აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) ანგლო-შვედური ფარმაცევტული გიგანტის, AstraZeneca-ს ახალი პრეპარატი ბაქსდროსტატი (baxdrostat) დაამტკიცა. მედიკამენტი, რომელიც ბაზარზე Baxfendy-ს ბრენდული სახელწოდებით გამოვა, მკურნალობის სრულიად ახალ შესაძლებლობას აჩენს მილიონობით იმ პაციენტისთვის, რომელთა მაღალი არტერიული წნევის კონტროლი არსებული წამლებით აქამდე ვერ ხერხდებოდა.
FDA-ს გადაწყვეტილებით, ახალი პრეპარატის გამოყენება სხვა ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან კომბინაციაშია ნებადართული. AstraZeneca-ს პროგნოზით, Baxfendy-ს წლიური გაყიდვები პიკურ პერიოდში 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
როგორ მუშაობს ახალი წამალი?
Baxfendy-ს მოქმედების მექანიზმი რადიკალურად განსხვავდება ძველი თაობის ჰიპერტენზიული საშუალებებისგან (როგორიცაა შარდმდენები ან ACE ინჰიბიტორები), რომლებიც დაავადების გამომწვევ ჰორმონალურ მიზეზებზე არ მოქმედებენ. ახალი მედიკამენტი წნევას ჰორმონ ალდოსტერონის გამომუშავების ბლოკირებით აქვეითებს. სწორედ ეს ჰორმონი იწვევს ორგანიზმში წნევის მატებას და ზრდის გულისა და თირკმელების დაზიანების რისკს. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები იმის დასადგენად, რამდენად ეფექტური იქნება ეს პრეპარატი თირკმლის ქრონიკული დაავადებისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდაც.
FDA-ს ეს ნაბიჯი ემყარება კლინიკური კვლევების მესამე ფაზის მონაცემებს, სადაც მედიკამენტმა საგრძნობლად შეამცირა წნევა იმ პაციენტებში, რომელთა ჰიპერტენზია მანამდე რეზისტენტული (მდგრადი) იყო სხვა წამლების მიმართ. კვლევამ აჩვენა, რომ სტანდარტულ თერაპიასთან ერთად Baxfendy-ს 2 მგ-იანი დოზის მიღებამ 12 კვირაში სისტოლური (ზედა) წნევა საშუალოდ 9.8 მმ ვწყ. სვ.-ით შეამცირა, ხოლო 1 მგ-იანმა დოზამ — 8.7 მმ ვწყ. სვ.-ით.
ამ გადაწყვეტილებით AstraZeneca-მ გაასწრო ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Mineralys Therapeutics-ს, რომელიც ანალოგიური კლასის კონკურენტულ მედიკამენტს (lorundrostat) ავითარებს და რომელზეც FDA-ს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ბოლო მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია გლობალურად დაახლოებით 1.4 მილიარდ ადამიანს აწუხებს და ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. აშშ-ში კი მაღალი წნევა ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარს — 120 მილიონამდე ადამიანს აღენიშნება. ამ ინოვაციური პრეპარატის ფორმულა AstraZeneca-ს მფლობელობაში მას შემდეგ გადავიდა, რაც კომპანიამ 2023 წლის თებერვალში 1.8 მილიარდ დოლარად შეისყიდა CinCor Pharma.
წყარო: Reuters

