კვლევა: ახალი უჯრედული თერაპია თავის ტვინის აგრესიული კიბოს მკურნალობაში დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს

გააზიარე

თავის ტვინის ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ფატალური სიმსივნის, რეციდივული გლიობლასტომის მკურნალობაში ახალი ტიპის იმუნოთერაპია დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს. ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის პირველი ფაზის შედეგები ადასტურებს, რომ ე.წ. CAR-T უჯრედული თერაპია პაციენტებისთვის უსაფრთხო და მაღალი კლინიკური პოტენციალის მქონეა.

CAR-T თერაპია პაციენტის საკუთარი იმუნური (T) უჯრედების გენეტიკურ მოდიფიცირებას გულისხმობს, რათა მათ კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება შეძლონ. ახალი კვლევა ფოკუსირებულია ამ თერაპიის ისეთ ფორმაზე, რომელიც იმუნურ უჯრედებს ცილა B7-H3-ზე სანადიროდ „წვრთნის“, რადგან აღნიშნული მოლეკულა გლიობლასტომების უმეტესობაში დიდი რაოდენობით გვხვდება.

გლიობლასტომის სტანდარტული მკურნალობა ქირურგიული ჩარევისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციას მოიცავს, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობაში დაავადება ბევრად უფრო რეზისტენტული ფორმით ბრუნდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ თანამედროვე პრეპარატები ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვერ ლახავს, რის გამოც რეციდივის მქონე პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობა ძირითადად ერთ წელზე ნაკლებია.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა სტანდარტული მკურნალობის მიმართ რეზისტენტული 15 პაციენტის T უჯრედები ლაბორატორიულად შეცვალეს და ბარიერის გვერდის ავლით, სპეციალური კათეტერის საშუალებით პირდაპირ თავის ტვინში, სიმსივნის კერაში შეიყვანეს. უსაფრთხოების დასადგენად პროცედურა სამი სხვადასხვა სიდიდის დოზით განხორციელდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ მონაწილეთა უმეტესობამ თერაპია კარგად გადაიტანა, ხოლო გამოვლენილი გვერდითი მოვლენები კლინიკური ჩარევით მარტივად დაექვემდებარა მართვას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ პაციენტების ნახევარზე მეტთან სიმსივნის ზრდა შეჩერდა ან მისი ზომა შემცირდა, ერთ-ერთ შემთხვევაში კი სრული რემისია დაფიქსირდა — ეს ეფექტი სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდა.

იელის უნივერსიტეტის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პირველი ფაზის კვლევისთვის მსგავსი კლინიკური ეფექტის დანახვა ძალზე დამაიმედებელია, განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა აღარ აქვთ. მეცნიერების განმარტებით, ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ თერაპია პაციენტის საკუთარ ბიოლოგიურ მასალას იყენებს, რაც პროცესს ბევრად უსაფრთხოს ხდის.

ამჟამად საერთაშორისო სამეცნიერო გუნდი კლინიკური ტესტირების მეორე ფაზისთვის ემზადება, სადაც გაცილებით მეტი პაციენტი ჩაერთვება. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა CAR-T უჯრედების დამატებით გენეტიკურ ინჟინერიაზე, რათა თერაპია კიბოს უჯრედების განადგურებაში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს და მიღებული შედეგი მეტხანს შენარჩუნდეს.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები