ნებისმიერი გამოცდილება მედიცინაში სასურველია იყოს სანდო მტკიცებულებებზე დაფუძნებული. სამწუხაროდ, ესთეტიკური მედიცინა, რომელიც ჯერჯერობით არცერთ ქვეყანაში არ ჩამოყალიბდა მედიცინის ცალკეულ დარგად, მოკლებულია მაღალი სანდოობის მტკიცებულებებს. ცალკეული სამეცნიერო კვლევები მეტწილად კომპანიების მიერ არის დაფინანსებული ან შესრულებულია არასათანადო მეთოდოლოგიით, რაც მათ სარწმუნოებას საეჭვოს ხდის. შესაბამისად, საერთაშორისო გამოცდილება ძირითადად მოიცავს მაღალი დონის სპეციალისტების მიერ მოწოდებული პრაქტიკის გაზიარებას.
გამოსაყოფია როგორც დასავლური, განვითარებული ქვეყნების, ისე აზიური გამოცდილებაც, რადგან ამ უკანასკნელთა კონტრიბუცია ესთეტიკური მედიცინის განვითარებაში ძალიან დიდი და ხარისხიანია. ბოლო დეკადის განმავლობაში მნიშვნელოვანი მიგნებები გაჩნდა დაბერების ანატომიაში, რამაც ესთეტიკური მედიცინის ჩარევები უფრო დასაბუთებული და გააზრებული გახადა. ამან, თავის მხრივ, გააჩინა ჩარევების სტანდარტიზაციის შესაძლებლობა, რისი გადმოტანაც ძალიან წაადგება ჩვენს ესთეტიკურ მედიცინას.
მნიშვნელოვანია საერთაშორისო, კარგი რეპუტაციის მქონე ასოციაციების წევრობა, მათ შორის სხვადასხვა ევროპული ქვეყნის, რადგან მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები ხშირ შემთხვევაში ადეკვატური და, პირველ რიგში, პაციენტის ინტერესებზეა მორგებული. საერთოდ, საერთაშორისო პრაქტიკა პაციენტის უსაფრთხოებას აყენებს პირველ ადგილზე. ასე მაგალითად, 10 წლის წინ ჩარევებისას ნემსის გამოყენება უფრო მეტად იყო გავრცელებული სპეციალისტებს შორის, დღეს კი მეტი აქცენტი ხდება ე.წ. ბლაგვ კანულაზე, რომლის გამოყენებისას სახიფათო გართულებების განვითარების რისკი მნიშვნელოვნად იკლებს.
ქართული ესთეტიკური მედიცინის ერთ-ერთი პრობლემა პოსტსაბჭოთა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც სინამდვილეში ორიენტირებულია ინექციის სხვადასხვა ტექნიკის ჩვენებაზე და ნაკლებად ითვალისწინებს ანატომიურ ცოდნას, ხოლო პაციენტის უსაფრთხოებას ანიჭებს ნაკლებ მნიშვნელობას. დასავლური გამოცდილება ჩვენს სპეციალისტებთან ნაკლებ პოპულარულია, რადგან ის ფოკუსირებულია ინექციების გამარტივებასა და სტანდარტიზაციაზე, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს სპეციალისტებში არ სარგებლობს პოპულარობით. ყველა სპეციალისტს სურს ჰქონდეს საკუთარი „ხელწერა“, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო მიდგომას, რომელიც, განვმეორდები, სტანდარტიზაციაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია მეტი ძალისხმევა მივმართოთ დასავლური გამოცდილების დანერგვაზე, ქართველი სპეციალისტებისთვის ცოდნის გაზიარების და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

