“რა შეიცვალა ჩვენს აზროვნებაში მიუნხენის ESC-ის შემდეგ?
ამ მიმოხილვაში შეგნებულად არ არის ჩამოთვლილი ცალკეული კვლევების სახელები, აკრონიმები და დეტალური სტატისტიკური მონაცემები. როდესაც ტექსტში ზედიზედ ჩნდება მრავალი კვლევის დასახელება, აბრევიატურა და რიცხვი, მკითხველს ხშირად მთავარი აზრი ეკარგება და ყურადღება კონკრეტული კვლევის დამახსოვრებაზე გადააქვს.
აქ სხვა გზაა არჩეული. თითოეული მოყვანილი ფაქტისა და დასკვნის გადამოწმება შესაძლებელია ESC Congress 2026 Munich-ის ოფიციალურ მასალებში, პრეზენტაციებსა და შესაბამის სამეცნიერო პუბლიკაციებში. ამ სტატიის მიზანი არ არის კვლევების კატალოგის შექმნა. მიზანია დავინახოთ, რა საერთო მიმართულება გამოიკვეთა მიუნხენში, რა ახალი იდეები აერთიანებს წარმოდგენილ მონაცემებს და, რაც მთავარია, როგორ იცვლება ამის ფონზე ჩვენი კლინიკური აზროვნება წინაგულთა ფიბრილაციის შესახებ.
წინაგულთა ფიბრილაცია დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ‘არარეგულარული რიტმი’, რომლის მართვაც რამდენიმე კითხვამდე დაიყვანება — სიხშირე თუ რიტმი, ანტიკოაგულანტი თუ არა, აბლაცია თუ მედიკამენტი. მიუნხენის ESC Congress 2026-ის შემდეგ ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. წინაგულთა ფიბრილაციის მართვა სწრაფად გადადის ერთი დიაგნოზისთვის ერთი ალგორითმის გამოყენებიდან ინდივიდუალურ, ფენოტიპზე დაფუძნებულ მედიცინაზე.
დღეს მთავარი კითხვა აღარ არის მხოლოდ: ‘აქვს თუ არა პაციენტს AF?’ უფრო მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: როგორი AF აქვს, რამდენად დიდია მისი არითმიული ტვირთი, როგორია მარცხენა წინაგულის სტრუქტურა და ფუნქცია, რა სუბსტრატი უდევს არითმიას საფუძვლად, რამდენად მაღალია ინსულტისა და სისხლდენის რეალური რისკი, რა თანმხლები დაავადებები აქვს და, საბოლოოდ, რას მოუტანს კონკრეტული ჩარევა სწორედ ამ ადამიანს.
ამ ცვლილებას კარგად ასახავს ინსულტის პრევენციის შესახებ ახალი მონაცემებიც. აქამდე გადაწყვეტილება ანტიკოაგულაციაზე დიდწილად რისკის ქულის მიხედვით მიიღებოდა. ახლა ჩანს, რომ ზოგიერთ შედარებით დაბალი ან შუალედური რისკის მქონე პაციენტშიც ანტიკოაგულაციამ შეიძლება ინსულტის მნიშვნელოვანი პრევენცია მოგვცეს. მაგრამ პარალელურად მივიღეთ საპირისპირო გაკვეთილიც — პაციენტებში, რომლებმაც ადრე ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევა გადაიტანეს, ანტიკოაგულაციის გაძლიერება შეიძლება სისხლდენის ფასად მივიღოთ და საბოლოო კლინიკური სარგებელი საერთოდ არ გვქონდეს.
ამრიგად, ქულის დათვლა აუცილებელია, მაგრამ ქულა აღარ ცვლის კლინიკურ აზროვნებას. კითხვა უნდა იყოს არა მხოლოდ ‘რამდენია CHA₂DS₂-VA?’, არამედ — ამ კონკრეტულ პაციენტში რამდენად აღემატება ინსულტის პრევენციის მოსალოდნელი სარგებელი სისხლდენის რეალურ რისკს?
იგივე ფილოსოფია გამოჩნდა ანტითრომბოზულ მკურნალობაშიც. მაღალი რისკის პაციენტში უფრო მეტი პრეპარატის დამატება ავტომატურად უკეთეს დაცვას არ ნიშნავს. განსაკუთრებით AF-ისა და მწვავე კორონარული დაავადების თანაარსებობისას ზედმეტად ინტენსიურმა ანტითრომბოზულმა მკურნალობამ შეიძლება პირველ რიგში სისხლდენა გაზარდოს და დამატებითი კარდიოვასკულური სარგებელი ვერ მოგვცეს. ანუ თანამედროვე მიდგომა თანდათან შორდება პრინციპს ‘რაც მეტი მკურნალობა, მით უკეთესი’ და გადადის უფრო რთულ, მაგრამ სწორ ფორმულაზე: სწორი მკურნალობა — სწორ პაციენტში — სწორი ინტენსივობით.
არანაკლებ საინტერესო ცვლილება მოხდა რიტმის კონტროლის სფეროში. კათეტერული აბლაცია თანამედროვე AF-ის მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდია, მაგრამ მიუნხენში ძალიან საინტერესო კითხვა დაისვა — რას ნიშნავს სინამდვილეში წარმატებული აბლაცია? თუ პროცედურის შემდეგ AF მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ პაციენტის ცხოვრების ხარისხი იმავე პროპორციით არ გაუმჯობესდა, შეგვიძლია მხოლოდ ECG-ის მიხედვით ვთქვათ, რომ მკურნალობა სრულად წარმატებულია? როგორც აღმოჩნდა, არითმიის ობიექტური შემცირება და პაციენტის სუბიექტური კეთილდღეობა ყოველთვის პარალელურად არ ხდება.
ეს აბლაციის მნიშვნელობას არ აკნინებს, პირიქით — გვაიძულებს შედეგი უფრო ფართოდ შევაფასოთ. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სინუსური რიტმი, არამედ AF-ის არითმიული დატვირთვა, სიმპტომები, ჰოსპიტალიზაცია, ფიზიკური ფუნქცია და ცხოვრების ხარისხი. ამიტომ მომავალში ფრაზა ‘აბლაცია წარმატებულია’ სულ უფრო ნაკლებად იქნება მხოლოდ ერთი ECG-ის პასუხი.
ამასთან, შეიცვალა თავად აბლაციის მიმართ მიდგომაც. განსაკუთრებით ხანგრძლივი AF-ის დროს სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ყველა წინაგული ერთნაირი არ არის. ერთ პაციენტს შესაძლოა შედარებით შენარჩუნებული წინაგულოვანი ქსოვილი ჰქონდეს, მეორეს — ფართო ელექტრული და სტრუქტურული რემოდელირება, ფიბროზი და დაბალი ვოლტაჟის უბნები. შესაბამისად, ერთნაირი ანატომიური პროცედურა ყველა პაციენტისთვის ოპტიმალური ვერ იქნება. მიუნხენის მონაცემებმა კიდევ უფრო გააძლიერა იდეა, რომ სწორად შერჩეულ ხანგრძლივი AF-ის მქონე პაციენტებში PVI-სთან ერთად ინდივიდუალურად განსაზღვრული პათოლოგიური სუბსტრატის მკურნალობამ შეიძლება უკეთესი შედეგი მოგვცეს. ეს უკვე მნიშვნელოვანი გარდატეხაა: სტანდარტული PVI-დან — სუბსტრატსა და ფენოტიპზე დაფუძნებული აბლაციისკენ.
და აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ჩნდება — ასაკი. ჩვენ ხშირად ჯერ კიდევ გვესმის კითხვა: ’75 ან 80 წლის პაციენტს აბლაცია ღირს?’ თანამედროვე პასუხი სულ უფრო ნაკლებად ეფუძნება პასპორტში ჩაწერილ ასაკს. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, როგორია ამ პაციენტის წინაგულის სუბსტრატი, AF-ის ხანგრძლივობა და არითმიული დატვირთვა, მარცხენა წინაგულის ზომა და ფუნქცია, თანმხლები გულის უკმარისობა, თირკმლის ფუნქცია, საერთო ფიზიკური მოწყვლადობა და მთლიანად მისი ბიოლოგიური მდგომარეობა. ანუ კითხვა თანდათან იცვლება: არა — ‘რამდენი წლისაა?’, არამედ — ‘რამდენად შორს არის წასული მისი წინაგულოვანი დაავადება და რამდენად მოდიფიცირებადია ეს სუბსტრატი?’
ამავე მიზეზით სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს AF-ის არითმიული დატვირთვის ცნებაც. წლების განმავლობაში AF-ს თითქმის ბინარულად ვუყურებდით — არის ან არ არის. მაგრამ ორი პაციენტი ერთნაირი დიაგნოზით შეიძლება სრულიად განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობდეს. ერთს შეიძლება წელიწადში რამდენიმე მოკლე ეპიზოდი ჰქონდეს, მეორემ კი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ფიბრილაციაში გაატაროს. ამიტომ ‘აქვს AF’ სულ უფრო არასაკმარისი ინფორმაცია ხდება. მნიშვნელოვანია რამდენი AF აქვს პაციენტს, რამდენ ხანს გრძელდება ეპიზოდები, იზრდება თუ არა მათი სიხშირე, პროგრესირებს თუ არა დაავადება და რა სუბსტრატზე ვითარდება ეს ყველაფერი.
ტარებადმა მოწყობილობებმა, ხანგრძლივმა ECG-მონიტორინგმა და იმპლანტირებადმა მოწყობილობებმა ამ კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაგვიზარდა. ამას უკვე ემატება AI-ც — AF-ის ადრეული გამოვლენის, რისკის პროგნოზირების, სუბსტრატის დახასიათებისა და აბლაციის სამიზნეების უკეთ განსაზღვრის მიმართულებით. თუმცა მიუნხენის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, რომ ტექნოლოგია თავისთავად მკურნალობა არ არის. მობილური აპლიკაცია, ჭკვიანი საათი, დისტანციური მონიტორინგი ან AI მხოლოდ ინსტრუმენტებია. ისინი შედეგს მხოლოდ მაშინ აუმჯობესებენ, როდესაც რეალურად არიან ინტეგრირებული სწორ კლინიკურ გადაწყვეტილებაში და პაციენტიც აქტიურად მონაწილეობს პროცესში. ამიტომ ციფრული კარდიოლოგიის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ექიმის როლი — არა როგორც მონაცემის უბრალო მიმღების, არამედ როგორც იმ ადამიანის, რომელმაც ბევრი სხვადასხვა მონაცემიდან უნდა განსაზღვროს, რა არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ პაციენტისთვის.
ალბათ ყველაზე საინტერესო ცვლილება კი საერთოდ კათეტერულ ლაბორატორიაში არ მომხდარა. მიუნხენში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ცხოვრების წესის მოდიფიკაცია AF-ის მკურნალობის რეალური ნაწილია. სტრუქტურირებულმა და ინდივიდუალურად მორგებულმა ფიზიკურმა აქტივობამ შეძლო არა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ თავად AF-ის არითმიული დატვირთვისა და ჰოსპიტალიზაციების შემცირებაც. ამიტომ პაციენტისთვის ნათქვამი: ‘დაიკლეთ წონა, ივარჯიშეთ, აკონტროლეთ წნევა, შეამცირეთ ალკოჰოლი და უმკურნალეთ ძილის აპნოეს’ აღარ უნდა იყოს ვიზიტის ბოლოს დამატებული ზოგადი რეკომენდაცია — ეს არის AF-ის აქტიური თერაპია.
სწორედ აქ ერწყმის Munich 2026 უკვე კარგად ნაცნობ AF-CARE კონცეფციას — კომორბიდობებისა და რისკ-ფაქტორების მართვა, ინსულტის პრევენცია, ინდივიდუალური სიხშირისა და რიტმის კონტროლი და მუდმივი ხელახალი შეფასება. მაგრამ 2026 წელს ამ ჩარჩოს შიგნით ერთი ახალი სიტყვა სულ უფრო მკაფიოდ ჩნდება: პერსონალიზაცია. ვის სჭირდება ანტიკოაგულაცია უფრო ადრე? ვისთვის არის მისი რისკი ზედმეტად მაღალი? ვისთვის საკმარისია PVI? ვის სჭირდება სუბსტრატის დამატებითი მკურნალობა? ვისთვის არის აბლაციის მთავარი მიზანი AF-ის არითმიული დატვირთვის შემცირება, ვისთან — სიმპტომების გაუმჯობესება, და ვისთან — პროგრესირების შეჩერება? და რამდენად შეგვიძლია ამ ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება?
სწორედ ამიტომ, თუ ერთი წინადადებით უნდა შევაჯამოთ, რა მოხდა მიუნხენში წინაგულთა ფიბრილაციაზე აზროვნებაში, ალბათ ასე უნდა ვთქვათ: ჩვენ თანდათან ვშორდებით მიდგომას ‘ერთი AF — ერთი ალგორითმი’ და გადავდივართ წინაგულთა ფიბრილაციის პერსონალიზებული მედიცინის ეპოქაში. AF-ის მართვა აღარ ნიშნავს მხოლოდ სინუსური რიტმის აღდგენას. იგი ნიშნავს ინსულტის თავიდან აცილებას, AF-ის არითმიული დატვირთვის შემცირებას, წინაგულოვანი დაავადების პროგრესირების შეკავებას, კომორბიდობების აქტიურ მართვას, ზედმეტი მკურნალობის თავიდან აცილებას და, საბოლოოდ, არა მხოლოდ უკეთესი ECG-ის, არამედ უკეთესი პაციენტის მიღებას.
ალბათ Munich 2026-ის მთავარი კითხვა უკვე აღარ არის: ‘როგორ ვუმკურნალოთ წინაგულთა ფიბრილაციას?’, არამედ: ‘როგორ ვუმკურნალოთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც წინაგულთა ფიბრილაცია აქვს?’ და სწორედ ამ კითხვიდან იწყება წინაგულთა ფიბრილაციის ახალი ეპოქა”, – წერს დავით მალიძე, ექიმი-კარდიოლოგი სოციალურ ქსელში.

