ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, მსოფლიოში თითქმის 1.2 მილიარდი ადამიანი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემით ცხოვრობს, რაც 1990 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტია. შედეგად, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გლობალურად შრომისუუნარობის მთავარ მიზეზად იქცა და ისეთ დაავადებებსაც კი გაუსწრო, როგორიცაა, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, ონკოლოგიური და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები.
კვლევა ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მეცნიერებმა, კუინზლენდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარეს. მათ 1990-დან 2023 წლამდე პერიოდში, 204 ქვეყანასა და ტერიტორიაზე 12 სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური აშლილობის გავრცელება შეისწავლეს.
რას ამბობს კვლევა?
კვლევამ აჩვენა, რომ ფსიქიკური პრობლემების საერთო წილის ზრდა ძირითადად შფოთვითმა აშლილობებმა და კლინიკურმა დეპრესიამ განაპირობა. 2019 წლის შემდეგ, დეპრესიის შემთხვევები დაახლოებით 24%-ით გაიზარდა, ხოლო შფოთვითი აშლილობების მაჩვენებელი 47%-ზე მეტით არის მომატებული. ორივე ამ პრობლემამ პიკს კოვიდ-პანდემიის შემდგომ წლებში მიაღწია.
მეცნიერთა განმარტებით, ამ ტენდენციაზე გავლენას ახდენს როგორც პანდემიასთან დაკავშირებული ხანგრძლივი სტრესი, ისე სტრუქტურული პრობლემები: სიღარიბე, არასტაბილური გარემო, ძალადობა და სოციალური კავშირების დასუსტება.
მოწყვლადი ჯგუფები
მონაცემების მიხედვით, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე დიდ ტვირთად 15-დან 19 წლამდე მოზარდებსა და ქალებს აწვება. მოზარდობის ასაკში მკვეთრად იცვლება მენტალური პრობლემების სპეციფიკა – თუ ადრეულ ბავშვობაში აუტიზმის სპექტრისა და ყურადღების დეფიციტის (ADHD) სინდრომები უფრო მეტად ბიჭებში ჭარბობს, გარდატეხის პერიოდში წამყვან პოზიციას შფოთვა და დეპრესია იკავებს. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს კრიტიკული ასაკობრივი ზღვარია, რადგან სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი მოზარდის მომავალს.
ამასთანავე, კვლევა მკაფიო გენდერულ სხვაობაზეც მიუთითებს: 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით 620 მილიონი ქალი ცხოვრობდა, მამაკაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 552 მილიონს შეადგენდა. მეცნიერები ამ დისბალანსს კომპლექსურ სოციალურ ფაქტორებს უკავშირებენ, მათ შორის ოჯახურ და სექსუალურ ძალადობას, გაზრდილ საყოფაცხოვრებო პასუხისმგებლობებსა და გენდერულ დისკრიმინაციას.
გლობალური უთანასწორობა და მკურნალობის დეფიციტი
ფსიქიკური პრობლემების მაჩვენებელი მსოფლიოს ყველა რეგიონში გაიზარდა. საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში (ნიდერლანდები, პორტუგალია, ავსტრალია), ასევე დასავლეთ სუბსაჰარულ აფრიკასა და სამხრეთ აზიის ნაწილში დაფიქსირდა.
კვლევა ხაზს უსვამს უდიდეს ჩავარდნას ჯანდაცვის სისტემებში: გლობალურად, კლინიკური დეპრესიის მქონე პაციენტების მხოლოდ 9% იღებს მინიმალურად ადეკვატურ მკურნალობას. 90 ქვეყანაში კი ეს მაჩვენებელი 5%-ზე დაბალია. მკურნალობის ხელმისაწვდომობა 30%-ს მხოლოდ რამდენიმე მაღალგანვითარებულ ქვეყანაში (კანადა, ავსტრალია, ნიდერლანდები) აჭარბებს.
მეცნიერების დასკვნით, ამ გლობალური კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებში ინვესტიციების გაზრდა და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოება, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
წყარო: The Lancet

