ინდოეთის მედიკამენტების სტანდარტების კონტროლის ორგანიზაციამ (Central Drugs Standard Control Organisation, CDSCO) Novo Nordisk-ის მიერ წარმოებული მედიკამენტი Wegovy (სემაგლუტიდი 2.4 მგ) მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატიტის (Metabolic Dysfunction-Associated Steatohepatitis, MASH) სამკურნალოდ დაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ეტაპია ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების მართვის მიმართულებით, რადგან Wegovy გახდა პირველი ინექციური GLP-1 აგონისტი, რომელიც ინდოეთში MASH-ის სამკურნალოდ დამტკიცდა.
MASH (Metabolic Dysfunction-Associated Steatohepatitis — მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული სტეატოჰეპატიტი) წარმოადგენს მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების (MASLD) პროგრესირებად ფორმას, რომლის დროსაც ღვიძლში ცხიმის ჭარბ დაგროვებას თან ახლავს ქრონიკული ანთებითი პროცესი და ღვიძლის უჯრედების დაზიანება.
MASH-ის განვითარების ძირითად პათოფიზიოლოგიურ მექანიზმებს საფუძვლად უდევს ინსულინრეზისტენტობა, ჭარბი წონა, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და სხვა მეტაბოლური დარღვევები. დაავადების დროს ღვიძლის უჯრედებში დაგროვილი ცხიმი იწვევს ანთებით რეაქციებსა და ქსოვილის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება გადაიზარდოს ფიბროზში — ღვიძლის ქსოვილის ნაწიბუროვან გადაგვარებაში.
MASH ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დაავადების პროგრესირების შემთხვევაში იზრდება ღვიძლის ციროზის, ღვიძლის ფუნქციის უკმარისობისა და ჰეპატოცელულური კარცინომის (ღვიძლის პირველადი კიბოს) განვითარების რისკი. ამასთან, MASH ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სხვა მეტაბოლური გართულებების გაზრდილ რისკთან.
თანამედროვე მიდგომებით, MASH განიხილება არა მხოლოდ როგორც ღვიძლის ლოკალური დაავადება, არამედ როგორც სისტემური მეტაბოლური დარღვევის გამოვლინება, რომლის მართვაც მოითხოვს ცხოვრების წესის ცვლილებებსა და, მაღალი რისკის პაციენტებში, მიზნობრივ ფარმაკოლოგიურ თერაპიას.
Wegovy-ის დამტკიცებას საფუძვლად დაედო ESSENCE-ის III ფაზის კლინიკური კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებში შეფასდა სემაგლუტიდის ეფექტურობა MASH-ის მქონე პაციენტებში. კვლევის შედეგების თანახმად, სემაგლუტიდით მკურნალობის ფონზე პაციენტების 63%-მა მიაღწია სტეატოჰეპატიტის ჰისტოლოგიურ გაუმჯობესებას ღვიძლის ფიბროზის პროგრესირების გარეშე, მაშინ როდესაც აღნიშნული შედეგი პლაცებოს ჯგუფში პაციენტების მხოლოდ 34%-ში დაფიქსირდა. ამასთან, სემაგლუტიდის მიმღები პაციენტების დაახლოებით 37%-ში აღინიშნა ღვიძლის ფიბროზის გაუმჯობესება, რაც მიუთითებს, რომ პრეპარატის მოქმედება შესაძლოა დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ ღვიძლში ცხიმოვანი დაგროვებისა და ანთებითი პროცესების შემცირებასთან, არამედ ღვიძლის სტრუქტურული დაზიანებისა და ფიბროზული (ნაწიბუროვანი) ცვლილებების გაუმჯობესებასთანაც.
MASH-ის თერაპიისთვის დამტკიცებული დოზა შეადგენს სემაგლუტიდის 2.4 მგ-ს, რომელიც ინიშნება კვირაში ერთხელ, კანქვეშა ინექციის გზით. Wegovy დაშვებულია მოზრდილ პაციენტებში გამოყენებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლის საშუალო ან უფრო მძიმე ხარისხის ფიბროზი (F2–F3 სტადიები), ცხოვრების წესის ინტერვენციებთან — მათ შორის, დაბალკალორიულ დიეტასა და გაზრდილ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად. არსებული კლინიკური კვლევების მიხედვით, პრეპარატს შეუძლია ღვიძლის პირველი და მეორე ხარისხის ფიბროზის (F1–F2) გაუმჯობესება და ზოგიერთ შემთხვევაში მისი რეგრესიის ხელშეწყობაც.
დაავადების მაღალი პრევალენტობის გათვალისწინებით Wegovy-ის ახალი თერაპიული ჩვენებით დამტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. არსებული ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 38–40%-ს აღენიშნება ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება, ხოლო ამ პაციენტების ნაწილში ვითარდება MASH — დაავადების პროგრესირებადი ფორმა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის ფიბროზის გაღრმავება, ციროზის განვითარება და გაზარდოს ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკი.
სპეციალისტების შეფასებით, GLP-1 რეცეპტორის აგონისტების გამოყენება MASH-ის მართვაში ახალ შესაძლებლობას ქმნის, რადგან მედიკამენტის ეფექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ სისხლში გლუკოზის დონის კონტროლითა და ჭარბი წონის შემცირებით — ისინი ასევე დადებითად მოქმედებენ მეტაბოლურ დარღვევებთან დაკავშირებულ პროცესებზე.
მიუხედავად პრეპარატის კლინიკური სარგებლისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სემაგლუტიდით თერაპია უნდა განიხილებოდეს ცხოვრების წესის ცვლილებებთან კომბინაციაში. მკურნალობის ოპტიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია დაბალანსებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და მეტაბოლური რისკ-ფაქტორების სათანადო მართვა.
წყარო: indianexpress.com

