სემაგლუტიდის პირველად პატენტებს ვადა ეწურება: შემცირდება თუ არა მედიკამენტის ფასი?

გააზიარე

სემაგლუტიდი თანამედროვე მედიცინაში სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მედიკამენტად მიიჩნევა, თუმცა პრეპარატის მაღალი ღირებულება და შეზღუდული ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. 2026 წლის აპრილში სემაგლუტიდის პირველად პატენტებს ვადა ამოეწურა, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს გენერიკული პრეპარატების ბაზარზე გამოჩენას და გავლენა მოახდინოს მედიკამენტის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
აღნიშნულ საკითხს ეძღვნება ჟურნალ Obesity-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევა, რომელიც ლონდონის NHS Royal Free Hospital Trust-ის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა და რომლის მიზანს წარმოადგენდა სემაგლუტიდის პირველადი პატენტების ვადის ამოწურვის შესაძლო გავლენის შეფასება გენერიკული პრეპარატების ხელმისაწვდომობასა და სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვაზე.

კვლევის მეთოდოლოგია დაეფუძნა მსოფლიო ბანკის დემოგრაფიულ მონაცემებს, აგრეთვე მსოფლიო სიმსუქნისა და დიაბეტის ატლასის (World Obesity and Diabetes Atlas) მაჩვენებლებს, რომლის გამოყენებით, მკვლევრებმა შეაფასეს სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის პრევალენტობა იმ ქვეყნებში, სადაც შესაძლოა გენერიკული სემაგლუტიდი გახდეს ხელმისაწვდომი. ამასთანავე, მათ ცალკე შეაფასეს პატენტების ვადის ამოწურვის შემდეგ გენერიკული პრეპარატის სავარაუდო საბაზრო ღირებულება.

პატენტების მოქმედების ვადების დასადგენად მკვლევრებმა გამოიყენეს მედიკამენტების პატენტების გლობალური მონაცემთა ბაზა, ხოლო მიღებული შედეგები გადაამოწმეს რეგიონულ საპატენტო რეესტრებთან. შემდეგ მათ გააანალიზეს 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე პერიოდში ინდოეთიდან და ინდოეთის მიმართულებით განხორციელებული სემაგლუტიდის აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის გადაზიდვის ჩანაწერები, რათა დაედგინათ აქტიური ნივთიერების ერთი კილოგრამის საშუალო შეწონილი ღირებულება.

მკვლევართა მიერ შემუშავებული ფასწარმოქმნის მოდელი ითვალისწინებდა არა მხოლოდ აქტიური ნივთიერების თვითღირებულებას, არამედ ფორმულირების, შეფუთვის, სამუშაო ძალისა და ტრანსპორტირების ხარჯებს, აგრეთვე მოგების 27%-იან გადასახადსა და 30%-იან სავაჭრო მარჟას.

საპროგნოზო მოდელის თანახმად, პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ საინექციო ფორმის გენერიკული სემაგლუტიდის სავარაუდო ღირებულებამ შესაძლოა ერთ პაციენტზე წელიწადში დაახლოებით 28 აშშ დოლარი შეადგინოს, რაც ბრენდული მედიკამენტების ამჟამინდელ ღირებულებასთან შედარებით ათჯერ იაფია.

2026 წელს სემაგლუტიდზე მოქმედი პატენტების ვადა 12 ქვეყანაში იწურება: აღნიშნულ სახელმწიფოებზე გლობალური სიმსუქნის ტვირთის 47% და ტიპი 2 დიაბეტის შემთხვევების 49% ნაწილდება, ხოლო დამატებით 150 ქვეყანაში პრეპარატზე საპატენტო განაცხადები საერთოდ არ დაფიქსირებულა. მოსალოდნელია, რომ 2026 წლის ბოლოსთვის გენერიკული საინექციო სემაგლუტიდი ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს 162 ქვეყანაში, რაც დაფარავს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გლობალური ტვირთის დაახლოებით 69%-სა და კლინიკური სიმსუქნის შემთხვევების 84%-ს. გენერიკული საინექციო სემაგლუტიდის სავარაუდო ღირებულება მკურნალობის დაწყების ეტაპზე 1.7 მგ დოზისთვის ერთ პაციენტზე წელიწადში 28-დან 134 აშშ დოლარამდე, ხოლო 2.4 მგ დოზის შემთხვევაში — 29-დან 138 აშშ დოლარამდე იქნება. 

რაც შეეხება პერორალურ, ანუ აბების სახით წარმოდგენილ ფორმებს, მათი წარმოება უფრო მაღალ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან ისინი აქტიური ნივთიერების უფრო მაღალ დოზირებას მოითხოვს. 7 მილიგრამიანი ყოველდღიური დოზის სავარაუდო წლიური ღირებულება დაახლოებით 186 აშშ დოლარი, ხოლო 14 მილიგრამიანი დოზის შემთხვევაში — 344 აშშ დოლარი იქნება. ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის თვითღირებულება მინიმალურია და თითოეულ დოზაზე მხოლოდ რამდენიმე ცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ერთჯერადი საინექციო კალმების ღირებულება თითოეული მოწყობილობისთვის 0.30-დან 2.50 აშშ დოლარამდე მერყეობს. შესაბამისად, მხოლოდ საინექციო მოწყობილობის ღირებულებამ შესაძლოა 8-დან 68-ჯერ გადააჭარბოს აქტიური ნივთიერებისა და სხვა საწარმოო კომპონენტების ერთობლივ ღირებულებას.

ავტორების შეფასებით, გენერიკული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს სიმსუქნისა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მართვის კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული ცვლილება ჯანდაცვის სისტემებს საშუალებას მისცემს, გააძლიერონ სიმსუქნის ადრეული პრევენციის პროგრამები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მედიკამენტური თერაპია პირველადი ჯანდაცვის რგოლის ნაწილად აქციონ და გრძელვადიანი გართულებების მკურნალობიდან პრევენციულ მიდგომებზე გადავიდნენ. თუმცა, მდგრადი შედეგების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული პოლიტიკა, რომელიც მოიცავს მედიკამენტების სამართლიანი ფასწარმოქმნის უზრუნველყოფას, პირველადი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს.

მიუხედავად პერსპექტიული პროგნოზისა, კვლევას გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია. წარმოების რეალური ხარჯები შესაძლოა განსხვავდებოდეს მწარმოებლის მასშტაბის, წარმოების პირობებისა და შესყიდვის პირობების მიხედვით, ხოლო ინდოეთიდან და ინდოეთის მიმართულებით განხორციელებული სავაჭრო გადაზიდვების ფასები ასახავს მიმდინარე საბაზრო პირობებს და არა იმ მინიმალურ თვითღირებულებას, რომლის მიღწევაც შესაძლებელი იქნება გენერიკული სემაგლუტიდის ფართომასშტაბიანი წარმოების შემთხვევაში. გარდა ამისა, საინექციო კალმების ღირებულების შესახებ მონაცემები ნაკლებად გამჭვირვალე იყო, ვიდრე სემაგლუტიდის აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტის თვითღირებულების შესახებ არსებული ინფორმაცია. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ კვლევა დაფინანსებულია საერთაშორისო მკურნალობის ხელმისაწვდომობის კოალიციის (International Treatment Preparedness Coalition, ITPC) მიერ, ხოლო ერთ-ერთმა ავტორმა განაცხადა ფარმაცევტული კომპანიებისგან მიღებული სალექციო ჰონორარების და კვლევითი გრანტების შესახებ.

წყარო: www.medscape.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები