თირკმლის ეროვნული ფონდის (NKF) 2026 წლის კონფერენციაზე გამოცდილი ნეფროლოგების პროფესიული დაპირისპირება ერთ-ერთ კრიტიკულ სამედიცინო საკითხს მიეძღვნა. დავის მთავარ თემას ქრონიკული ჰიპონატრიემიის მართვის ტაქტიკა წარმოადგენდა. სპეციალისტები მსჯელობდნენ, ოსმოსური დემიელინიზაციის სინდრომის (ODS) პრევენციისთვის ნატრიუმის დონის მხოლოდ ნელი კორექციაა საჭირო, თუ გარკვეულ პაციენტებში უფრო სწრაფი ტემპიც დასაშვებია.
რატომ არის სახიფათო ჰიპონატრიემია?
ეს ელექტროლიტი უჯრედული სტრუქტურების, კერძოდ კი ნეირონების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ნატრიუმის დონის მკვეთრი ვარდნა თავის ტვინის ქსოვილების სახიფათო შეშუპებას იწვევს. კლინიკური სურათი გულისრევას, თავის ტკივილს, ცნობიერების დათრგუნვას, გულყრასა და მძიმე შემთხვევებში, ფატალურ გამოსავალსაც კი მოიცავს.
აღნიშნული პათოლოგია იმაზე ბევრად უფრო გავრცელებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია. რისკ-ჯგუფებს სტაციონარის პაციენტები, გერიატრიული კონტინგენტი, მარათონელები (ჭარბი ჰიდრატაციის გამო), ასევე ღვიძლის ციროზის, გულის უკმარისობისა და გარკვეულ მედიკამენტურ თერაპიაზე მყოფი პირები წარმოადგენენ.
როდესაც ელექტროლიტური დისბალანსი დღეების ან კვირების განმავლობაში, თანდათანობით ვითარდება, ყალიბდება ქრონიკული ჰიპონატრიემია, რომლის დროსაც ნერვული სისტემა ახალ მაჩვენებლებს ეგუება. სწორედ ეს კომპენსატორული ადაპტაცია მკურნალობის პროცესს საგრძნობლად ართულებს.
სწრაფი კორექციის რისკები
კლინიცისტების წინაშე არსებული მთავარი დილემა სწორედ ამ მექანიზმს უკავშირდება: დაბალ მაჩვენებლებთან შეგუებული ტვინისთვის ნატრიუმის დონის ფორსირებული, სწრაფი აღდგენა დამანგრეველი დარტყმაა. აღნიშნული დისბალანსის შედეგად შესაძლოა განვითარდეს მძიმე პათოლოგია – ოსმოსური დემიელინიზაციის სინდრომი (ODS), რაც ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსის დაშლას იწვევს. ODS ხშირად დამბლით, დისფაგიით (ყლაპვის დარღვევით), შეუქცევადი ნევროლოგიური დეფიციტითა და ლეტალური გამოსავლით ვლინდება.
ამ ფატალური გართულების თავიდან ასაცილებლად, მოქმედი სამედიცინო გაიდლაინები ელექტროლიტების მხოლოდ ეტაპობრივ აღდგენას ითხოვს. კერძოდ, მაღალი რისკის ჯგუფში ნატრიუმის მატების ტემპი დღეში 8 მმოლ/ლ-ს, ხოლო საშუალო რისკის პირებში- 10-12 მმოლ/ლ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ეს კლინიკური შეზღუდვები სამედიცინო პრაქტიკაში ათწლეულების განმავლობაში ურყევ სტანდარტს წარმოადგენდა. თუმცა, თანამედროვე სამედიცინო მტკიცებულებები ამ შეზღუდვების გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
არგუმენტები ფორსირებული კორექციის სასარგებლოდ
Ochsner Health-ის ნეფროლოგიის პროფესორის, დოქტორ ხუან კარლოს ველესის განცხადებით, კლინიკურ პრაქტიკაში ODS-ის განვითარების შიში აშკარად გადაჭარბებულია, ხოლო ხანგრძლივი ჰიპონატრიემიის ნეგატიური შედეგები – სათანადოდ შეუფასებელი.
მისი ძირითადი თეზისი რამდენიმე პუნქტს ეფუძნება:
სპეციფიკური რისკ-ფაქტორების როლი: ODS-ის ჩამოყალიბება ექსტრემალურად იშვიათია, თუ პაციენტი მკაცრად განსაზღვრული მაღალი რისკის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. ეს ანამნეზური ფაქტორები ალკოჰოლიზმს, კახექსიას, ნატრიუმის უკიდურესად დაბალ საწყის მაჩვენებლებს, ჰიპოკალიემიასა და ღვიძლის მძიმე პათოლოგიებს მოიცავს. ამ კრიტერიუმების გარეშე, სწრაფი კორექცია უსაფრთხო თერაპიულ მეთოდად მიიჩნევა.
სტატისტიკური მტკიცებულებები: 2023 წლის მასშტაბურ კვლევაში, სადაც კანადის ხუთ წამყვან ჰოსპიტალში ჰიპონატრიემიით მოთავსებული 23,000 პაციენტი მონაწილეობდა, სწრაფ კორექციას შემთხვევების 18%-ში მიმართეს. ამის მიუხედავად, ODS საერთო პოპულაციის მხოლოდ 0.05%-ში დაფიქსირდა. სხვა ბოლოდროინდელმა ანალიზმა (14,000 პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით) აჩვენა, რომ აქტიური თერაპია 90-დღიან პერიოდში ნევროლოგიურ გართულებებსა და ლეტალობას საგრძნობლად ამცირებს.
მკურნალობის პრაქტიკული სირთულეები: მომხსენებელმა აქცენტი ნელი კორექციის ტექნიკურ სირთულეზეც გააკეთა. მედპერსონალის მაქსიმალური კონტროლის მიუხედავად, პაციენტები სამიზნე სიჩქარეს შემთხვევათა 28-69%-ში მაინც აჭარბებენ. ნატრიემიის დინამიკა ორგანიზმის ენდოგენურ, არაპროგნოზირებად პასუხებზე პირდაპირ რეაგირებს. შესაბამისად, კლინიცისტებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უმართავი ბიოლოგიური პროცესების გამო, მეცნიერულად გაუმართლებელია.
დოქტორ ველესის დასკვნით, მოქმედი გაიდლაინები სამედიცინო საზოგადოებაში გადაჭარბებულ სიფრთხილეს ნერგავს. აღნიშნული მიდგომა პათოლოგიის არასრულფასოვან მკურნალობასა და მაღალეფექტური მედიკამენტების – ვაპტანების ბლოკირებას იწვევს. შესაბამისად, არსებული კლინიკური პროტოკოლები უნდა გადაიხედოს.
არგუმენტები ნელი კორექციის სასარგებლოდ
პიტსბურგის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორმა, დოქტორმა ჰელბერტ რონდონ ბერიოსმა საპირისპირო პოზიცია ფრთხილად და მეთოდურად წარმოადგინა.
ოპონენტის კრიტიკისას მან აქცენტი რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორზე გააკეთა:
შერჩევის სისტემური ცდომილება (Selection Bias): ბერიოსის განმარტებით, ODS-ის დაბალი სიხშირე იმ კვლევების მეთოდოლოგიური ხარვეზებით არის გამოწვეული, რომლებიც სწრაფი კორექციის უსაფრთხოებას ამტკიცებენ. მაგალითად, ველესის მიერ ციტირებულ კანადურ კვლევაში პაციენტთა 90%-ს ნატრიუმის საწყისი დონე 120 მმოლ/ლ-ზე მაღალი აღენიშნებოდა. ეს არის ჰიპონატრიემიის ზომიერი ხარისხი, რომლის დროსაც დღიური ლიმიტები (8 მმოლ/ლ) ისედაც არ მოქმედებს. თუმცა, როდესაც პროფესორმა მძიმე კოჰორტა (≤110 მმოლ/ლ) ცალკე შეაფასა, ODS-ის მაჩვენებელი 2.6%-მდე გაიზარდა, რაც საერთო მაჩვენებელზე 50-ჯერ მაღალი აღმოჩნდა.
დიაგნოსტიკის არასრულყოფილება: ODS-ის იდენტიფიცირება აქტიური ძიების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. პათოლოგიის დასადასტურებლად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) არის საჭირო, რაც აღნიშნულ კვლევებში ყველა პაციენტს არ ჩატარებია. ბერიოსმა მკაფიო შეუსაბამობაზეც მიუთითა: სანამ კანადურმა ჯგუფმა ბაზაში ODS-ის მხოლოდ 7 შემთხვევა დააფიქსირა, იმავე კლინიკის ნევროლოგებმა, იმავე პერიოდში, მიზანმიმართული კვლევით სინდრომის 45 შემთხვევა აღმოაჩინეს.
მიზეზების არასწორი ინტერპრეტაცია: პროფესორმა ეჭვქვეშ დააყენა მტკიცებულება, რომ სწრაფი ტემპი სიკვდილიანობას ამცირებს. კვლევებში, სადაც ნელმა კორექციამ მაღალი ლეტალობა აჩვენა, პაციენტები თავიდანვე ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში (ღვიძლის ციროზით, ტერმინალური ონკოლოგიითა და გულის უკმარისობით) იმყოფებოდნენ. ამ შემთხვევებში ნატრიუმის დონე ფრთხილი თერაპიის გამო კი არა, ძირითადი დაავადების სიმძიმის გამო ვერ მატულობდა. ამიტომ, ამ ჯგუფების ერთმანეთთან შედარება მეცნიერულად კორექტული არ არის.
საკუთარი კლინიკური მონაცემები: მისმა მიმდინარე კვლევამ, რომელიც ექსტრემალურად მძიმე პაციენტებს (≤105 მმოლ/ლ) მოიცავს, საყურადღებო სურათი აჩვენა. იმ პირებში, რომლებთანაც კორექციის სიჩქარემ დღეში 8 მმოლ/ლ-ს გადააჭარბა, ODS-ის განვითარების მაჩვენებელმა 22% შეადგინა. ნელი ტემპის პირობებში კი ეს გართულება საერთოდ არ დაფიქსირებულა.
ბერიოსის აზრით, მოქმედი გაიდლაინები სრულიად ვალიდური და რაციონალურია, განსაკუთრებით მაღალი რისკის კონტინგენტში. თავისუფალი მიდგომის მომხრე კვლევები კი სერიოზულ მეთოდოლოგიურ ხარვეზებს შეიცავს, რომელთა იგნორირებაც დაუშვებელია.
კონსენსუსის ძიება
ძირითადად დისკუსია ტაქტიკურ საზღვრებსა და იმ ახალი სამეცნიერო მტკიცებულებების ვალიდურობას ეხება, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დამკვიდრებულ სტანდარტებს ეჭვქვეშ აყენებენ.
სიტუაციას ისიც აფერხებს, რომ ამ მიმართულებით ზუსტი მეცნიერული ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან ჭირს. ნატრიუმის ცვლილებაზე მხოლოდ გადასხმები კი არა, თავად ორგანიზმის უნიკალური ბიოქიმიური პროცესებიც მოქმედებს. ამასთანავე, ექიმებისა და პაციენტებისგან მკურნალობის მეთოდის ფარულად შენახვა (blinding) ფიზიკურად შეუძლებელია, ხოლო თავად ODS იმდენად იშვიათია, რომ მის შესასწავლად მილიონობით ადამიანის მონაცემებია საჭირო.
სანამ მეცნიერები დაობენ, საავადმყოფოებში ექიმებს გადაწყვეტილებების მიღება ყოველ წუთს უწევთ. მძიმე პაციენტის წინაშე მდგარი ნეფროლოგი მკურნალობის სარგებელსა და შესაძლო საფრთხეებს ყოველ ჯერზე ინდივიდუალურად აფასებს.
ამჟამად, სამედიცინო საზოგადოება უფრო დაბალანსებული, კომპრომისული მიდგომისკენ იხრება: მაღალი რისკის მქონე პირები (უკიდურესი ჰიპონატრიემია, ალკოჰოლიზმი, მალნუტრიცია, ციროზი) კვლავ ძველი, ნელი მეთოდით იმართებიან, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ექიმებს მოქმედების მეტი თავისუფლება ეძლევათ. ეს არ არის ერთი კონკრეტული მითითება, თუმცა მედიცინაში აბსოლუტური პასუხები იშვიათობაა.
წყარო: Medscape

