“ანტიბიოტიკის მხოლოდ ერთი კურსი და… 8-წლიანი (ან სამუდამო) დაზიანება ნაწლავებში!!! ხშირად გსმენიათ ფრაზა: „არაუშავს, ერთ კურსს დავლევ, ორგანიზმი ახალგაზრდაა, მერე პრობიოტიკს მივაყოლებ და აღდგება“? რეალობა ბევრად უფრო მძიმე და საგანგაშოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში Nature Medicine (2026) გამოქვეყნდა უმსხვილესი და უპრეცედენტო კვლევა, სადაც თითქმის 15,000 ადამიანის მონაცემები 8 წლის განმავლობაში, უახლესი გენეტიკური მეთოდებით (Shotgun metagenomics) შეისწავლეს.
შედეგები იმაზე მეტად დამაფიქრებელია, ვიდრე აქამდე გვეგონა: სულ რაღაც 1 კურსიც კი საკმარისია! არ არის საჭირო თვეობით წამლის სმა. ანტიბიოტიკის მხოლოდ ერთი, სტანდარტული კურსიც კი საკმარისია ნაწლავის მიკრობიომის ხანგრძლივი და მძიმე დაზიანებისთვის. კვლევამ აჩვენა, რომ ანტიბიოტიკის მიღებიდან 4-დან 8 წლის შემდეგაც კი, მიკრობიომი სრულად ვერ უბრუნდება საწყის, ჯანსაღ მდგომარეობას. ანუ, დღეს უსაფუძვლოდ დალეულმა წამალმა შესაძლოა თქვენს ორგანიზმზე კვალი 2034 წლამდეც კი დატოვოს!
ამასთანავე, ვლინდება ბაქტერიების სამუდამო დაკარგვა — ანტიბიოტიკოთერაპიიდან წლების შემდეგაც კი, ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო და აუცილებელი ბაქტერიების სახეობების 10-15% საერთოდ გამქრალია და აღარ პროდუცირდება. ნაწლავის მიკრობიომი მხოლოდ “საჭმლის მომნელებელი ტრაქტი” არ არის. ეს ჩვენი იმუნური სისტემის მთავარი შტაბია, რომელიც პირდაპირ განაპირობებს ალერგიული, აუტოიმუნური თუ ქრონიკული დაავადებების პრევენციას.
ყოველ ჯერზე, როცა ექიმის გარეშე, თვითნებურად, ვირუსულ ინფექციაზე, გაციებაზე ან “პროფილაქტიკისთვის” ანტიბიოტიკს ყიდულობთ, იცოდეთ, რომ საკუთარი ხელით ანადგურებთ თქვენს შინაგან ეკოსისტემას და წლობით უმცირებთ სხეულს თავდაცვის უნარს”, — წერს პედიატრი და ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.

