მიმდინარე წლის 16 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელის პოზიციაზე დოქტორ ერიკა შვარცის კანდიდატურა წარადგინა. შვარცის კარიერის უდიდესი ნაწილი სამხედრო სამსახურს უკავშირდება. 1998 წელს დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტის ლიბერალური სამედიცინო განათლების რვაწლიანი პროგრამა (PLME), მოგვიანებით კი მერილენდის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის და სამართლის დოქტორის წოდებაც მოიპოვა. კარიერული საქმიანობა აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ოფიცერთა კორპუსში, კერძოდ, სანაპირო დაცვის დანაყოფში დაიწყო, სადაც ჩართული იყო მექსიკის ყურეში Deepwater Horizon-ის ნავთობის დაღვრის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების აღმოფხვრაში.
2015 წლის 17 აგვისტოს მას მიენიჭა კონტრ-ადმირალის წოდება და დაინიშნა აშშ-ის სანაპირო დაცვის მთავარ სამედიცინო ოფიცრად, სადაც ზედამხედველობას უწევდა 41 კლინიკასა და 150 სამედიცინო პუნქტს. იგი პასუხისმგებელი იყო ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების პროგრამების, ასევე ბავშვთა ზრუნვის, კვების სერვისების, ომბუდსმენის, ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და სექსუალური ძალადობის პრევენციის კამპანიების განხორციელებაზეც. 2019 წელს, ტრამპის პირველი ადმინისტრაციის პერიოდში, მთავარი ქირურგის (Surgeon General) ჯერომ ადამსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში დოქტორმა შვარცმა საკვანძო როლი შეასრულა ფედერალური მნიშვნელობის მასშტაბური სადიაგნოსტიკო სისტემის (drive-through testing) ორგანიზებასა და იმპლემენტაციაში. ამასთანავე, იგი ასრულებდა კოორდინატორის ფუნქციას ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტსა (HHS) და თეთრ სახლს შორის ხელისუფლების გადაბარების პროცესში. მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მისი თანამდებობაზე არდატოვების შესახებ, შვარცი გადადგა, რითაც დასრულდა მისი 27-წლიანი გამორჩეული მოღვაწეობა სამხედრო და საჯარო სამსახურში.
საჯარო სექტორიდან წასვლის შემდეგ, მან კარიერა კერძო სექტორში გააგრძელა, კერძოდ, კომპანია UnitedHealthcare-ის სადაზღვევო გადაწყვეტილებების პრეზიდენტის პოსტი დაიკავა. პარალელურად, იგი Aveanna Healthcare-ისა და ინოვაციური სამედიცინო ვიზუალიზაციის კომპანია Butterfly Network-ის დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა.
ამჟამად ექიმი შვარცი სენატის მიერ მისი კანდიდატურის დამტკიცების მოლოდინშია.
წყარო: Time.com

