგების სიღრმისეულ ინტერპრეტაციას.

მიუხედავად აღნიშნული მეთოდოლოგიური შეზღუდვებისა, კვლევა გამორჩეულია თავისი მასშტაბით: 44 ქვეყნის მასშტაბით 716 648 ქალის მონაცემთა სტანდარტიზებული ანალიზი უზრუნველყოფს მტკიცებულებათა ისეთ ბაზას, რომელიც შეუძლებელია დაფიქსირდეს ლოკალური კვლევების ფარგლებში. მიღებული შედეგების სიზუსტე, მათი ბიოლოგიური ვალიდობა და თანხვედრა ადრეულ კვლევებთან ამყარებს არგუმენტს, რომ ეს შედეგები უნდა იქცეს საფუძვლად მომავალი სისტემური რეფორმებისთვის.

წყარო: BMJ Global Health



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები