რევოლუციური მიღწევა 3D ბეჭდვაში

გააზიარე

რევოლუციური მიღწევა 3D ბეჭდვაში. ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა რბილი და მყარი მასალები ერთმანეთთან ინტეგრირდეს. ეს მეთოდი შთაგონებულია ადამიანის სხეულის ინჟინერიით და მიზნად ისახავს იმავე პრინციპის გამეორებას, როგორც, მაგალითად, ძვალი უერთდება ხრტილს. ტექნოლოგიის პოტენციალი უზარმაზარია. მას შეუძლია მთლიანად შეცვალოს პროთეზების, სატარებელი სამედიცინო მოწყობილობებისა და რობოტული ტექნოლოგიების დიზაინი და წარმოება.

ჟურნალ “Nature Materials”-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სპეციალურად შექმნილი საბეჭდი მასალისა და ორმაგი განათების სისტემის გამოყენებით, ტექნოლოგია შესაძლებელს ხდის ერთ ობიექტში რბილი და მყარი მასალების შეერთებას.

ამ მეთოდით შექმნილ ობიექტებს განსხვავებული თვისებები აქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აღარ ჩნდება ე.წ. ინტერფეისის ხარვეზები, რომლებიც დიდხანს ზღუდავდა განსხვავებული მასალებით ფუნქციური დიზაინის შექმნას. ინტერფეისის ხარვეზი ნიშნავს სუსტ წერტილებს და არათანაბარ გადაბმას მასალების შეერთების ადგილზე. ახალი 3D ბეჭდვის ტექნიკა აგვარებს ამ პრობლემას, რადგან რბილი და მყარი ნაწილები, ყოველგვარი დეფექტის გარეშე,  ერთდროულად და შეუფერხებლად იბეჭდება,

კვლევის ავტორების განცხადებით, მათი მიზანი იყო ბუნების ინჟინერიის მიბაძვა, იმის ხელოვნურად გამეორება, თუ როგორ აერთიანებს ბუნება სხვადასხვა სიხისტის მასალებს. ამის მისაღწევად მეცნიერებმა 3D ბეჭდვის ტექნოლოგია გამოიყენეს, რაც წარმატებით გამოუვიდათ კიდეც.

ამ ახალი ტექნოლოგიის პოტენციალის სრულად წარმოსაჩენად, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა რამდენიმე დემონსტრაციული ნიმუში, რომელთა შორის იყო:

  • მინიატურული მუხლის სახსარი, რომელიც ელასტიური იოგებისა და მყარი ძვლებისგან შედგებოდა და ჰარმონიულად მოძრაობდა.
  • მოქნილი ელექტრონული მოწყობილობა, რომლის ერთი ნაწილიც იღუნებოდა, ხოლო მეორე, ჩაშენებული მგრძნობიარე სქემით, პირველი ნაწილის მოძრაობის მიუხედავად არ ზიანდებოდა.

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რამდენად ეფექტურად შეუძლია ახალ ტექნოლოგიას სხვადასხვა თვისების მქონე მასალების (მაგალითად, მოქნილი და მყარი ნაწილების) ერთ ობიექტში ინტეგრირება.

ტექნოლოგია სწრაფად მუშაობს და აქამდე არსებულ მეთოდებთან შედარებით უკეთეს გარჩევადობას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია უფრო წვრილი დეტალებისა და ზუსტი ფორმების ხარისხიანად დაბეჭდვა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული სტრუქტურების შესაქმნელად.

ხაზგასასმელია, რომ ამ 3D პრინტერის შექმნა მარტივია და, სხვა მსგავს ტექნოლოგიებთან შედარებით, მისი ღირებულებაც შედარებით დაბალია. ამ მიზეზით, შესაძლებელია ტექნოლოგიის ფართოდ გავრცელება, რადგან მისი გამოყენება მარტივი და ეკონომიურია. ეს კი მეცნიერებს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთონ მის განვითარებაში, რაც სამედიცინო სფეროში ახალ მიღწევებს შექმნის.

წყარო: Nature Materials

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები