მსოფლიოში ყოველწლიურად ვენური თრომბოემბოლიის 10 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა რეგისტრირდება. ეს დიაგნოზი, სიკვდილიანობის (სისხლძარღვოვანი მიზეზებით გამოწვეული) მაჩვენებლით, მხოლოდ ინფარქტსა და ინსულტს ჩამოუვარდება, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში კი სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშ, მაგრამ პრევენცირებად რისკ-ფაქტორად ითვლება. ვინაიდან თრომბის დროული აღმოჩენა მკურნალობის ეფექტურობისა და პაციენტის გადარჩენის მთავარი პირობაა, კლინიკურ პრაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა დიაგნოსტიკის სისწრაფეს ენიჭება.
სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, SNMMI-ის (ბირთვული მედიცინისა და მოლეკულური ვიზუალიზაციის საზოგადოების) 2026 წლის სიმპოზიუმზე წარდგენილმა ინოვაციურმა კვლევამ სადიაგნოსტიკო მიდგომები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ნაშრომმა თითქმის 1500 სამეცნიერო თეზისს შორის გაიმარჯვა და კონგრესის მთავარი ნომინაციის – „წლის ვიზუალიზაციის“ (Image of the Year) მფლობელი გახდა.
თრომბის პირდაპირი ვიზუალიზაცია
ახალი რადიოფარმპრეპარატი — სახელწოდებით 18F-GP1 — სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ ორგანიზმში გააქტიურებული თრომბოციტები მიზანმიმართულად მოძებნოს და მათ დაუკავშირდეს, რომლებიც თავის მხრივ სისხლის თრომბების ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენენ. ინტრავენური შეყვანის შემდეგ, PET/CT სკანერით ვიზუალიზაციისას, ეს ნივთიერება თრომბებს პირდაპირ შიგნიდან „ანათებს“, მათი ანატომიური ლოკალიზაციის მიუხედავად.
სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენს მთავარ გარდამტეხ მიგნებას. ნაცვლად იმისა, რომ თრომბის არსებობა გარემომცველი სისხლძარღვების ირიბი, სტრუქტურული ცვლილებებით ვივარაუდოთ, 18F-GP1 PET/CT რეალურად თავად პათოლოგიურ სუბსტრატს, მის ზუსტ კოორდინატებს, მოცულობასა და გავრცელების არეალს აზუსტებს.
ვინაიდან PET ვიზუალიზაცია მთელი სხეულის სკანირების უნივერსალურ მეთოდს წარმოადგენს, სულ რაღაც ერთ პროცედურაში ქვედა კიდურებისა და ფილტვის სისხლძარღვოვანი კალაპოტის ერთდროული შეფასება ხდება შესაძლებელი.
რა გამოავლინა კვლევამ
დოქტორ სანგვონ ჰანის ხელმძღვანელობით, კვლევაში თრომბოზის სიმპტომების მქონე 46 პაციენტი ჩაერთო. თითოეულ მათგანს 18F-GP1 PET/CT ვიზუალიზაცია ჩაუტარდა. მიკერძოების გამოსარიცხად, სკანირების შედეგები ბირთვული მედიცინის სამმა ექსპერტმა „ბრმა მეთოდით“, პაციენტების ანამნეზის ცოდნის გარეშე შეაფასა.
კვლევის შედეგები:
ბარძაყის სეგმენტში: ტრესერის ეფექტურობა სტანდარტულ ვენურ ულტრაბგერას სრულად გაუტოლდა.
წვივის ანატომიურ ზონაში: მეთოდმა მაღალი სიზუსტე იქაც გამოავლინა, სადაც სტანდარტული ექოსკოპია თავის მეთოდოლოგიურ შესაძლებლობებს ხშირად კარგავს.
ფილტვის არტერიაში: სისტემამ თრომბოემბოლია იმ შემთხვევებშიც კი გამოავლინა, როდესაც პროცესში ფილტვისა და ქვედა კიდურის სისხლძარღვები პარალელურად იყო ჩართული.

პროტოკოლის ფარგლებში პრეპარატის უსაფრთხოების პროფილის მონიტორინგიც ინტენსიურად მიმდინარეობდა. ახალი რადიოფარმპრეპარატი პაციენტების მიერ კარგად ასატანი აღმოჩნდა და კვლევის მსვლელობისას მედიკამენტთან ასოცირებული გვერდითი ან ტოქსიკური მოვლენა არ გამოვლენილა.
„მიგნებები ადასტურებს, რომ მთელი სხეულის ერთჯერადი PET სკანირება ქვედა კიდურებსა და ფილტვის არტერიის სისტემას ერთდროულად და ზუსტად აფასებს, რაც დუბლირებულ კვლევებს აუქმებს და პაციენტის კომფორტს მკვეთრად ზრდის“, – აღნიშნავს დოქტორი ჰანი.
თუმცა, ეს კვლევა ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. მონაწილეთა ეს რაოდენობა (46 პაციენტი) პირველადი კლინიკური ვალიდაციისთვის საკმარისია, მაგრამ არა საბოლოო დასკვნების გამოსატანად.
18F-GP1-მა ღრმა ვენების თრომბოზის მიმართულებით კლინიკური კვლევების მე-2 ფაზა უკვე დაასრულა, ასევე იგი მცირე კვლევებში ემბოლიური ინსულტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც შეფასდა. შემდეგი ნაბიჯი უფრო მასშტაბური, მულტიცენტრული მე-3 ფაზის კლინიკური კვლევებია, რომლებმაც მიღებული შედეგები უფრო მრავალფეროვან პაციენტთა ჯგუფებსა და კლინიკურ გარემოში უნდა დაადასტუროს.
თუ ეს კვლევები წარმატებით ჩაივლის, მკვლევართა ვარაუდით, ტექნოლოგია რუტინულ კლინიკურ პრაქტიკაში უახლოესი ხუთი-ათი წლის განმავლობაში დაინერგება.
წყარო: SNMMI

