ბავშვთა ასაკში მიოპიის, ანუ ახლომხედველობის განვითარება მრავალი მშობლისთვის იქცა საკმაოდ სეროზულ გამოწვევად. აღნიშნული მდგომარეობა განსაკუთრებით ევროპულ პოპულაციაში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში საგანგაშო ტემპით იზრდება. ეს ტენდენცია როგორც მარტივი რეფრაქციული მანკი აღარ განიხილება, რომელიც სათვალით ან კონტაქტური ლინზებით გამოსწორებადია. პროგრესირებადი მიოპია, რომელსაც თან თვალის კაკლის ღერძული სიგრძის არანორმალური ზრდა ახლავს, ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი მძიმე ოფთალმოლოგიური პათოლოგიების განვითარების რისკს, როგორიცაა მიოპიური მაკულოპათია, ბადურის ჩამოცლა, კატარაქტა და გლაუკომა. სწორედ ამიტომ, ოფთალმოლოგიური საზოგადოების უმთავრეს პრიორიტეტად ისეთი ინტერვენციული მეთოდების მოძიება იქცა, რომლებიც ეფექტურად შეანელებენ ბავშვებში ახლომხედველობის პროგრესირებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ფართოდ შესწავლილ ფარმაკოლოგიურ აგენტს დაბალი კონცენტრაციის ატროპინის თვალის წვეთები წარმოადგენს.
ისტორიულად, მაღალი კონცენტრაციის ატროპინი (ნახევარი პროცენტი ან მეტი) მიოპიის კონტროლის მძლავრ საშუალებად მიიჩნეოდა, თუმცა მისი რუტინული კლინიკური გამოყენება თითქმის შეუძლებელი გახლდათ გამოხატული გვერდითი ეფექტების გამო. ეს თითქმის ყველას გამოგვიცდია, პაციენტებს მუდმივი ფოტოფობია აღენიშნებათ გუგის გაფართოების გამო, ასევე აკომოდაციის დამბლა, რაც მხედველობის დაბინდვას იწვევდა ახლო მანძილზე კითხვისას, და სხვადასხვა ალერგიული რეაქციები. ამას თითქმის აღარავინ იქნებებს. ამ ბარიერის გადასალახად, მეცნიერებმა ატროპინის გაცილებით დაბალი კონცენტრაციების, კერძოდ, ნული მთელი ერთი მეასედი პროცენტის (0.01%) ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევა დაიწყეს, რამაც საფუძველი არაერთ მასშტაბურ კლინიკურ გამოცდას ჩაუყარა მთელ მსოფლიოში.
ამ თემაზე არსებულ უახლეს და უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას კი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მულტიცენტრული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი რანდომიზებული კლინიკური კვლევა (CHAMP-UK) წარმოადგენს, რომლის შედეგებიც ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალში, BMJ-ში გამოქვეყნდა. აღნიშნულ კვლევაში ექვსიდან თორმეტ წლამდე ასაკის ორას ოთხმოცდაცხრა მიოპიის მქონე ბავშვი მონაწილეობდა. კვლევის მონაწილეები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდნენ ორ ჯგუფში, სადაც ძირითადი ჯგუფი ყოველდღიურად, ძილის წინ, ორი წლის განმავლობაში იყენებდა ნული მთელი ერთი მეასედი პროცენტის კონცენტრაციის ატროპინის წვეთებს, ხოლო საკონტროლო ჯგუფი პლაცებოს.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაბალი კონცენტრაციის ატროპინი სტატისტიკურად და კლინიკურად მნიშვნელოვნად ეფექტური აღმოჩნდა პლაცებოსთან შედარებით. ორწლიანი პერიოდის ბოლოს, სფერული ეკვივალენტის რეფრაქციული შეცდომის შეფასებით, ატროპინის ჯგუფში ახლომხედველობის პროგრესირება მკაფიოდ შენელდა. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია პათოფიზიოლოგიური თვალსაზრისით, ატროპინის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა თვალის ცენტრალური ღერძული სიგრძის ზრდის ტემპი. ქვეჯგუფების ანალიზმა აჩვენა, რომ პაციეენტის ასაკს წამლის ამ დამცავ ეფექტზე გავლენა არ მოუხდენია. ანალოგიურად არ ჰქონია გავლენა საწყისი მიოპიის სიმძიმეს, რაც მის უნივერსალურ თერაპიულ პოტენციალზე მიუთითებს.
გარდა მაღალი ეფექტურობისა, დაბალი კონცენტრაციის ატროპინის შესანიშნავი უსაფრთხოების პროფილი და ამტანობა CHAMP-UK კვლევამ დაადასტურა. თერაპიულ და პლაცებო ჯგუფებს შორის არ დაფიქსირებულა განსხვავება ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა საუკეთესოდ კორეგირებული შორეული და ახლო მხედველობის სიმახვილე, კითხვის სიჩქარე თუ პაციენტების ცხოვრების ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ატროპინის ჯგუფში მცირედით მეტი იყო გუგის დიამეტრი, ამას არ გამოუწვევია კლინიკურად გამოხატული სინათლის შიში ან დისკომფორტი ყოველდღიურ საქმიანობაში. სერიოზული გვერდითი მოვლენები, რომლებიც კვლევის მედიკამენტთან იქნებოდა დაკავშირებული, საერთოდ არ გამოვლენილა.
ამასთანავე, სამედიცინო ლიტერატურაში არსებული სხვა მონაცემები, მათ შორის ResearchGate პლატფორმაზე ხელმისაწვდომი კვლევები და მეტა-ანალიზები ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად ატროპინის დაბალი კონცენტრაციის საერთო აღიარებული პოზიტიური როლისა, დასავლურ და აზიურ პოპულაციებს შორის ზოგჯერ მცირედი ვარიაბელობა ვლინდება მკურნალობის პასუხში. აზიის ქვეყნებში ჩატარებულმა ადრეულმა კვლევებმა აჩვენა ძალიან მაღალი ეფექტურობა, მაშინ როდესაც ევროპულ პოპულაციაში შედეგები ხანდახან უფრო ზომიერი იყო, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური ფაქტორებით, თვალის პიგმენტაციის თავისებურებებით ან ცხოვრების წესით, მაგალითად, ღია ცის ქვეშ გატარებული დროის ხანგრძლივობით. მიუხედავად ამ მცირე ნუანსებისა, CHAMP-UK-ის მსგავსი მკაცრად კონტროლირებადი ევროპული კვლევები მყარ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ეს პრეპარატი ფართოდ დაინერგოს დასავლური ქვეყნების ჯანდაცვის პრაქტიკაშიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოშიც უკვე დიდი ხნის დანერგლი დაბალი კონცენტრაციის ატროპინის გამოყენები პრაქტიკა კიდევ ერთხელ გამყარდა, რომ წარმოადგენს უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ეფექტურ სტრატეგიას ბავშვებში მიოპიის მართვისთვის. მისი უნარი, შეაფერხოს როგორც რეფრაქციული დეფექტის გაღრმავება, ისე თვალის კაკლის ანატომიური წაგრძელება, გრძელვადიან პერსპექტივაში პაციენტებს მხედველობის პოტენციურად შეუქცევადი დაკარგვისგან იცავს ზრდასრულ ასაკში. ეს აღმოჩენა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ბავშვთა ოფთალმოლოგიის განვითარებაში, რაც ექიმებს აძლევს მძლავრ ინსტრუმენტს ახლომხედველობის გლობალურ ეპიდემიასთან საბრძოლველად.

