სიმსუქნისა და ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ განკუთვნილი GLP-1 კლასის პრეპარატების გამოყენების არეალი ფართოვდება. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული მედიკამენტები დაბერების პროცესს ანელებს. ექსპერიმენტის ფარგლებში, მდედრი თაგვების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, რომლებიც სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარტს იღებდნენ, საკონტროლო ჯგუფზე ბევრად უკეთესი აღმოჩნდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) ბიოლოგმა და კვლევის თანაავტორმა, დანიკა ჩენმა ექსპერიმენტი 20 თვის (ადამიანის შემთხვევში 60 წლის ეკვივალენტი) ჯანმრთელ თაგვებზე ჩაატარა. მედიკამენტ სემაგლუტიდით (ცნობილი სავაჭრო სახელებით Ozempic და Wegovy) მკურნალობის შედეგად, ცხოველების სიცოცხლის მედიანურმა ხანგრძლივობამ 834 დღე შეადგინა, რაც 12%-ით აღემატება საკონტროლო ჯგუფის მაჩვენებელს (742 დღე). ამასთან, პრეპარატზე მყოფმა თაგვებმა გაუმჯობესებული კოორდინაცია, კუნთების ფუნქცია და შაქრის გადამუშავების უნარი აჩვენეს. ლაბორატორიულმა ანალიზმა ასევე გამოავლინა დაბერებასთან ასოცირებული უჯრედული ცვლილებებისა და ანთებითი პროცესების მნიშვნელოვანი შენელება.
ცნობილია, რომ GLP-1 რეცეპტორების აქტივაცია მადას აქვეითებს. ექსპერიმენტის განმავლობაში თაგვებმა კალორიების მიღება დამოუკიდებლად 24%-ით შეამცირეს. იმის დასადგენად, იყო თუ არა სიცოცხლის გახანგრძლივება მხოლოდ დიეტის დამსახურება, მეცნიერებმა თაგვების დამატებითი ჯგუფი ზუსტად იმავე კალორიულ რეჟიმზე გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფმა სიცოცხლის ხანგრძლივობის იდენტური მაჩვენებელი აჩვენა, სემაგლუტიდით ნამკურნალებმა ცხოველებმა სივრცითი მეხსიერების ტესტებში ბევრად უკეთესი შედეგები დააფიქსირეს. მკვლევართა შეფასებით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ პრეპარატს კალორიული დეფიციტის მიღმა დამატებითი, ჯერჯერობით ბოლომდე შეუსწავლელი ფიზიოლოგიური სარგებელი მოაქვს.
მიღებული შედეგები წინა პერიოდში ჩატარებულ კვლევებსაც ემთხვევა. ჰონგ-კონგის ჩინური უნივერსიტეტის ნეირომეცნიერის, ჰო კოს ხელმძღვანელობით ადრე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ კიდევ ერთი GLP-1 პრეპარატი (ექსენატიდი) მამრ თაგვებში კუნთური მასის კარგვასა და ასაკობრივ ცვლილებებს აფერხებს. მიუხედავად ამისა, მეცნიერები სიფრთხილეს ინარჩუნებენ, რადგან სხვადასხვა სქესზე მედიკამენტის მოქმედება შესაძლოა განსხვავდებოდეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის სახით პრეპარატის ჯანმრთელ პოპულაციაზე მასობრივად გაცემა ნაადრევია და სამომავლო ტესტირება ძირითადად ასაკობრივი დაავადებების საწყის ეტაპზე მყოფ პაციენტებზე უნდა ფოკუსირდეს.
პარალელურად, მეცნიერები უკვე იწყებენ ადამიანებზე კლინიკურ კვლევებს. ტეხასის უნივერსიტეტის სამედიცინო ფილიალი იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც 55-დან 70 წლამდე ასაკის, ჭარბი წონის მქონე პაციენტებში პრეპარატ ტირზეპატიდის (Mounjaro, Zepbound) დაბერების საწინააღმდეგო პოტენციალს შეისწავლის. აღნიშნული კვლევა 2028 წელს დასრულდება და მედიცინას მეტ სიცხადეს მოუტანს. მანამდე კი, კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტის, მაიკლ კორლის განცხადებით, ხანგრძლივი და ჯანსაღი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად კვლავ ყველაზე ეფექტიან, დადასტურებულ გზად ჯანსაღი კვება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა რჩება.
წყარო: Nature

