სიცოცხლის პირველი 1000 დღე ბავშვებში სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის უმნიშვნელოვანესია

გააზიარე

ავტორი: თამარ ობგაიძე, პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

სიმსუქნე ბავშვთა ასაკში ბოლო ათწლეულებში სერიოზულ პრობლემად იქცა, რომლის სტატისტიკა წლიდან წლამდე უარესდება.

ჭარბი წონა არ არის მხოლოდ კვების რეჟიმის დარღვევა და ჭარბი საკვების მიღება.  ამ პრობლემას სხვა ხელშემწყობი პირობებიც აქვს, მათ შორის, რათქმაუნდა, მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი. ცნობილია, რომ სიმსუქნის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია იმ ბავშვებთან, რომელთა მშობლებს ჭარბი წონა აქვთ.

მაგრამ დავაბრალოთ ყველაფერი გენეტიკას, თუ სიმსუქნეს ბავშვთა ასაკში სხვა მიზეზებიც აქვს? არის თუ არა ჩვენი დნმ ჩვენი ბედისწერა, როცა სიმსუქნეზე ვსაუბრობთ?

დიახ, გენეტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს გარემო პირობები, რომელთა ზემოქმედებას სიმსუქნის რისკის ზრდა შეუძლია. არასწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, შედეგად არასწორი კვება, ჭარბი კალორიების მიღება, საეკრანო დროის ზრდა და ფიზიკური აქტივობის შემცირება, ძილის დარღვევები,  ორსული დედის ჯანმრთელობა – ის მნიშვნელოვანი ეპიგენეტიკური ფაქტორებია, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ბავშვის ჯანმრთელობაზე და გაზარდონ სიმსუქნის განვითარების რისკი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის პირველი 1000 დღე, რომლის ათვლა ბავშვის ჩასახვის მომენტიდან იწყება და პირველი ორი წელი გრძელდება. ამ პერიოდში ორსული ქალის, შემდგომში კი  ახალშობილისა და ადრეული ასაკის  ბავშვის ჯანსაღი კვებით, მოვლით, სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებით, დაავადებების სწორი მართვით  ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი მეტაბოლიზმის ერთგვარი დაპროგრამება შეგვიძლია. მოკლედ რომ ვთქვათ, დნმ გვაძლევს შესაძლებლობას, მაგრამ გარემო ფაქტორები წყვეტენ, როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს.

ოპ-ედი (Op-ed ) არასარედაქციო კატეგორიაა, სადაც ავტორები საკუთარ იდეებსა და პოზიციებს გვიზიარებენ. ამ ფორმატში გამოქვეყნებული ტექსტები წარმოადგენს მხოლოდ ავტორის მოსაზრებას და,შესაძლოა, არ დაემთხვეს რედაქციის ხედვას.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები