თავისუფლების ნეირობიოლოგია: რატომ არის დამოუკიდებლობა ჩვენი ტვინის ბიოლოგიური მოთხოვნილება?

გააზიარე

26 მაისს ყველაზე უფრო მეტს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე ვფიქრობთ. ალბათ, უმეტესად, ფილოსოფიურ და პოლიტიკურ კონტექსტში. თუმცა, თანამედროვე ნეირომეცნიერებაც გვემოწმება, რომ ავტონომია და არჩევანის შესაძლებლობა ადამიანის ფსიქიკური თუ ნეირობიოლოგიური კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.

საინტერესოა, რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც თავისუფლება იზღუდება და რატომ რეაგირებს ადამიანის ბიოლოგია დამოუკიდებლობის დაკარგვაზე ასე მძაფრად?

ნეირობიოლოგიური პერსპექტივიდან, თავისუფლება მხოლოდ ჩვეულებრივი იდეა არ არის. ეს გარემოა, რომელშიც ტვინი ყველაზე ეფექტიანად მუშაობს. როდესაც ადამიანს გადაადგილების, არჩევანისა და აზრის გამოხატვის რეალური შესაძლებლობა აქვს, აქტიურდება პრეფრონტალური ქერქი, რომელიც სტრატეგიულ დაგეგმვაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და ემოციების რეგულაციაზეა პასუხისმგებელი. ამავდროულად, სივრცეში თავისუფალი ნავიგაცია ჰიპოკამპის აქტიურ მუშაობასთან ასოცირდება, დამოუკიდებელი მოქმედების მოლოდინი კი პირდაპირ ასტიმულირებს დოფამინურ სისტემას, რაც მოტივაციასა და შემოქმედებით ჩართულობას მკვეთრად აძლიერებს.

ისიც ვთქვათ, თავისუფლების დაკარგვა იშვიათად ხდება ერთბაშად. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ადამიანის ტვინი ევოლუციურად გარემოსთან ადაპტაციაზეა ორიენტირებული და ახალ რეალობებს სწრაფად ერგება. თუმცა, ეს ადაპტაცია მეტწილად კოგნიტური მოქნილობის შემცირების ხარჯზეა. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ დამოუკიდებელი მოქმედების სივრცე უვიწროვდება, ტვინი ენერგიის დაზოგვისა და გადარჩენის რეჟიმზე გადადის.

ფიზიკური და არჩევანის სივრცის შეზღუდვისას, ტვინის ზოგიერთი სისტემა ფუნქციურადაც იცვლება. მაგალითად, პარიეტალური ქერქი, რომელიც სივრცით აღქმასა და გარემოში ორიენტაციაში მონაწილეობს, ნაკლებად იტვირთება, ახლის ძიებისა და გარემოს კვლევისადმი მოტივაცია კი თანდათან მცირდება. პარალელურად, იცვლება წინა სარტყლისებრი ქერქის აქტივობაც – უბნისა, რომელიც მოტივაციას, კონფლიქტის შეფასებასა და გადაწყვეტილებების მიღებას აკონტროლებს. ეს პროცესები საბოლოოდ აპათიისა და უიმედობის განცდას აძლიერებს, რაც ესოდენ არახალია ჩვენთვის.

თავისუფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმა თვითცენზურა და მუდმივი სიფრთხილის მდგომარეობაა. როდესაც აზრის გამოხატვას პოტენციური საფრთხე ახლავს, ადამიანი ხშირად საკუთარი ფიქრებისა და ემოციების შეკავებას იწყებს. დროთა განმავლობაში, ქრონიკული შიში და სოციალური ზეწოლა პირდაპირ აისახება მეტყველების სპონტანურობაზე, სოციალური ურთიერთობების ხარისხსა და შფოთვის დონეზე.

ხანგრძლივი დაქვემდებარება დაკავშირებულია მდგომარეობასთან, რომელსაც ფსიქოლოგიაში „ნასწავლ უმწეობას“ უწოდებენ. ამ დროს ადამიანი თანდათან კარგავს რწმენას, რომ მის ქმედებებს რაიმე შედეგის შეცვლა შეუძლია. კვლევები ადასტურებს, რომ ასეთ დროს იცვლება ტვინის იმ ქსელების აქტივობაც, რომლებიც თვითრეფლექსიას, მომავლის წარმოდგენასა და ალტერნატიული სცენარების გააზრებას უზრუნველყოფს.

კიდევ უფრო ღრმა ზემოქმედება აქვს ე.წ. მორალურ ტრავმას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს გადარჩენის ან უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა უწევს. ქრონიკული სტრესი და კორტიზოლის დისრეგულაცია ამ დროს ორგანიზმში ანთებით პროცესებთან, შფოთვასთან, დაღლილობასა და ფსიქიკურ გამოფიტვასთან ასოცირდება. უფრო მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანგრძლივი შინაგანი კონფლიქტი მხოლოდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობად არ რჩება, ის პირდაპირ ფიზიოლოგიურ დონეზე ისახება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები