მოზარდების ძილის დრო რეკორდულად შემცირდა: მთავარი მიზეზი ეკრანები და აკადემიური წნეხია

გააზიარე

ამერიკელ თინეიჯერებს დღეს იმაზე ნაკლებს სძინავთ, ვიდრე ოდესმე. ჟურნალ Pediatrics-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა, რომელიც 400 000-ზე მეტ მოსწავლეს 1991-დან 2023 წლამდე აკვირდებოდა, აჩვენებს, რომ ძილის ხანგრძლივობა ყველა ასაკობრივ ჯგუფში მკვეთრად შემცირდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა უფროსკლასელებში — მათგან მხოლოდ 22% ახერხებს ღამეში მინიმუმ 7 საათის განმავლობაში ძილს.

მეცნიერების განმარტებით, თაობების განმავლობაში არსებულ ბარიერებს, როგორიცაა, მაგალითად, რთული საშინაო დავალებები, კლასგარეშე აქტივობები და მუშაობა, ბოლო წლებში სრულიად ახალი ტრიგერები დაემატა. სმარტფონების ეკრანები და სოციალური მედია მოზარდებს ძილის დროს პირდაპირი მნიშვნელობით პარავს.

თუმცა, პრობლემა მხოლოდ ტექნოლოგიებში არ არის. ის გაცილებით ღრმაა და მოზარდების „გადაწვასა“ (burnout) და სოციალურ იზოლაციას უკავშირდება. გამოკითხვების მიხედვით, თინეიჯერების თითქმის ორ მესამედს ქრონიკული შფოთვა აწუხებს. მოსწავლეების მეოთხედი კი აცხადებს, რომ კვირაში მხოლოდ ორი დღე ან უფრო ნაკლები რჩებათ ისეთი საბაზისო საჭიროებებისთვის, როგორიცაა ძილი, კვება და პირადი ჰიგიენა.

მოზარდები ამ მდგომარეობას პირდაპირ უკავშირებენ სასკოლო სისტემის მხრიდან დაუნდობელ აკადემიურ წნეხს. ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მოსწავლეები ითხოვენ ტემპის შენელებას და სტრესთან გამკლავების უნარების სწავლებას. ძილის ქრონიკული ნაკლებობა გრძელვადიან პერსპექტივაში დაკავშირებულია დეპრესიასთან, აკადემიურ ჩავარდნებთან და ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ქრონიკული დაავადების განვითარების რისკთან.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად სისტემური ცვლილებებია საჭირო. ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად უფროს კლასებში გაკვეთილების დაწყების დროის დილის 08:30 საათამდე ან უფრო გვიან გადაწევა სახელდება, რადგან სასწავლო პროცესის ადრე დაწყება პირდაპირ წინააღდმეგობაში მოდის მოზარდის ბიოლოგიურ ცირკადულ რიტმებთან. კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ გამოსავალი საზოგადოებაში ძილის კულტურის შეცვლა და ისეთი სასკოლო პოლიტიკის გატარებაა, რომელიც ჯანსაღ ძილს თითოეული მოზარდისთვის პრიორიტეტულს გახდის.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები