ღეროვანი უჯრედების გადანერგვით მძიმე აუტოიმუნური დაავადების მქონე პაციენტებმა 15-წლიან სრულ რემისიას მიაღწიეს

გააზიარე

ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ Med-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ნეირომეცნიერებმა და ტრანსპლანტოლოგებმა ოპტიკური ნეირომიელიტის (NMOSD) მქონე პაციენტებში სრული, გრძელვადიანი განკურნება დააფიქსირეს. ოპტიკური ნეირომიელიტი არის იშვიათი და აგრესიული აუტოიმუნური პათოლოგია, რომლის დროსაც ორგანიზმის იმუნური სისტემა შეცდომით ესხმის თავს მხედველობის ნერვებსა და ზურგის ტვინს, რაც ხშირად უსინათლობით, შარდის ბუშტის კონტროლის დაკარგვითა და დამბლით სრულდება. პაციენტების 60%-დან 98%-მდე შემთხვევებში დაავადება მუდმივი რეციდივებით ხასიათდება და დღემდე მედიცინაში არ არსებობდა თერაპია, რომელიც პაციენტს მედიკამენტებზე უარის თქმისა და აუტომუნური ანტისხეულების სრული გაქრობის საშუალებას მისცემდა.

მეცნიერებმა შეაჯამეს იმ ორი პაციენტის 15 და 16-წლიანი დაკვირვების შედეგები, რომელთაც 2009 და 2010 წლებში, ტრადიციული მკურნალობის უშედეგობის შემდეგ, ჯანმრთელი დონორისგან ღეროვანი უჯრედების ალოგენური ტრანსპლანტაცია (alloHCT) ჩაუტარდათ. ოპერაციამდე პაციენტებმა გაიარეს აგრესიული ქიმიოთერაპიული მომზადება (ფლუდარაბინითა და ტრეოსულფანით) და მონოკლონური ანტისხეულებით (რიტუქსიმაბით) თერაპია, რათა სრულად განადგურებულიყო მათი ძველი, დეფექტური იმუნური უჯრედები, რომლებიც პათოგენურ AQP4-IgG ანტისხეულებს გამოიმუშავებდნენ.

ხანგრძლივმა მონიტორინგმა, რომელიც მოიცავდა რეგულარულ ნევროლოგიურ შემოწმებებსა და თავისა და ზურგის ტვინის MRI სკანირებას, აჩვენა, რომ ორივე პაციენტი 15 წელზე მეტია სრულიად თავისუფალია დაავადების სიმპტომებისა და რეციდივებისგან, ყოველგვარი იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) მკურნალობის გარეშე. სისხლის ანალიზებმა დაადასტურა, რომ დაავადების გამომწვევი ანტისხეულები ორგანიზმიდან სრულად გაქრა, ვინაიდან პაციენტების იმუნური სისტემა მთლიანად ჩანაცვლდა დონორის ჯანსაღი უჯრედებით.

ორივე პაციენტი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე მიუთითებს. ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შესაძლებლობები სრულად აღუდგა და ორი შვილის მამაც გახდა. მეცნიერების განცხადებით, ეს შემთხვევა არის მყარი სამეცნიერო მტკიცებულება (proof of concept) იმისა, რომ ღეროვანი უჯრედების გადანერგვას აუტოიმუნური დაავადებების მიმდინარეობის რადიკალურად შეცვლა შეუძლია, თუმცა მეთოდის უსაფრთხოებისა და შერჩევის კრიტერიუმების დასაზუსტებლად ფართომასშტაბიანი კვლევებია საჭირო.

შენიშვნა: ტერმინოლოგიურად, აღნიშნული პათოლოგია სამედიცინო წრეებში რამდენიმე სინონიმითაა ცნობილი. ქართულ კლინიკურ პრაქტიკაში მას ხშირად ოპტიკონევრომიელიტს ან ისტორიული სახელით — დევიკის დაავადებას უწოდებენ. თანამედროვე საერთაშორისო კლასიფიკაციით, მას ოპტიკური ნეირომიელიტის სპექტრის დარღვევას (NMOSD) უწოდებენ, რადგან დადასტურდა, რომ აუტოიმუნური პროცესი მხოლოდ მხედველობის ნერვსა და ზურგის ტვინს არ მოიცავს და უფრო ფართო ნევროლოგიურ სპექტრს აერთიანებს.

წყარო: Cell

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები