“პროფ. სანდრო ცისკარიძის ამ შეფასებას სრულად ვეთანხმები ისევე, როგორც პროფ. ეკა ჭყონიას პოსტებს. ამიტომ მათ მიერ უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებულ არგუმენტებს აღარ გავიმეორებ.
როგორც საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების განცხადების ერთ-ერთი თანაავტორი, საზოგადოების სახელით გაკეთებულ პოსტში შეგნებულად შევინარჩუნეთ აკადემიური ტონი და პატივი ვეცით ჩვენი წევრების განსხვავებულ შეხედულებებს.
ჩემი პირადი პოზიცია კი უფრო მკვეთრია, რადგან ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი ექიმის ან ერთი კონკრეტული მედიკამენტის საკითხი არ არის.
როდის წყვეტს რეგულაცია პაციენტის დაცვას და როდის იწყებს მისთვის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას?
ფსიქიატრიულ პრაქტიკაში ყოველდღიურად ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც თავად დაავადებასთან ერთად სისტემასთან ბრძოლაც უწევთ. თბილისშიც კი გარკვეული მედიკამენტების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ლოკაციაზე, შეზღუდულ საათებში და მხოლოდ სამუშაო დღეებში. წარმოიდგინეთ ხანდაზმული, მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ან გადაადგილება-შეზღუდული პაციენტი ან მისი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა მოერგოს მხოლოდ იმისთვის, რომ უკვე დანიშნული მკურნალობა გააგრძელოს.
და ეს არ არის მხოლოდ გაბაპენტინის პრობლემა.
ზოგჯერ საუბარია იმ პრეპარატებზეც, რომლებიც ანტიფსიქოზური მკურნალობის გვერდითი ეფექტების კორექციისთვის გვჭირდება. მათი ხელმისაწვდომობის შეზღუდვისას პაციენტი და თვით სახელმწიფო პროგრამები იძულებულია იყიდოს ნაკლებად ეფექტური და რამდენჯერმე ძვირი წამლები, რაც საბოლოოდ დამატებით აწვება პაციენტის ჯიბესაც და სახელმწიფო პროგრამასაც
ევროპული პირველადი ჯანდაცვის მოდელები სხვა ტიპისაა – იქ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის დონეზეც იმართება და, მათ შორის, გაბაპენტინის გამოწერა გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის დროს ოჯახს ექიმის კომპეტენციაშია. ჩვენთან კი ისეთი გარემოა, სადაც ექიმს რეგულაციის დარღვევის უფრო მეტად ეშინია, ვიდრე პაციენტისთვის მკურნალობის შეწყვეტის.
დამფრთხალი ექიმი კი უკვე სერიოზული სისტემური პრობლემაა.
სახელმწიფოს უფლება და ვალდებულებაა აკონტროლოს მედიკამენტების ბრუნვა. მაგრამ ისეთივე ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ კონტროლმა პაციენტს მკურნალობაზე წვდომა არ დაუკარგოს.
მეორე საკითხი ექიმის პროფესიული ეთიკაა. –
რას ვერჩით ექიმს, რომელიც პაციენტისგან თანხის გამოძალვას კი არ ცდილობს, არამედ ფიქრობს, რომ პროფესიულად და ადამიანურად ვალდებულია დაეხმაროს მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს?
ექიმობა მხოლოდ თეტღი ხალათის თარება რეგულაციის ფორმალური შესრულება არ არის.- ეს არის პასუხისმგებლობა, კლინიკური გადაწყვეტილება და ემპათია.
თუ ექიმი ყოველი ახალი პაციენტის დანახვისას პირველ რიგში იმაზე დაიწყებს ფიქრს, ხომ არ არის ეს ადამიანი სპეციალურად მის „გამოსაცდელად“ გაგზავნილი, ჩვენ მივიღებთ არა უფრო უსაფრთხო, არამედ თავდაცვით მედიცინას. და ამის ფასს ისევ პაციენტი გადაიხდის.
ჩემთვის ასევე პრინციპული კითხვაა: რა დამოკიდებულებას ვუყალიბებთ სამართალდამცავი სისტემის მიმართ ექიმების ახალ თაობას?
ვასწავლოთ, რომ პაციენტის დახმარებისას მუდმივად უნდა იფიქრონ შესაძლო პროვოკაციაზე? თუ ვასწავლოთ, რომ პროფესიული კეთილსინდისიერება, კლინიკური აზროვნება და პაციენტის ინტერესი დაცული ღირებულებებია?
სახელმწიფოს ვალდებულება მოქალაქის მიმართ მხოლოდ აკრძალვა და კონტროლი არ არის. მისი ვალდებულებაა შექმნას გონივრული, ხელმისაწვდომი და პაციენტზე ორიენტირებული სისტემა.
აკონტროლეთ უკანონო ბრუნვა. გამოავლინეთ რეალური ვაჭრობა, კორუფცია და ბოროტად გამოყენება.
მაგრამ ნუ შექმნით ისეთ წესებსა და პრაქტიკას, რომელთა გადალახვაც ავადმყოფ ადამიანს დამატებით ძალისხმევას, ფულს და ზოგჯერ ღირსებასაც კი ართმევს.
რეგულაცია უნდა იცავდეს პაციენტს და არა აშორებდეს მას მკურნალობას. ხოლო ექიმის ემპათია არ უნდა გახდეს დანაშაულის ეჭვის საფუძველი”, – წერს სოციალურ ქსელში ფსიქიატრი ნინო ოკრიბელაშვილი

