ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების წარუმატებელი ეპოქა სრულდება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ვირუსის სპეციფიკური კომპლექსი, რომელიც აქამდე ვირუსს უჯრედში შეღწევასა და დამალვაში ეხმარებოდა. ახლა კი ეს სტრუქტურაციტომეგალოვირუსისთვის „აქილევსის ქუსლად“ იქცევა. პიტსბურგის უნივერსიტეტის ეს ახალი კვლევა გარდამტეხია, რადგან მეცნიერებს უკვე აქვთ კონკრეტული სამიზნე. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია შეიქმნას ზუსტად მორგებული და ეფექტური სამკურნალო საშუალებები.
წარმოიდგინეთ ციტომეგალოვირუსი (CMV) როგორც „ჩუმი მტერი“, რომელიც ჩვენი უმრავლესობის ორგანიზმში ცხოვრობს. სანამ ჩვენი იმუნური სისტემა, როგორც ფხიზელი მცველი, ძლიერია, ამ მტერს მშვიდად „ძინავს“ და მის არსებობას ვერ ვამჩნევთ. მაგრამ რა ხდება, როცა ეს „მცველი“ სუსტდება? ან როცა ვირუსი ხვდება ისეთ ორგანიზმში, რომლის დაცვითი სისტემა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული, მაგალითად, დედის მუცელში მყოფ ნაყოფში?
სწორედ ასეთ დროს ვირუსის გასააქტიურებლად ხელსაყრელი პირობები იქმნება და ის ქმნის რეალურ საფრთხეს, რაც სტატისტიკური მონაცემებითაც დასტურდება.
გლობალურად, ყოველი 200 ახალშობილიდან ერთი თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსით იბადება, მათგან 10-15%-ს კი უვითარდება სერიოზული და ხშირად შეუქცევადი გართულებები, როგორიცაა სმენის მუდმივი დაქვეითება, განვითარების შეფერხება და მხედველობის პრობლემები. ანალოგიურად, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, მაგალითად, ორგანო გადანერგილ პაციენტებში, მნიშვნელოვნად იზრდება ნაწლავის, ფილტვისა და ბადურის ანთებითი პათოლოგიების განვითარების რისკი.
საიდუმლო “გვერდითი კარი”
ჟურნალ Nature microbiology-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, პიტსბურგის უნივერსიტეტისა და ლა-ჰოიას იმუნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა აღწერეს აქამდე უცნობი მექანიზმი, რომელსაც CMV ადამიანის უჯრედებში შეღწევისთვის იყენებს. ჰერპესის ოჯახის სხვა ვირუსების უმეტესობა უჯრედში მოსახვედრად სტანდარტულ ორცილიან კომპლექსს (gH/gL) იყენებს, თუმცა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ CMV გაცილებით “ჭკვიანურ” ალტერნატივას მიმართავს. ის ქმნის განსხვავებულ, სამცილიან სტრუქტურას, რომელსაც ავტორებმა GATE კომპლექსი (gH-თან ასოცირებული ტროპიზმისა და შეღწევის კომპლექსი) დაარქვეს. ეს კომპლექსი gH, UL116 და UL141 ცილებისგან შედგება და მოქმედებს როგორც სპეციალური „გასაღები“. ის საშუალებას აძლევს ვირუსს „გვერდითი კარიდან“, არასატნდარტული გზით, შეაღწიოს და დააინფიციროს ჩვენი სისხლძარღვების ამომფენი უმნიშვნელოვანესი უჯრედები.
GATE კომპლექსის მნიშვნელობა მხოლოდ უჯრედში შეღწევით არ შემოიფარგლება. კვლევამ აჩვენა, რომ მას ორმაგი, საშიში ფუნქცია აქვს. ის ვირუსს უჯრედში შეღწევის საშუალებასაც აძლევს და თან ეხმარება მას „დაემალოს“ იმუნურ სისტემას.
მისი ერთ-ერთი კომპონენტი – UL141, ცნობილი როგორც „იმუნოევაზინი“- ცილაა, რომლის დანიშნულებაც იმუნური სისტემისგან ვირუსის შენიღბვაა. შეღწევის გასაღებთან ერთად შენიღბვის ამ მექანიზმის გამოყენებით CMV-ს შეუძლია ფარული თავდასხმა განახორციელოს და უჯრედიდან უჯრედში გავრცელდეს მანამ, სანამ ორგანიზმის თავდაცვითი სისტემა განგაშის სიგნალს ჩართავს. ეს აღმოჩენა დამაჯერებლად ხსნის, რატომ იყო წარუმატებელი წინა ვაქცინები, რომლებიც, სავარაუდოდ, მხოლოდ ტრადიციულ ვირუსულ სტრუქტურებზე იყო ორიენტირებული.
GATE კომპლექსის აღმოჩენა გარდამტეხი მომენტია CMV-ს წინააღმდეგ ბრძოლაში. ახლა მეცნიერებს აქვთ მკაფიო სამიზნე. თუ შეიქმნება მედიკამენტები ან ვაქცინები, რომლებიც სწორედ ამ კომპლექსს დაბლოკავს, ვირუსს გავრცელების საშუალებას თავიდანვე არ მისცემს. ამ გზით დაცული იქნებიან როგორც ნაყოფი, ისე მაღალი რისკის პაციენტებიც. უფრო მეტიც, ეს აღმოჩენა შესაძლოა სხვა ჰერპეს ვირუსების, მაგალითად, ეპშტეინ-ბარის ვირუსისა და ჩუტყვავილას მოლეკულურ მექანიზმებსაც შეეხოს, რაც მკურნალობის სტრატეგიებს რადიკალურად შეცვლის.

