სამმაგი თერაპია, რომელმაც შესაძლოა ახალშობილის მენინგიტის დროს ანტიბიოტიკის აუცილებლობა თავიდან აგვაცილოს

გააზიარე

ახალშობილთა მენინგიტი ბავშვთა ასაკის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სიცოცხლისთვის რისკის შემცველი ინფექციაა. გადარჩენილ ჩვილებში ის ხშირად ისეთ მძიმე გართულებებს იწვევს, როგორიცაა განვითარების შეფერხება და ნერვული სისტემის სხვადასხვა დაზიანება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ახალშობილებში მენინგიტი იშვიათია, ის გაცილებით ხშირად გვხვდება დღენაკლულ ბავშვებში. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყოველი 500 დღენაკლული ჩვილიდან ერთი ამ სენით ავადდება, ხოლო განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამ მძიმე ინფექციის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ნაწლავის ჩხირის, კერძოდ კი E. coli-ს სპეციფიკური K1 შტამია.

    ჟურნალ ETH ZÜRICH-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლისა და ბაზელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც ანტიბიოტიკების გარეშე, სამკომპონენტიანი თერაპიის საშუალებით, მენინგიტის გადაცემას ბლოკავს დედიდან ახალშობილზე.

ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანების მესამედში E. coli K1 ნაწლავის მიკროფლორის სრულიად უსაფრთხო თანამცხოვრებია, რადგან მას სხვა სასარგებლო ბაქტერიები და განვითარებული იმუნური სისტემა აკონტროლებს. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ორსული ქალი ამ პათოგენის მატარებელია და მშობიარობის დროს ის ბავშვს გადაეცემა. დღენაკლულ ჩვილებში, რომელთა იმუნიტეტი ჯერ კიდევ სუსტია, ნაწლავში მოხვედრილი ბაქტერია სისხლის მიმოქცევაში გადადის და ტვინამდე აღწევს, სადაც მძიმე ანთებით პროცესს იწვევს.

პროფესორ ემას სლეკისა და პროფესორ მედერიკ დიარდის ხელმძღვანელობით მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა, ინფექცია იქამდე შეაჩეროს, სანამ ის ჩვილს გადაეცემა, თუმცა E. coli K1 საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. სხვა მსგავსი ბაქტერიებისგან განსხვავებით, მას დამცავი, სრიალა გარე გარსი გააჩნია, რაც ორალური ვაქცინაციით გამომუშავებულ ანტისხეულებს მასზე მიმაგრებაში უშლის ხელს. ამ ბარიერის გადასალახად მეცნიერებმა სამმაგი თერაპიული სტრატეგია შექმნეს, რომელიც ბაქტერიის სწორედ ამ თავდაცვის მექანიზმს იყენებს მისსავე საწინააღმდეგოდ.

სტრატეგია ბაქტერიოფაგების, ანუ მხოლოდ ბაქტერიების განადგურებაზე სპეციალიზებული ვირუსების გამოყენებით იწყება, რომლებიც ლუცერნის ჩამდინარე წყლებიდან გამოყვეს. როდესაც ფაგები ბაქტერიას ესხმიან თავს და მის გარსს უერთდებიან, ბაქტერია სწრაფ ევოლუციას განიცდის და 24 საათზე ნაკლებ დროში ამ თავდაცვით გარსს თავადვე იშორებს, რათა ვირუსს გადაურჩეს. სწორედ ამ მომენტში ერთვება თერაპიის მეორე ეტაპი,  ორალური ვაქცინაცია. გარსის გარეშე დარჩენილი პათოგენი სრულიად დაუცველი ხდება ვაქცინით გამოწვეული ანტისხეულების წინაშე და საგრძნობლად სუსტდება. საბოლოო, მესამე კომპონენტი სასარგებლო, უსაფრთხო პრობიოტიკია, რომელიც დასუსტებულ ნაწლავის ჩხირს საკვებ რესურსებს ართმევს, მის ეკოლოგიურ ნიშას იკავებს და ნაწლავიდან საბოლოოდ განდევნის.

ორსულ თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. მკურნალობის გარეშე დატოვებულ ჯგუფში პათოგენი ახალშობილი თაგვების 83 პროცენტს გადაეცა, ხოლო სამმაგი თერაპიის გამოყენების შემთხვევაში დედის ნაწლავებში ბაქტერიის რაოდენობა ისე შემცირდა, რომ ჩვილების ინფიცირების მაჩვენებელი 23 პროცენტამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალშობილთა უმრავლესობა სრულიად დაცული აღმოჩნდა.

ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა, ანუ მდგრადობა სულ უფრო მზარდი პრობლემაა. E. coli K1 არა მხოლოდ მენინგიტს, არამედ ცისტიტსა და პიელიტსაც იწვევს, რასაც ხშირად მძიმე სეფსისამდე მივყავართ. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ვინაიდან სამივე კომპონენტი, ვაქცინებ,, პრობიოტიკები და ფაგები  მედიცინაში უკვე აქტიურად გამოიყენება, ადამიანებისთვის განკუთვნილი ერთიანი კაფსულის შექმნა დიდ სირთულეებთან არ იქნება დაკავშირებული. სამომავლოდ მკვლევრები გეგმავენ ამავე მეთოდით სხვა მულტირეზისტენტულ, ანტიბიოტიკებისადმი მდგრად პათოგენებსაც შეებრძოლონ.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები