გლაზგოს კალედონიის უნივერსიტეტის (Glasgow Caledonian University) მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა: ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყურსასმენი, რომელსაც ეპილეფსიური შეტევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მისი პროგნოზირება შეუძლია.
ტექნოლოგიის მიზანია რადიკალურად შეცვალოს ეპილეფსიის მქონე მილიონობით ადამიანის ცხოვრება, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ წვდომა მსგავსი ტიპის გამაფრთხილებელ სისტემებზე.
როგორ მუშაობს ტექნოლოგია?
მოწყობილობა ახორციელებს თავის ტვინის ელექტროაქტივობისა და გულის მუშაობის უწყვეტ მონიტორინგს. მასში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რომელიც გაწვრთნილია კლინიკურ მონაცემებზე. ამ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, სისტემა ახდენს ორგანიზმში მიმდინარე იმ სპეციფიკური ფიზიოლოგიური ცვლილებების იდენტიფიცირებას, რომლებიც უშუალოდ უსწრებს წინ ეპილეფსიურ შეტევას.
მოწყობილობა მონაცემთა შესასწავლად იყენებს ორ ძირითად მეთოდს:
- ელექტროენცეფალოგრაფია (EEG): მეთოდი, რომელიც ზომავს და აღრიცხავს თავის ტვინის ნეირონების მიერ წარმოქმნილ ელექტრონულ იმპულსებს.
- ელექტროკარდიოგრაფია (ECG): მეთოდი გულის მუშაობასა და მის რიტმს აკონტროლებს. იგი აღრიცხავს გულის მიერ წარმოქმნილ ელექტრონულ სიგნალებს, რაც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, რამდენად ჯანმრთელად მუშაობს გული.
სისტემა გამოირჩევა მაღალი საიმედოობით და 95%-იანი სიზუსტით მუშაობს. პაციენტს შეტევის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ეცნობება საფრთხის შესახებ, რაც სავსებით საკმარისი დროა უსაფრთხო ადგილის მოსაძებნად ან ახლობლების გასაფრთხილებლად. გარდა ამისა, მეცნიერების მიზანია, აპარატი იყოს მაქსიმალურად მსუბუქი, უსადენო და ვიზუალურად ჩვეულებრივი ქუდის მსგავსი, რათა მისი ტარება ყოველდღიურობაში შეუმჩნეველი და კომფორტული იყოს.
რატომ არის ეს გამოგონება მნიშვნელოვანი?
შეტევის შესახებ წინასწარი გაფრთხილება ადამიანებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. ტექნოლოგია პაციენტებს საშუალებას მისცემს, დროულად მოემზადონ და თავიდან აიცილონ ის ტრავმები თუ დაზიანებები, რომლებსაც ხშირად მოულოდნელი დაცემა იწვევს.
ამასთანავე, დაავადების მართვისა და კონტროლის ეს ახალი საშუალება ადამიანებს მუდმივ შიშს ამცირებს და მატებს მათ თვითდაჯერებულობას. შედეგად, ეპილეფსიის მქონე პირები შეძლებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო დამოუკიდებლები გახდნენ და თავი გაცილებით დაცულად იგრძნონ.
როდის გახდება ტექნოლოგია ხელმისაწვდომი?
ამჟამად მკვლევართა ჯგუფი მუშაობს მოწყობილობის დიზაინის საბოლოო დახვეწაზე, რათა იგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს ყველა ასაკის მომხმარებლისთვის, მათ შორის ბავშვებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ საწყისმა ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა, ინოვაციური ყურსასმენის გაყიდვაში ჩაშვებას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.
პროცესის ხანგრძლივობა პირდაპირ კავშირშია სამედიცინო აპარატურის მკაცრ რეგულაციებთან. ნებისმიერმა ახალმა სამედიცინო მოწყობილობამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი შემოწმება და მიიღოს შესაბამისი აკრედიტაცია, რათა დადასტურდეს მისი სრული უსაფრთხოება და ეფექტურობა. გუნდი უკვე მუშაობს პროდუქტის კომერციულ ვერსიაზე, რომელიც მზად იქნება ყველა საჭირო იურიდიული და სამედიცინო ეტაპის გასავლელად.
წყარო: epilepsysociety

