სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შიზოფრენიასა და იმუნურ სისტემას შორის კავშირის ახალი მექანიზმი გამოავლინეს

გააზიარე

სტენფორდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა შიზოფრენიის პათოფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლისას მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც დაავადების განვითარებაში იმუნური სისტემის როლის შესახებ არსებულ მეცნიერულ მტკიცებულებებს კიდევ უფრო აძლიერებს. ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნეიტროფილებს — ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მრავალრიცხოვან ლეიკოციტებს — კომპლემენტის სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცილის, C4A-ს სინთეზის უნარი გააჩნიათ.

აღნიშნული მიგნება მეცნიერული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან C4A ცილა შიზოფრენიის გენეტიკური პრედისპოზიციის ერთ-ერთ მთავარ რისკ-ფაქტორად მიიჩნევა.

შიზოფრენია ქრონიკული, მძიმე და კომპლექსური ნეიროფსიქიატრიული აშლილობაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს აღენიშნება. დაავადება პროგრედიენტული ხასიათისაა და მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომატიკით ვლინდება, მათ შორისაა: აზროვნებისა და ლოგიკის დარღვევა, ბოდვითი იდეები, არაადეკვატური ემოციური რეაგირება ან ემოციური გაღარიბება, სოციალური იზოლაცია და ინტერესთა სფეროს შეზღუდვა. თუმცა, შიზოფრენიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მახასიათებლად კოგნიტური დეფიციტი მიიჩნევა. პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ყურადღების კონცენტრაციის დისფუნქცია, სამუშაო მეხსიერების დაქვეითება, ინფორმაციის დამუშავების შეფერხება და ქცევითი ორგანიზების დარღვევა.მიუხედავად ფარმაკოთერაპიის სფეროში მიღწეული პროგრესისა, მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიები უმთავრესად პალიატიური ხასიათისაა და ძირითადად მიმართულია სიმპტომების კონტროლზე, და ნაკლებად — დაავადების პროგრესირების შეჩერებასა და კოგნიტიური ფუნქციების სრულფასოვან აღდგენაზე.

„ამჟამად შიზოფრენიის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი კლოზაპინია, რომელიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და პაციენტის ცხოვრების ხარისხზე გარდამტეხ გავლენას ახდენს. თუმცა, პრეპარატს თან ახლავს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, მათ შორის წონის მატება და კარდიოვასკულური გართულებების რისკის ზრდა. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კლოზაპინის კიდევ ერთი მოქმედება — მოცირკულირე ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში ნეიტროფილების მომატებული რაოდენობა სისტემატურად ფიქსირდება, ხოლო თერაპიული ეფექტურობა სწორედ მათ შემცირებას უკავშირდება“, — განაცხადა აგნეს კალინოვსკიმ, მედიცინის დოქტორმა, კვლევის თანავტორმა, ფსიქიატრიისა და ბიჰევიორული მეცნიერებების კლინიკურმა ასისტენტ-პროფესორმა.

მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა C4A — კომპლემენტის სისტემის შემადგენელი ცილა, რომელიც თანდაყოლილი იმუნიტეტის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს სისტემა დაახლოებით 50 ცილისგან შემდგარ კომპლექსურ კასკადს ქმნის. აღნიშნული ევოლუციურად უძველესი მექანიზმი, რომლის საწყისებიც 500 მილიონი წლის წინანდელ ორგანიზმებში გვხვდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პათოგენური შემოჭრისა თუ ანთებითი პროცესების სწრაფი ამოცნობისთვის.

კომპლემენტის სისტემის აქტივაცია რთული კასკადური რეაქციებით მიმდინარეობს, სადაც კომპონენტების თანმიმდევრული გააქტიურება უზრუნველყოფს იმუნური პასუხის ეფექტურ განხორციელებას. იგი ფუნქციურად მოქმედებს როგორც „იმუნური სენსორი“, რომელიც სისხლის მიმოქცევაში არსებული პათოლოგიური სიგნალებისადმი სწრაფად რეაგირებს და ხელს უწყობს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

მიუხედავად იმისა, რომ C4A ტრადიციულად ღვიძლის მიერ სინთეზირებულ ცილად მიიჩნეოდა, ახალი კვლევები ხაზს უსვამს მის მნიშვნელოვან როლს ნეირონული კავშირების რეგულაციაში. კერძოდ, C4A უშუალოდ მონაწილეობს სინაფსურ გადარჩევაში — ფიზიოლოგიურ პროცესში, რომლის დროსაც ტვინი ზედმეტ ან ფუნქციურად არააქტიურ სინაფსურ კავშირებს შლის (ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანის ტვინს, სავარაუდოდ, 100-დან 500 ტრილიონამდე სინაფსური კავშირი აქვს). აღნიშნული მოვლენა ნეიროგანვითარების აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს და უზრუნველყოფს ნერვული ქსელების ფუნქციურ ოპტიმიზაციას. თუმცა, მისი გადაჭარბებული აქტივაცია იწვევს ნერვული კავშირების პათოლოგიურ შემცირებას, რაც დაკავშირებულია კოგნიტიური და ფსიქიკური ფუნქციების დარღვევებთან.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტთა თავის ტვინის ქერქში სინაფსების სიმჭიდროვე ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით საშუალოდ 30%-ით ნაკლებია, რასაც თან ახლავს ცერებრალური ქერქის გათხელება. ამასთან, წინა გენეტიკური კვლევები ადასტურებს, რომ C4A გენის ასლების რაოდენობის ზრდა დაავადების განვითარების მაღალ რისკთან ასოცირდება. უფრო მეტიც, პაციენტთა სიმპტომების ინტენსივობა პირდაპირ კორელაციაშია თავ-ზურგტვინის სითხეში C4A-ს კონცენტრაციასთან

ახალი კვლევის ფარგლებში სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გენური ექსპრესიის ფართომასშტაბიანი მონაცემთა ბაზები და 10 მოხალისის სისხლის ნიმუშები შეისწავლეს. ანალიზმა ცხადყო, რომ ნეიტროფილები აქტიურად ახდენენ C4A-ს სინთეზს. აღსანიშნავია, რომ შიზოფრენიის მქონე პაციენტებში ნეიტროფილების მიერ C4A-ს პროდუქცია კორელაციაში იყო დაავადების კლინიკურ მახასიათებლებთან. მიღებული შედეგების საფუძველზე მკვლევრებმა დასვეს ჰიპოთეზა: ხვდება თუ არა შიზოფრენიით დაავადებული პაციენტების ნეიტროფილებიდან სინთეზირებული C4A თავის ტვინში და იწვევს თუ არა ეს პროცესი სინაფსური გადარჩევის აჩქარებას?

პარადოქსულად, პაციენტებში ცილის კონცენტრაციის ცვლილებები განსხვავებულ სურათს აჩვენებდა: პლაზმაში C4A-ს საერთო დონე მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა საკონტროლო ჯგუფისგან, მაშინ როდესაც შიზოფრენიით დაავადებულთა ნეიტროფილებში მისი შემცველობა უფრო დაბალი იყო. პარალელურად, იმავე პაციენტების პლაზმაში გამოვლინდა C4-ana-ს — C4A-ს აქტივაციის მარკერის — მომატებული კონცენტრაცია. აღნიშნული დაკვირვების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ნეიტროფილებში C4A შესაძლოა უხვად სინთეზირდებოდეს, თუმცა შემდგომ ბიოლოგიურ პროცესებში სწრაფი აქტივაციის შედეგად ინტენსიურად იხარჯებოდეს.

კვლევის შედეგები აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან დაკვირვებას, რომლებიც მანამდე დამოუკიდებელ მოვლენებად განიხილებოდა: შიზოფრენიაში ნეიტროფილების მომატებული რაოდენობა, C4A-ს გენეტიკური მნიშვნელობა, კომპლემენტის სისტემის აქტივაციის ნიშნები და ის ფაქტი, რომ კლოზაპინი — დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი — ამცირებს ნეიტროფილების რაოდენობას. ავტორთა შეფასებით, აღნიშნული მონაცემები ქმნის საფუძველს ჰიპოთეზისთვის, რომლის მიხედვითაც ნეიტროფილები შესაძლოა უშუალოდ მონაწილეობდნენ იმ ბიოლოგიურ პროცესებში, რომლებიც შიზოფრენიის განვითარებასა და პროგრესირებას განაპირობებს.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი შედეგები ჯერ კიდევ არ იძლევა შიზოფრენიის პათოგენეზის სრულყოფილ ახსნას, ისინი მნიშვნელოვნად აფართოებს დაავადების შესახებ არსებულ ცოდნას და ხაზს უსვამს იმუნური სისტემისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ურთიერთქმედების მნიშვნელობას. კვლევა ასევე ქმნის საფუძველს ახალი დიაგნოსტიკური და თერაპიული მიდგომების განვითარებისათვის, რომლებიც შესაძლოა დაეფუძნოს ნეიტროფილების ფუნქციური აქტივობისა და C4A-სთან დაკავშირებული ბიოლოგიური მექანიზმების მიზანმიმართულ შესწავლას.

წყარო: med.stanford.edu

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები