არიზონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს პირველი სანდო ინსტრუმენტი, რომელიც შინაურ ცხოველებთან ადამიანების ყოველდღიური კომუნიკაციის ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ახალი მეთოდი მეცნიერებს დაეხმარება, ობიექტურად შეისწავლონ, თუ რა გავლენას ახდენს ოთხფეხა მეგობრებთან საუბარი პატრონების ფსიქიკურ კეთილდღეობაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ შინაური ცხოველების მფლობელები თავიანთი სასაუბრო დროის მეათედს სწორედ მათთან კომუნიკაციას უთმობენ. ამასთან, დადგინდა, რომ საუბრის სტილი და ინტენსივობა ინდივიდების მიხედვით რადიკალურად განსხვავდება, რამაც შესაძლოა ახსნას, თუ რატომ მოქმედებენ ცხოველები ზოგიერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე ბევრად პოზიტიურად, ვიდრე სხვებზე.
სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებული ინსტრუმენტი — AURAL-Pet, წარმოადგენს კოდირების სისტემას, რომელიც ადამიანისა და ცხოველის ურთიერთქმედების სხვადასხვა კატეგორიას აერთიანებს. სისტემა აფასებს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა შექება, კითხვების დასმა, ბრძანების გაცემა თუ ფრუსტრაციის გამოხატვა.
ობიექტური მონაცემების შესაგროვებლად სპეციალისტებმა სმარტფონის აპლიკაცია (EAR) გამოიყენეს, რომელიც დღის განმავლობაში შემთხვევითად ირთვებოდა და მომხმარებლის ყოველდღიურ რუტინას იწერდა. კვლევის სიზუსტისთვის, 240 მონაწილემ არ იცოდა, რომ მეცნიერები კონკრეტულად შინაურ ცხოველებთან მათ ურთიერთობას სწავლობდნენ, რამაც მიკერძოებული ქცევის რისკები სრულად გამორიცხა.
ფსიქიატრიულ ჟურნალ Frontiers in Psychiatry-ში გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორების განმარტებით, ეს მიდგომა მეცნიერებას ე.წ. “შინაური ცხოველის ეფექტის” გარშემო არსებული წინააღმდეგობრივი მოსაზრებების გადაჭრაში დაეხმარება. აქამდე არსებული კვლევები ხშირად ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს აჩვენებდა იმის შესახებ, მართლა ამცირებს თუ არა ცხოველის ყოლა სიმარტოვესა და დეპრესიას.
ამჟამად მკვლევრები ახალ ინსტრუმენტს კიდევ ერთ პროექტში იყენებენ, რომელიც 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობას სწავლობს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შინაური ცხოველი ხშირად სოციალური პარტნიორის როლს ირგებს, ან ერთგვარი სოციალური კატალიზატორი ხდება, რაც პატრონს სხვა ადამიანებთან კომუნიკაციაში ეხმარება.
ინოვაციური მეთოდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ის ადამიანის ბუნებრივ, დაუმუშავებელ ქცევას აფიქსირებს და არა მხოლოდ მათ მიერ კითხვარებში მითითებულ სუბიექტურ პასუხებს. მკვლევართა შეფასებით, მსგავსი ობიექტური მიდგომა ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობის ფსიქოლოგიური ეფექტების შესწავლას სრულიად ახალ, ეფექტიან ეტაპზე გადაიყვანს.
წყარო: frontiersin

