ხელოვნურმა ინტელექტმა სოციალური ქსელების პოსტების ანალიზით წონის კლების პრეპარატების აქამდე უცნობი გვერდითი მოვლენები აღმოაჩინა

გააზიარე

პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეისწავლეს პოპულარული გასახდომი და დიაბეტის სამკურნალო პრეპარატების (სემაგლუტიდი და ტირზეპატიდი, ცნობილი როგორც GLP-1 რეცეპტორების აგონისტები) გვერდითი მოვლენები. კვლევამ, რომელიც ჟურნალ Nature Health-ში გამოქვეყნდა, გამოავლინა სიმპტომები, რომლებიც კლინიკური გამოცდების დროს, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩა.

მეცნიერებმა გააანალიზეს 70,000-მდე მომხმარებლის მიერ 5 წლის განმავლობაში დაწერილი პოსტები. მიუხედავად იმისა, რომ Reddit-ის აუდიტორია სრულად არ წარმოადგენს მოსახლეობის ყველა ჯგუფს, მონაცემების ასეთმა მასშტაბმა მეცნიერებს მნიშვნელოვანი შედეგები მისცა.

მთავარი მიგნებები: რა აწუხებთ პაციენტებს?

გარდა უკვე ცნობილი გვერდითი მოვლენებისა, როგორიცაა, მაგალითად, გულისრევა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები, კვლევამ გამოკვეთა ორი ახალი სიმპტომთა ჯგუფი. ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიგნება რეპროდუქციულ სისტემას ეხება. პაციენტების თითქმის 4% მენსტრუალური ციკლის დარღვევებზე საუბრობდა. მათ შორის ხშირად ფიქსირდებოდა არარეგულარული ციკლი, ჭარბი სისხლდენა და შუალედური გამონადენი. მეცნიერების ვარაუდით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ანალიზი მხოლოდ ქალების მონაცემებზე რომ ჩატარებულიყო.

მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი თერმორეგულაციასთან დაკავშირებული ჩივილებია. პაციენტები ხშირად უჩიოდნენ სხეულის ტემპერატურის უეცარ ცვლილებას, რაც ვლინდებოდა კანკალით, სიცივის მუდმივი შეგრძნებით ან, პირიქით, ე.წ. „წამოხურებით“ (hot flashes). ეს სიმპტომები პაციენტებისთვის იმდენად შემაწუხებელი აღმოჩნდა, რომ სოციალურ ქსელში ამ თემას არაერთი პოსტი და დისკუსია მიეძღვნა.

გარდა ამისა, გამოიკვეთა ძლიერი დაღლილობის ფაქტორიც, რომელიც Reddit-ის მომხმარებლებში მეორე ყველაზე გავრცელებულ ჩივილად დასახელდა. საინტერესოა, რომ კლინიკურ კვლევებში დაღლილობა მსგავსი სიხშირით აქამდე არ ფიგურირებდა. მეცნიერების თქმით, ეს სიმპტომები შესაძლოა პრეპარატის ჰიპოთალამუსზე ზემოქმედებით იყოს განპირობებული, რომელიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსსა და ტემპერატურას აკონტროლებს.

რამ გამოიწვია ეს სიმპტომები?

მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს პრეპარატის მოქმედებაზე ჰიპოთალამუსზე. ტვინის ეს ნაწილი არეგულირებს როგორც ჰორმონებს, ისე სხეულის ტემპერატურას. თუმცა, მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ეს კვლევა მხოლოდ სტატისტიკურ კავშირს აჩვენებს და არა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

ადრე ასეთი მასშტაბის ანალიზი თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ადამიანები სიმპტომებს არასამედიცინო ენით აღწერენ. თანამედროვე დიდმა ენობრივმა მოდელებმა (როგორც GPT ან Gemini) შესაძლებელი გახადა Reddit-ის ჟარგონების „თარგმნა“ პროფესიულ სამედიცინო ტერმინოლოგიაზე (MedDRA).

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ სოციალური მედიის მსგავსი ანალიზი კლინიკურ კვლევებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ის არის სწრაფი და ეფექტური საშუალება ადრეული გაფრთხილებების გამოსავლენად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეპარატი მასობრივად ხელმისაწვდომი ხდება.

წყარო: Nature

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები