იმის გამო, რომ ღვიძლის მძიმე პათოლოგიების სამკურნალო მეთოდები მცირეა და ხშირად არაეფექტურიც, აუცილებელი გახდა ალტერნატიული გზების აქტიური ძიება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფოსა (Cincinnati Children’s Hospital Medical Center) და იაპონელი მეცნიერების გუნდის წევრებმა. მათ ლაბორატორიაში წარმატებით გაზარდეს ადამიანის მინიატურული ღვიძლი, რომელსაც შიდა სისხლძარღვოვანი ქსელის დამოუკიდებლად ფორმირების უნარი აქვს. ეს მიღწევა განსაკუთრებით იმედისმომცემია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტრანსპლანტაციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში ელიან.
აღმოჩენას, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში Nature Biomedical Engineering, შეუძლია რადიკალურად შეცვალოს ისეთი დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა სისხლის შედედების პათოლოგიები, მათ შორის ჰემოფილია A, რომლის დროსაც ღვიძლის დისფუნქცია სისხლდენისკენ მიდრეკილებას იწვევს. ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ორგანოს დონორის ძებნა, რადგან ორგანოიდი თავად იზრდება ადამიანის ღეროვანი უჯრედებიდან.
რა არის ორგანოიდი?
ორგანოიდები ლაბორატორიაში შექმნილი მინიატურული ორგანოებია, რომლებიც ადამიანის რეალური ორგანოების გამარტივებულ მოდელებს წარმოადგენენ. ისინი პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედებისგან მზადდება. ასეთი უჯრედები შესაბამის გარემოში მოხვედრისას თითქმის ნებისმიერი ტიპის უჯრედად გარდაიქმნებიან.
ამ ტექნოლოგიის განვითარებას ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ ორგანოიდებში სისხლძარღვები ვერ წარმოიქმნებოდა. რეალურ ორგანოებში სწორედ სისხლძარღვები უზრუნველყოფენ ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. მათ გარეშე კი, ლაბორატორიაში მიღებული ქსოვილები ვერც იზრდებიან და ვერც სრულფასოვნად მუშაობენ.
დოქტორ ტაკების გუნდმა შექმნა სპეციალური პირობები, რომლებშიც ღეროვანმა უჯრედებმა დაიწყეს ღვიძლისთვის სპეციფიკური სისხლძარღვების განვითარება. მათ გამოიყენეს ინოვაციური მეთოდი – Inverted Multilayered Air-Liquid Interface (IMALI). ამ მეთოდით მრავალფეროვანი უჯრედები ერთ სივრცეში ვითარდებიან და ბუნებრივად, ქიმიური კომუნიკაციით, უკავშირდებიან ერთმანეთს. შედეგად, ორგანოიდმა დაიწყო ღვიძლისთვის დამახასიათებელი სისხლძარღვების, სინუსოიდური კაპილარების, ფორმირება.
მიღებულმა ღვიძლის ორგანოიდებმა სისხლძარღვებთან ერთად დაიწყეს ისეთი ცილების გამოყოფა, რომლებიც სისხლის შედედებისთვისაა საჭირო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფაქტორი VIII – ცილა, რომელიც ჰემოფილია A-თი დაავადებულებს აკლიათ. ეს დაავადება 400,000-ზე მეტ ადამიანს აწუხებს მსოფლიოში. ისინი რეგულარულად იკეთებენ ამ ცილის ინექციებს, მაგრამ მაინც ხშირად აწუხებთ პრობლემა, რადგან ორგანიზმი საინექციო ცილის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.
მეცნიერებმა ეს ორგანოიდები იმ თაგვებში გადაიტანეს, რომლებსაც ჰემოფილიის მსგავსი მდგომარეობა ჰქონდათ. შედეგებმა აჩვენა, რომ ორგანოიდებიდან წარმოქმნილმა VIII ფაქტორმა სისხლდენის რისკი მნიშვნელოვნად შეამცირა. გარდა ამისა, ორგანოიდები წარმოქმნიდნენ სხვა მნიშვნელოვან შედედების ფაქტორებსაც: V, IX და XI.
ამ ორგანოიდების ადამიანების სამკურნალოდ გამოსაყენებლად საჭიროა დამტკიცდეს მათი უსაფრთხოება და სტაბილურობა. ასევე განვითარდეს მასობრივი წარმოების ტექნოლოგია და მოიძებნოს გზები იმუნური უარყოფის თავიდან ასაცილებელად.
ფაქტია, ამ მიღწევას შეუძლია არსებითად შეცვალოს ჰემოფილიის მკურნალობა და ამავდროულად სპეციალისტებს მისცეს შესაძლებლობა სიღრმისეულად შეისწავლონ ღვიძლის დაავადებები, გამოცადონ ახალი მედიკამენტები და უკეთესად გაიგონ პათოლოგიური პროცესების არსი.
ამ მიმართულებით კვლევის განვითარება შესაძლოა გარდამტეხი იყოს პერსონალიზებული მედიცინისა და ორგანოთა გადანერგვის თანამედროვე მეთოდებისთვის.

