რატომ არის MedVeritas Global-ი სანდო პარტნიორი ექიმებისა და პაციენტებისთვის — ინტერვიუ ნინო მიქაბერიძესთან

გააზიარე

ქართველ პაციენტებსა და მათ ოჯახებს ამერიკულ სამედიცინო ექსპერტიზაზე წვდომა უმარტივდებათ. პირველად საქართველოში ფუნქციონირება დაიწყო სრულად აშშ-ის რეგულაციებზე დაფუძნებულმა ტელემედიცინის საერთაშორისო პლატფორმამ – MedVeritas Global-მა. 

პლატფორმა პაციენტებს დაეხმარება მათთვის კომფორტულ გარემოში და მაქსიმალურად სწრაფად მიიღონ მეორეული, ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრება (Second Opinion). რთული სამედიცინო შემთხვევების დროს MedVeritas Global უზრუნველყოფს, რომ პაციენტებმა ან მათი ოჯახის წევრებმა აშშ-ის  მაღალკვალიფიციურ ექიმებთან დააზუსტონ დიაგნოზი და უახლეს მიდგომებზე დაფუძნებული მკურნალობის რეკომენდაციაც საქართველოდან გაუსვლელად მიიღონ.

პლატფორმა ქართველ და ამერიკელ კოლეგებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებასაც შეუწყობს ხელს, რაც რთული სამედიცინო მდგომარეობების დროს საუკეთესო მიდგომების შეჯერებას და მკურნალობის ოპტიმალური გეგმის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. ინიციატივა არ ანაცვლებს ადგილობრივი ექიმების როლს. პირიქით, ის ხელს უწყობს ერთობლივი კონსულტაციებით პაციენტისათვის საუკეთესო  მკურნალობის სქემის შეჯერებას.  

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტელემედიცინა მხოლოდ ექიმთან დისტანციურ, მარტივ ვიდეოზარს გულისხმობს. სინამდვილეში, MedVeritas Global-ის მოდელი წარმოადგენს კომპლექსურ , მრავალსაფეხურიან სისტემას, რომელმაც ამერიკაში მოღვაწე ექიმების ნდობის მოპოვება გამართული ინფრასტრუქტურისა და იურიდიული გარანტიების საფუძველზე შეძლო, ის პაციენტის  მონაცემთა უსაფრთხოების მკაცრ პროტოკოლებს აშშ სტანდარტის მიხედვით ადგენს. ამავდროულად, MedVeritas Global თავის მხრივ უზრუნველყოფს საუკეთესო კვალიფიკაციის მქონე ექიმების შერჩევას შეერთებული შტატების მასშტაბით და პაციენტის უფლებების სრულ სამართლებრივ გარანტიებს.

სწორედ ამ უხილავ, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვან მექანიზმებზე, სისტემის სტანდარტებსა და პაციენტის უფლებების დაცულობაზე ჩვენს კითხვებს პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ამერიკაში მოღვაწე რევმატოლოგი, MedVeritas Global-ის კლინიკური დირექტორი, ნინო მიქაბერიძე, პასუხობს. იგი დეტალურად გვიამბობს, როგორ მუშაობს   MedVeritas Global და რა კომპლექსურ გზას გადის პაციენტის სამედიცინო ისტორია პირველი მომართვიდან ამერიკელი სპეციალისტის საბოლოო დასკვნამდე. 

ქალბატონო ნინო, საზოგადოებაში არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ტელემედიცინა ექიმთან ვიდეოზარის საშუალებით გასაუბრებას ნიშნავს. სრულად სტანდარტიზებული და სამართლებრივად გამართული ამერიკული ტელემედიცინის  სერვისი, რასაც MedVeritas Global-ში სთავაზობთ, საქართველოში აქამდე არ არსებობდა. მინდა გთხოვოთ, თქვენი პლატფორმის მაგალითზე მოგვიყვეთ რეალურად რამდენად კომპლექსურ, მრავალსაფეხურიან სისტემას მოიცავს პაციენტის დაკავშირება ამერიკელ ექიმთან და როგორ ხდება დასკვნის მიღება?

პაციენტის ამერიკელ ექიმთან დაკავშირებამდე  სრული სამედიცინო და ადმინისტრაციული კოორდინაცია ხდება. 

პირველ რიგში პაციენტი ან პაციენტის ოჯახი ავსებს განაცხადის ფორმას Medveritas Global ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან ტელეფონით უკავშირდება ჩვენს წარმომადგენლობას თბილისში.

შემდგომ, პაციენტს შეუძლია სპეციალური მობილური აპლიკაციით ატვირთოს არსებული, სამედიცინო დოკუმენტაცია ან მიმართოს ჩვენს ოფისს, გივი ჟვანიას ქ. 2-ში მდებარე კლინიკაში. 

მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში  ჩვენი ოფისი აკავშირებს პაციენტებსა და მათ ოჯახებს შესაბამისი პროფილის სპეციალისტთან აშშ-ში, ინიშნება ვიდეო-ზარი სამედიცინო კონსულტაციისათვის და პაციენტს მიეწოდება სრული დასკვნა დიაგნოზთან და მკურნალობის სქემებთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ვაძლევთ შესაძლებლობას,  ამერიკელ ექიმს სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგაც მიმართოს დამატებითი კითხვებით. 

აღსანიშნავია, რომ თითოეული პაციენტის შემთხვევაზე MedVeritas Global-ის საქართველოს ოფისიდან მუშაობს ქართველი ექიმი-კოორდინატორი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (United States Medical Licensing Examination – USMLE). შესაბამისად, მათ ზედმიწევნით იციან, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი ამერიკული სტანდარტის შესაბამისად  –  პაციენტის პირველი მომართვიდან საბოლოო დასკვნის ჩაბარებამდე. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს როგორც ამერიკელ ექიმებთან პროფესიულ კომუნიკაციას, ისე ქართველი ექიმებისა და პაციენტებისთვის ენობრივი და სისტემური ბარიერების გადალახვას.

Medveritas Global-ის მიერ შეთავაზებული ტელემედიცინის პლატფორმა არის სრულად კოორდინირებული სამედიცინო, ტექნოლოგიური და ოპერაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქართველ პაციენტს აშშ-ს წამყვან სპეციალისტებთან უსაფრთხოდ აკავშირებს.

სამედიცინო მონაცემების გაცვლა ინტერნეტით კიბერუსაფრთხოების გარკვეულ სტანდარტებს მოითხოვს. კონკრეტულად რა უსაფრთხოების პროტოკოლებს იყენებს პლატფორმა და როგორ არის დაცული პაციენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა?

როგორც აღვნიშნეთ, პაციენტის სრული ინფორმაცია ინახება დაცულ, HIPAA-სტანდარტებთან შესაბამის EMR სისტემაში, სადაც მონაცემები დაშიფრული (encrypted) არხებით გადაიცემა, რაც უცხო პირებისთვის დოკუმენტაციაზე წვდომას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. შესაბამისად, წვდომა მხოლოდ იმ ექიმებსა და კოორდინატორებს აქვთ, რომლებიც უშუალოდ კონკრეტული პაციენტის შემთხვევაზე მუშაობენ, მათი ყველა მოქმედება სისტემაში ფიქსირდება და კონტროლდება.

გარდა ამისა, ვიდეოკონსულტაციისთვის ვიყენებთ უშუალოდ EMR სისტემაში ინტეგრირებულ დაცულ სამედიცინო ტელეხიდს და არა საჯარო ვიდეოაპლიკაციებს. ამ უსაფრთხო ბმულით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც პაციენტი ისურვებს, მათ შორის მის ადგილობრივ მკურნალ ექიმსა და ოჯახის წევრებს.

პაციენტის კონფიდენციალურობა ჩვენთვის არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ უმაღლესი ეთიკური პასუხისმგებლობაცაა.

ხშირად, უცხოელი სპეციალისტის მეორეულმა მოსაზრებამ შესაძლოა უნდობლობა ან უხერხულობა გამოიწვიოს ადგილობრივ მკურნალ ექიმში. რა პროტოკოლით უზრუნველყოფთ, რომ ეს პროცესი იყოს ჯანსაღი, გუნდური მუშაობა და არა ქართველი ექიმის კომპეტენციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება?

ქართველი ექიმების პროფესიონალიზმის დაფასება და მათთან კოლეგიალური, პარტნიორული ურთიერთობა MedVeritas Global-ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. პაციენტსა და ადგილობრივ მკურნალ ექიმს შორის არსებული, ნდობასა და ყოველდღიურ ზრუნვაზე დაფუძნებული, კავშირი ვერ ჩანაცვლდება ალტერნატიული სამედიცინო მოსაზრებით და ეს არცაა ჩვენი მიზანი. . 

ჩვენი სერვისი,  არათუ  ეჭვის ქვეშ აყენებს ქართველი კოლეგების კომპეტენციას. არამედ პირიქით, MedVeritas Global-ი პაციენტსა და ადგილობრივ ექიმს სთავაზობს დამატებით პროფესიულ რესურსს, რომელიც განსაკუთრებით რთულ, იშვიათ და მრავალდისციპლინურ კლინიკურ შემთხვევებში შეიძლება უაღრესად ღირებული იყოს პროფესიული გამოცდილების გაზიარებისთვის და უპირველსად,  პაციენტის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. თანამედროვე მედიცინაში ალტერნატიული პროფესიული მოსაზრების მიღება, ფართოდ გავრცელებული და მიღებული პრაქტიკაა, როგორც ამერიკის, ისე მსოფლიოს წამყვან კლინიკურ და აკადემიურ წრეებში. 

გვჯერა, რომ ძლიერი ჯანდაცვის სისტემა სწორედ ექიმებს შორის თანამშრომლობით, გამოცდილების გაზიარებითა და გუნდური მიდგომით შენდება. MedVeritas Global-ის ერთ-ერთი უმთავრესი მისიაც ქართველი და ამერიკელი ექიმების პროფესიული თანამშრომლობის ხიდის შექმნა და გაძლიერებაა.

სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის ივნისში უკვე ვგეგმავთ ახალი ინიციატივის დაწყებას, რომელიც საქართველოში და ამერიკაში მოღვაწე ექიმების მონაწილეობით ღია დიალოგებს, საგანმანათლებლო შეხვედრებსა და ერთობლივ კონსილიუმებს გააერთიანებს.

ქალბატონო ნინო, აშშ-ში ლიცენზირებული მედიკოსებისა და განსაკუთრებით ექიმი-სპეციალისტების დაინტერესება საკმაოდ რთულია. როგორ ახერხებს MedVeritas Global – ი პრაქტიკოსი ექიმების ნდობის მოპოვებას და თქვენს პლატფორმაში ჩართვას? 

გეთანხმებით, რომ არცერთი მაღალი კვალიფიკაციის მქონე ამერიკელი ექიმი არ შემოუერთდება ინიციატივას, თუ მას არ დახვდება უმაღლესი სტანდარტით გამართული პროფესიული და სამართლებრივი გარემო. 

სწორედ ამიტომ, MedVeritas Global-ის შექმნის პირველივე დღიდან ჩვენ აშშ-ში ერთ-ერთ წამყვან, მაღალკვალიფიციურ იურიდიულ გუნდთან ვთანამშრომლობთ, რომელმაც ჩვენი სამართლებრივი და პროფესიული ჩარჩო  ამერიკულ სტანდარტებს მოარგო. ამ პროცესში განსაკუთრებით დიდი დრო, ძალისხმევა და რესურსი ჩაიდო, რადგან ჩვენთვის თავიდანვე პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც სრულად უპასუხებდა ამერიკელი ექიმების პროფესიულ, ეთიკურ და სამართლებრივ მოთხოვნებს.  უფრო მეტიც, ექიმების მხრიდან ლეგალური ჩარჩოს მიმართ ყურადღება იმდენად მაღალი იყო, რომ საკონტრაქტო დოკუმენტაციამ არაერთი ცვლილება გაიარა, რათა კიდევ უფრო ზუსტად და დეტალურად ეპასუხა ამერიკელი ექიმების მოთხოვნებისთვის. 

მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (Malpractice Insurance). ამერიკული კლინიკების უმეტესობა ექიმებს არ აძლევს უფლებას, დამატებითი პროფესიული საქმიანობისთვის კლინიკის არსებული დაზღვევა გამოიყენონ, ამიტომ აუცილებელია დამოუკიდებელი დაზღვევის არსებობა. ამასთან, ხშირად საჭიროა ე.წ. “Tail”-იც, რომელიც უზრუნველყოფს ექიმის დაცვას იმ შემთხვევებშიც, თუ პრეტენზია საქმიანობის დასრულების შემდეგ გაჩნდება.

მესამე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია EMR-ის, ანუ ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის ფლობა, რაც უზრუნველყოფს MedVeritas Global-ის სერვისის პირდაპირ ინტეგრაციას ამერიკაში მოქმედ თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებთან. აშშ-ის ექიმებისთვის მსგავსი სისტემის გარეშე მუშაობა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რადგან ისინი ყოველდღიურად სწორედ EMR-პლატფორმებზე არიან დამოკიდებული როგორც პროფესიული, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

ამავდროულად, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს HIPAA რეგულაციის გარანტიებს, ანუ პაციენტის სამედიცინო მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით დაცვას. მონაცემთა უსაფრთხოება, პაციენტის ინფორმაციის დაცულობა და პროცესის ყველა ეტაპის დოკუმენტირებული მართვა არის ის აუცილებელი მოთხოვნები, რომლის გარეშეც მაღალი კვალიფიკაციის ამერიკელი სპეციალისტების დათანხმება თანამშრომლობაზე ფაქტობრივად შეუძლებელია.

ასევე, ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ექიმების შერჩევის კრიტერიუმებს. MedVeritas Global-თვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ექიმები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ წამყვან კლინიკურ ცენტრებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებითა და აკადემიურ ინსტიტუტებთან აფილირებით, არამედ პიროვნული თვისებებით, ემპათიითა და პაციენტებთან კომუნიკაციის მაღალი კულტურით. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგექმნათ, თუ რამდენად კომპლექსურია ჩვენს პლატფორმაში პროფესიონალთა ჩართვის პროცესი, ამერიკაში ლიცენზირებული ერთი  ექიმის შერჩევა და დაკონტაქტება საშუალოდ სამ-ოთხ კვირამდე გრძელდება.  

სწორედ ეს მაღალი სტანდარტები, უსაფრთხოების მექანიზმები და მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცესი ქმნის იმ მყარ საფუძველს, რომელზეც MedVeritas Global-სა და ამერიკელ ექიმებს შორის სანდო და პროფესიული თანამშრომლობა შენდება.

დაბოლოს, შესაძლოა მსგავსი სერვისი პაციენტებისა და მათი ოჯახებისათვის, გარკვეულ ფინანსურ ბარიერებთან იყოს დაკავშირებული. როგორ გეგმავთ, რომ MedVeritas Global-ი არ დარჩეს მხოლოდ ელიტურ პროდუქტად და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება? 

აღნიშნულ საკითხზე ფიქრი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კომპანიის დაარსებამდეც დავიწყეთ. თავიდანვე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მაღალი ხარისხის ამერიკული სამედიცინო ექსპერტიზაზე წვდომა მხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. 

დღეისათვის, ამერიკელ პროვაიდერებთან ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად, MedVeritas Global-ის კონსულტაციები ქართველი პაციენტებისთვის ბევრად ხელმისაწვდომია, ვიდრე მსგავსი სერვისები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. 

პარალელურად, დარწმუნებული ვიყავით, რომ გამართული, სანდო და მაღალი სტანდარტების სისტემა, საინტერესო გახდებოდა ადგილობრივი სადაზღვევო და საფინანსო ინსტიტუტებისათვის შესაძლო თანამშრომლობის კუთხით.  საბედნიეროდ, ეს ხედვა რეალობადაც იქცა და დღეს უკვე რამდენიმე წამყვან კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სადაზღვევო კომპანია თავად დაგვიკავშირდა პარტნიორობის ინტერესით, რასაც ჩვენ უაღრესად ვაფასებთ. 

და ბოლოს, მომავალი წლიდან ვგეგმავთ ფონდის შექმნას, რომლის მიზანიც იქნება საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ჩვენი სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. სწორედ თქვენი კითხვის საპასუხოდ, იმედი გვაქვს, რომ MedVeritas Global-ი ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.   

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები