ოზემპიკი დამოკიდებულებების წინააღმდეგ ეფექტურია: მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, როგორ მოქმედებს წონის კლების პრეპარატები ტვინზე

გააზიარე

წონის კლებისა და დიაბეტის სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატები (GLP-1 რეცეპტორის აგონისტები), როგორიცაა Ozempic და Wegovy, სულ უფრო მეტად იპყრობენ ნეირომეცნიერების ყურადღებას. კლინიკურმა და პრეკლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ წონის კლებასთან ერთად, ეს მედიკამენტები მნიშვნელოვნად ამცირებს ალკოჰოლის, კოკაინის, ამფეტამინების, ოპიატებისა და ნიკოტინის მოხმარებას. თუმცა, აქამდე მეცნიერებისთვის გამოცანად რჩებოდა ზუსტი ნევროლოგიური მექანიზმი, თუ როგორ ახერხებდა ჰორმონის იმიტატორი პრეპარატი ტვინის ჯილდოს (reward) სისტემაზე ზემოქმედებას და მავნე ლტოლვების ბლოკირებას.

როგორც სამეცნიერო პლატფორმა The Conversation-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზშია აღნიშნული, ნეირომეცნიერებმა ყურადღება ტვინის სპეციფიკურ რეგიონზე — ლატერალურ სეპტუმზე (lateral septum) გადაიტანეს. ათწლეულების განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ დამოკიდებულებებზე პასუხისმგებელი ძირითადი ზონები დოფამინის მწარმოებელი ცენტრები (VTA და NAc) გახლდათ, თუმცა მათში GLP-1 რეცეპტორების სიმკვრივე ძალიან დაბალია.

ამის საპირისპიროდ, ლატერალური სეპტუმი, რომელიც ემოციურ რეგულაციასა და მეხსიერების ცენტრთან (ჰიპოკამპთან) კავშირზეა პასუხისმგებელი, ფაქტობრივად გადატვირთულია ამ რეცეპტორებით. ჰიპოკამპიდან მიღებულ სივრცულ-დროით მონაცემებს („სად და როდის ვიმყოფებით“) ლატერალური სეპტუმი კონკრეტული გარემოს ასოციაციურ სიგნალს — მიღებული ჯილდოსა და კმაყოფილების ხარისხს უმატებს. სწორედ ამ გზით ყალიბდება მავნე ლტოლვებისა და სიამოვნების გაცნობიერებული აღქმა.

უახლესმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლატერალურ სეპტუმში GLP-1 რეცეპტორების აქტივაცია პირდაპირ ამცირებს როგორც საკვების, ისე ალკოჰოლის მიღების სურვილს. მკვლევართა განცხადებით, Ozempic-ის ტიპის მედიკამენტები თრგუნავენ სპეციფიკურ ნეირონულ აქტივობას ტვინის ამ ნაწილში, რაც ხელს უშლის მას, ეფექტურად გადასცეს „ლტოლვისა და სიამოვნების“ სიგნალები დოფამინის აპარატს. ეს აღმოჩენა სრულიად ცვლის ნეირომეცნიერების წარმოდგენას ტვინის ჯილდოს სისტემაზე და მიანიშნებს, რომ ლატერალური სეპტუმი მავნე ჩვევებისა და კვებითი დარღვევების მართვის მთავარი სამიზნე ხდება, რაც დამოკიდებულებების მკურნალობაში ახალ ეტაპს უდებს საფუძველს.

წყარო: MedicalXpress

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები