მეცნიერებმა ცხვირის სპრეი შექმნეს, რომელსაც ტვინის დაბერების შეჩერება შეუძლია

გააზიარე

ათწლეულების განმავლობაში „ასაკობრივი ნეიროანთება“ (neuroinflammaging) ნელი, ქრონიკული ანთებითი პროცესი, რომელიც კოგნიტურ გაუარესებასა და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, დაბერების გარდაუვალ, ბუნებრივ თანმდევ მოვლენად მოიაზრებოდა. თუმცა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯის მიერ ჩატარებული ახალი, მასშტაბური კვლევა აჩვენებს, რომ ამ პროცესის შეჩერება და უკუქცევაც კი სრულიად რეალურია.

მეცნიერებმა ცხვირის სპრეი შეიმუშავეს, რომელიც მიკროსკოპულ ბიოლოგიურ გადამტანებს იყენებს უშუალოდ თავის ტვინში პრეპარატის მისაწოდებლად. ჟურნალ Journal of Extracellular Vesicles-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სულ რაღაც ორი დოზის გამოყენებამ მკვეთრად შეამცირა ქრონიკული ანთება, შეძლო უჯრედული „ელექტროსადგურების“ (მიტოქონდრიების) რეაქტივაცია და მეხსიერება და კოგნიტური უნარები აღადგინა

კვლევის ძირითადი მიგნებები

კვლევის შედეგად თერაპიის სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტი გამოვლინდა. კოგნიტური ფუნქციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სულ რაღაც რამდენიმე კვირაში დაფიქსირდა, თუმცა, რაც ყველაზე საყურადღებოა, მხოლოდ ორი დოზის მიღების შემდეგ მიღწეული შედეგი თვეების განმავლობაში სტაბილურად შენარჩუნდა.

აღსანიშნავია მეთოდის უნივერსალური ეფექტურობა. ბევრი სამედიცინო კვლევისგან განსხვავებით, სადაც შედეგები ხშირად სქესის მიხედვით იცვლება, აღნიშნულმა თერაპიამ იდენტური და თანაბრად მაღალი ეფექტურობა აჩვენა როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის მოდელებში.

თერაპიამ მნიშვნელოვანი ქცევითი აღდგენა გამოიწვია. მოდელებმა ნაცნობი ობიექტების ამოცნობისა და გარემოში მომხდარი ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი დაიბრუნეს. მეცნიერთა განმარტებით, ეს ჯანსაღი და ფუნქციური მეხსიერების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

რაც შეეხება კლინიკურ პერსპექტივას, ტეხასის A&M უნივერსიტეტმა თერაპიაზე უკვე შეიტანა განაცხადი პატენტის მოსაპოვებლად.

როგორ მუშაობს ინოვაციური სპრეი?

ტვინში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესები არა მხოლოდ ართულებს ახალი მოგონებების ფორმირებას და აზროვნებას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის ალცჰაიმერის და სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებების განვითარების რისკს. ტრადიციული მიდგომებისგან განსხვავებით, ახალი თერაპიის საფუძველს წარმოადგენს ექსტრაცელულური ვეზიკულები (EVs), რომლებიც ერთგვარი მიწოდების სისტემის ფუნქციას ასრულებენ და ატარებენ გენეტიკურ მასალას: მიკრო-რნმ-ს (microRNAs).

როგორც კვლევის წამყვანი ავტორები აღნიშნავენ, მიკრო-რნმ მოქმედებს როგორც მთავარი მარეგულირებელი ტვინში არსებული მრავალი გენისთვის. ცხვირის სპრეის ფორმატით, ეს მიკროსკოპული ვეზიკულები გვერდს უვლიან ტვინის დამცავ ბარიერს და პირდაპირ ტვინის ქსოვილში შეიწოვებიან.

უჯრედულ დონეზე მოხვედრისას, მიკრო-რნმ თრგუნავს ქრონიკული ანთების გამომწვევ სისტემებს, როგორიცაა, მაგალითად, NLRP3 ინფლამასომა და cGAS–STING სასიგნალო გზები. პარალელურად, თერაპია ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და ნეირონულ მიტოქონდრიებს ააქტიურებს, რითაც ტვინის უჯრედებს  ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის ფიზიკურ უნარს უბრუნებს.

სამომავლო გამოყენება

მეცნიერთა გუნდის განცხადებით, ეს მიდგომა სიბერის კონცეფციას ხელახლა განსაზღვრავს. ინოვაციურმა თერაპიამ მომავალში შესაძლოა ჩაანაცვლოს ინვაზიური პროცედურები ან ხანგრძლივი მედიკამენტური მკურნალობა. გარდა დაბერების თანმდევი კოგნიტური დაქვეითებისა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მეთოდი ეფექტური იქნება ინსულტგადატანილი პაციენტებისთვის დაკარგული ფუნქციების აღსადგენად და ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირების შესანელებლად.

წყარო: Journal of Extracellular

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები