FDA-მ წონის კლების ახალი აბი დაამტკიცა: რით განსხვავდება Eli Lilly-ს პრეპარატი კონკურენტებისგან?

გააზიარე

აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კომპანია Eli Lilly-ს მიერ შემუშავებულ წონის კლების ახალ პრეპარატს, Foundayo-ს, მწვანე შუქი აუნთო. ეს არის დღეში ერთხელ მისაღები აბი, რომელიც ამ კატეგორიის მედიკამენტებს შორის ბაზარზე ერთ-ერთი პირველია და ინექციების ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს.

Foundayo (იგივე ორფორგლიპრონი) მიეკუთვნება GLP-1 კლასის პრეპარატებს. ის ბუნებრივი ჰორმონის იმიტაციას ახდენს, რომელიც მადასა და დანაყრების შეგრძნებას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის რიგით მეორე ორალური პრეპარატი წონის კლებისთვის, რომელიც ბაზარზე Novo Nordisk-ის Wegovy-ს აბების შემდეგ გამოჩნდა.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ რიქსის განცხადებით, ახალი პრეპარატი ხელს შეუწყობს სტიგმისა და ხელმისაწვდომობის პრობლემის დაძლევას. ამ დრომდე პაციენტების ნაწილი თავს არიდებდა მკურნალობას ინექციებთან დაკავშირებული დისკომფორტის, მაღალი ფასის ან მკაცრი დოზირების წესების გამო.

რით განსხვავდება Foundayo კონკურენტებისგან?

მისი მთავარი უპირატესობა გამოყენების სიმარტივეა. Wegovy-ს აბებისგან განსხვავებით, რომელთა მიღებაც მხოლოდ დილით, უზმოზეა შესაძლებელი, Foundayo-ს დალევა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვების მიღების მიუხედავად შეიძლება. გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, პაციენტები მკურნალობას მცირე დოზებით დაიწყებენ და ეტაპობრივად გაზრდიან.

ფასი და ხელმისაწვდომობა

დაზღვევის გარეშე, საწყისი დოზის ღირებულება თვეში დაახლოებით 149 დოლარი იქნება, ხოლო შედარებით მაღალი დოზების ფასი 349 დოლარამდე გაიზრდება. ვარაუდობენ, რომ გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის სამედიცინო დაზღვევა ხარჯების ნაწილს დაფარავს, რაც ყოველთვიურ გადასახადს 50 დოლარამდე შეამცირებს.

პრეპარატის გაყიდვები ორშაბათიდან დაიწყება და ის თავდაპირველად LillyDirect-ის სერვისით, შემდეგ კი აფთიაქებსა და ტელემედიცინის პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი. ამ ნაბიჯით Eli Lilly და Novo Nordisk წონის კლების მზარდ ბაზარზე კონკურენციას კიდევ უფრო ამძაფრებენ.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები