ქართველი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა პაციენტების მართვის პროცესში ინოვაციურ, სრულად ციფრულ მიდგომას ნერგავს. ახალი სისტემა, რომელიც პაციენტის ანამნეზის (სამედიცინო ისტორიის) შეგროვების რეფორმაციას გულისხმობს, მიზნად ისახავს ვიზიტამდე პაციენტის სტრესის შემცირებას და დიაგნოსტირების ხარისხის მაქსიმალურ გაუმჯობესებას.
ექიმის განმარტებით, გასტროენტეროლოგიური პრაქტიკის წარმატების უდიდესი ნაწილი სწორედ დეტალურ და სწორად შეკრებილ ანამნეზზეა დამოკიდებული. თუმცა, კლინიკურ გარემოში, უცხო ადამიანებთან ხშირად „უხერხულ“ ჩივილებზე საუბარი პაციენტებისთვის სტრესულია, რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ყურადღების მიღმა რჩება.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჯაბა ზარქუამ შეიმუშავა ოთხი ტიპის სრულფასოვანი ციფრული კითხვარი: ზედა გასტრო, ქვედა გასტრო, ჰეპატობილიარული და სრული გასტრო.
როგორ იმუშავებს ახალი სისტემა?
კლინიკაში ფიზიკურ ვიზიტამდე, სამედიცინო გუნდის წევრები სატელეფონო კომუნიკაციით დაადგენენ პაციენტის პრობლემის სპეციფიკას და შესაბამის ელექტრონულ კითხვარს გაუგზავნიან. პაციენტი კი, თავის მხრივ, სახლიდან, კომფორტულ და მშვიდ გარემოში შეძლებს მის შევსებას.
ახალი ციფრული მოდელის მთავარი უპირატესობა მისი სიმარტივე, მობილურობა და სრული ავტომატიზაციაა. მოსახერხებელ HTML ფორმატში შექმნილი კითხვარი მორგებულია მობილურ მოწყობილობებზეც, რაც გამორიცხავს ფაილების გადმოწერისა და ხელით შევსების აუცილებლობას.
პროცესი სრულად გაციფრულებულია: მონაცემების გაგზავნისთანავე, შევსებული ფორმა ექიმის პირად მონაცემთა ბაზაში (JSON ფაილის სახით) ავტომატურად ინახება.
გარდა ამისა, სისტემა პაციენტებს აძლევს საშუალებას, კითხვარის ბოლოს 30-მდე სამედიცინო დოკუმენტი (PDF ფაილები ან ფოტოები) ატვირთონ. ეს კლინიკაში ანალიზების ფურცლების ტარების საჭიროებას სრულად ხსნის, რადგან სამედიცინო გუნდი ატვირთულ დოკუმენტაციას პაციენტის ვიზიტამდე ახარისხებს.
„ავსებთ კითხვარს სერიოზულად და სრული ყურადღებით, მეორე დღეს კი მოდიხართ ჩემთან და სანამ თვალებში ჩაგხედავთ, უკვე ვიცი თქვენი ისტორია ისე დეტალურად, როგორც არ მოგიყოლიათ არც ერთი ექიმისათვის. ეს აუცილებლად დადებითად აისახება პაციენტის მართვაზე და მკურნალობის გამოსავალზე“, — აცხადებს ჯაბა ზარქუა.
სისტემის გამოყენების კიდევ უფრო გასამარტივებლად, პაციენტებისთვის YouTube-ზე სპეციალური ვიდეო-ინსტრუქციებია განთავსებული. ექიმის შეფასებით, ეს ცვლილება მედიცინაში პაციენტებთან ურთიერთობის ახალ, ნაკლებად სტრესულ და შეუდარებლად უფრო ეფექტურ ეტაპს უყრის საფუძველს.

