გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NICE) მწვანე შუქი აუნთო მსოფლიოში პირველ იმუნოთერაპიულ პრეპარატს, ტეპლიზუმაბს (Teplizumab), რომელიც I ტიპის დიაბეტის კლინიკური სიმპტომების გამოვლენას საშუალოდ 3 წლამდე აფერხებს. ბრიტანელი ექსპერტები ამ გადაწყვეტილებას ინსულინის აღმოჩენის შემდეგ, ბოლო 100 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დიაბეტის მკურნალობაში ყველაზე დიდ მიღწევად აფასებენ.
I ტიპის დიაბეტი, რომელიც ძირითადად ბავშვებსა და მოზარდებში ვლინდება, აუტოიმუნური დაავადებაა — ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით ესხმის თავს კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) უჯრედებს და ინსულინის გამომუშავებას წყვეტს.
ტეპლიზუმაბი არ კურნავს დაავადებას, თუმცა ის „ავარჯიშებს“ იმუნურ სისტემას, რათა მან შეწყვიტოს პანკრეასის უჯრედების განადგურება. პრეპარატი დამტკიცდა ზრდასრულებისა და 8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ დაავადების ადრეული, ასიმპტომური სტადია (მე-2 სტადია) და აქვთ კლინიკური დიაბეტის (მე-3 სტადია) განვითარების მაღალი რისკი. მედიკამენტი გადაისხმება ვენური გზით, დღეში ერთხელ, დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, ზედიზედ 14 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც მკურნალობის სრული კურსი სრულდება.
აქამდე არსებული ერთადერთი მკურნალობა — ინსულინთერაპია, რომელიც 105 წლის წინ აღმოაჩინეს, დაავადების მიმდინარეობას ვერ ცვლის და მხოლოდ დანაკლისს აინაზღაურებს. ტეპლიზუმაბი კი პირველი მედიკამენტია, რომელიც უშუალოდ დაავადების გამომწვევ მიზეზზე მოქმედებს და გადამწყვეტ ნაბიჯს წარმოადგენს იმ მომავლისკენ, სადაც ამ დაავადების სრული პრევენცია გახდება შესაძლებელი.
დიაბეტის განვითარების 3 წლით გადავადება პაცინტებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, აძლევს ფასდაუდებელ დროს, რათა მუდმივი ინექციებისა და გლუკოზის მკაცრი კონტროლის გარეშე მიაღწიონ განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებს, ხოლო ოჯახებს — მოემზადონ დაავადების შემდგომი მართვისთვის. პრეპარატი ბრიტანეთის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისთვის (NHS) სპეციალური, კონფიდენციალური ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: The Guardian

