როგორ ვასწავლი ტვინს ხელახლა სმენას

გააზიარე

ჩემ სიყრუეს ბონში შევხვდი. ბონგასეს ქუჩა ნომერ 20-ში. იქ, სადაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი  დაიბადა ორი საუკუნით ადრე ჩემ სტუმრობამდე. 

იმ სახლში საყვარელი კომპოზიტორის ისტორიის მოსასმენად მივედი. სინამდვილეში კი, ჩემი მომავალი დავინახე მკაფიოდ: სიყრუის, როგორც დაავადების რეალური გამოწვევა, გარდაუვალი მარცხი, დროებითი სიხარულები, საკუთარ თავთან განცდილი არაერთი იმედგაცრუება და  ამ საუკუნის შესაძლებლობა.  

ეს იყო 2019 წლის მაისში. ერთი ჩვეულებრივი მივლინების დროს. 

უფრო ზუსტად, ჩვეულებრივსაც ვერ დავარქმევ – ეს შეხვედრა ადრიანად შეთანხმდა დოიჩეველეს ოფისში აჭარის ტელევიზიის და რადიოს პროგრესი პროექტის გამარჯვებულად რომ გამოცხადებინათ. ვიზიტამდე ერთი თვით ადრე “დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს რატომ კარგი აგიგიაო” და მერე როგორც იყო, ყველამ იცის… მოკლედ, პროექტის სხვა მონაწილეები ბარგს რომ ალაგებდნენ, მე დირექტორი აღარ ვიყავი. ტელევიზიის და რადიოს პროგრესი ჯერ კიდევ ჩანდა. მთელი ის პერიოდი ძალიან ვეცადე, საზოგადოებრივი არხის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, მიუკერძოებლობა, გადაცემებში ობიექტურობის სითამამე და განსხვავებულობა ყველას თავისი შედეგი ჰგონებოდა ორგანიზაციაში და არა დირექტორის. მე მომწონს ასეთი შენება. საერთოდაც მგონია, აშენება მხოლოდ ასე შეიძლება – ყველას თავისი თანამონაწილეობის ბედნიერება უნდა აღმოაჩენინო. მეც ასე აღმოვაჩინე ჩემი ადამიანებზე ორიენტირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი. მოკლედ, ასე იყო თუ ისე, დოიჩეველემ შეთანხმებული მონაწილეობა არ შეაჩერა. თქვა რომ პროგრესის პასუხისმგებლობა ჩემი იყო. ბევრისთვის არალოგიკურად, და გერმანული სიზუსტით, ბონში ის გარდამტეხი ვიზიტი როგორღაც შედგა. 

მაგალითად მე, იმ დღემდე, იმ ჩვეულებრივ დღემდე ბეთჰოვენი ყრუ რომ იყო, ამაზეც კი არ მიფიქრია ბევრი. არ მიფიქრია, როგორ წერდა ან როგორ ესმოდა თავისი თავის, თავისი მუსიკის – იქამდე, ვიდრე მოულოდნელად მისი სპილენძის საყვირების წინ არ აღმოვჩნდი. 

ეს იყო პატარა, საშუალო, დიდი, უფრო დიდი და უფრო დიდზე დიდი რქის ფორმის მოწყობილობები, თითოეულს თავზე დასამაგრებელი სპილენძისვე რკალი აერთიანებდა. იქვე იყო ანდერძი – თავისი ძმებისთვის გამხელილი დარდი. თურმე სიცოცხლეც მოეწყინა სმენის დაკარგვისა და უფუნქციოდ დარჩენის ტკივილებში. ხელოვნებასთან ჩამოშორების დარდი ისევ შემოქმედებითმა ძალამ მოურჩინა. ერთგან წერს: „მხოლოდ ხელოვნებამ შემაჩერა. შეუძლებლად მიმაჩნდა ამ ქვეყნიდან წასვლა მანამ, სანამ ყველაფერს არ შევქმნიდი, რასაც ვგრძნობდი, რომ ჩემი მოვალეობა იყო.“ 

კიდევ ბევრი რაიმეა ანდერძში. თუმცა კიდევ კარგი, აზრი შეიცვალა და დაწერა, ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შედევრები, მათ შორის, Symphony No. 3, Symphony No. 5 და Symphony No. 9. 

იქ თქვეს, მუსიკა რომ გაეგო ხან კბილს ადებდა კლავიშებს, ხან ჯოხი ეჭირა კბილებით რომ ეგრძნო ვიბრაცია მაინცო. სხვათაშორის, იქვე მოგვასმენინეს, როგორ ესმოდა ამ გენიალურ კაცს მეცხრე სიმფონია. ის იყო ღმუილი. არაადამიანური ღმუილი. 

აი, იმ წუთებში, საუკუნეებად გაწელილ წუთებში, სპილენძის საყვირების სიგრძის მიხედვით დავინახე მისი და ჩემი დაავადების პროგრესი, ტანჯვის მოლოდინი, დროდადრო აპარატების უმოქმედობა, ახალი გზების  ძიების ტანჯვა. მოკლედ, სრულიად მოულოდნელად ამ ორ სტენდს შორის, ანდერძი და არქაული სმენის აპარატები რომ განეთავსებინათ,  ჯოჯოხეთის ცეცხლი გაჩნდა. როგორი? სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ახლაც ვერ გადმოვცემ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მართლაც იშვიათად თუ დაინახავ ადამიანი მუზეუმის ექსპონატებში საკუთარი მომავლის ქრონოლოგიას. ეგ არის და ეგ.

დღესაც არ ვიცი, რომ არა ის უცნაური ვიზიტი, ვიქნებოდი თუ არა ემოციურად ასე მობილიზებული. 

შესაძლებლობების შეზღუდვისთვის მზად არავინ არ არის. 

2026 წელი. ნიუ იორკი

  • ეს გახლავთ ჩვენი შემოთავაზება. წარმოგიდგენთ უახლოეს მოდელებს. კოხლეარული იმპლანტის სასურველი დასახელება თქვენ აირჩიეთ და დაგვიბრუნდით.

ასე მითხრეს ბეთჰოვენის სახლის ემოციებიდან 7 წლის შემდეგ. როცა პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, ძალიან, ძალიან გრძელი გზა გამოვიარე. ნიუ იორკში ორი წარუმატებელი ოპერაციის, იქამდე თურქეთში და გერმანიაში სადიაგნოსტიკო ვიზიტები უკან მოვიტოვე. 

გახსოვთ ის ქალი, დიუშენის მქონე ბავშვებზე რომ თქვა, “ეგენიც ახლა აინშტაინები არ მყავდნენო”? მე მისნაირი ადამიანები, საქართველოში შემხვდნენ  კლინიკებში. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღების მცდელობებში ისიც კი მოვისმინე – “რას შეგვჭამეს ამ შშმპირებმა, ჯერ პენსია 100 ლარი არ გეკუთვნისო”… ალბათ, ახლაც იტყოდნენ, სმენა თუ არა ეგეც არ იყოს ბახი ან ბეთჰოვენიო, მაგრამ მე ჩემი გზა მაქვს. მინდა ჩემი უფლებადამცველის ცხოვრებით ცხოვრება. სადღაც სიღრმიდან არ მასვენებს ჩემი ადამიანური მოვალეობები და ხელოვნური ინტელექტით მოტანილი ტექნოლოგიური შესაძლებლობები. 

იმავე შეხვედრაზე ორი ფერადი სახელმძღვანელო გადმომცეს ბედნიერი მოხუცების, გიტარიანი ახალგაზრდების და საპნისბუშტებიანი ბავშვების მაღალი რეზოლუციის ფოტოებით და ყველა ასაკის ადამიანისთვის მარტივი განმარტებებით. 

კატალოგები სახლში წავიღე. ბევრი ფიქრის შემდეგ, არჩევანი მხოლოდ ორ მსოფლიო ლიდერს შორის დავიტოვე — ავსტრალიურ Cochlear-სა და ავსტრიულ MED-EL-ს შორის. მომდევნო კვირები ტექნოლოგიის, სამეცნიერო პუბლიკაციების, კლინიკური შედეგებისა და პაციენტების გამოცდილების კითხვაში, ამ თემებზე იუთუბის და ტიკ-ტოკის სქროლვაში, ყველა AI ჩატთან დაზუსტებაში გავატარე. 

აქ განსხვავება მხოლოდ ელექტროდებში, პროცესორებსა თუ დიზაინში არ იყო. თითოეულ კომპანიას საკუთარი ფილოსოფია აქვს: ერთი უფრო შიდა ყურის ბუნებრივი ანატომიის მაქსიმალურ შენარჩუნებას ეყრდნობა, მეორე კი ტვინის ნეიროპლასტიკურობას, მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემასა და იმ აზრს ავითარებს, რომ მოსმენა მხოლოდ ყურით არ იწყება.  ამ და სხვა სიკეთეების გამო, საბოლოოდ, მე არა უბრალოდ იმპლანტი, არამედ მთელი ნეიროტექნოლოგიური სისტემა ავირჩიე. 

არჩევანი არ იყო მარტივი. ქართველებს ხომ გვაქვს ეგეთი გამოთქმა “ჯვარი კი არ მაქვს დაწერილიო” აქ ვხვდებოდი, რომ ცოტა მეტიც კი გამოდიოდა. გაყრა შეუძლებელიც იქნებოდა. იმპლანტის არჩევით ცხოვრების ტექნოლოგიურ თანამგზავრს ირჩევ ერთგვარად. 

დიდი განსჯისა და ფიქრის შემდეგ ჩემი ახალი სისტემაა Cochlear Nucleus® 8 Nexa® და Kanso® 3 Nexa®

სხვათაშორის, ამ ფერად კატალოგში საკმაოდ სანდომიანად იღიმება თავად გამომგონებელიც – ავსტრალიელი მეცნიერი გრემ კლარკი, რომლის მამაც სმენადაქვეითებული იყო. შვილმა ასე მასშტაბურად შეძლო საკუთარი მამის და მილიონობით ადამიანის პრობლემის გადაჭრა. ახლა მისი გამოგონება, რომელიც ზღვის ნიჟარის შესწავლისას ჩამოაყალიბა, მუდმივად გაუმჯობესებული ერთ-ერთი წარმატებული სენსორული ინტერფეისია ტექნოლოგიასა და ადამიანის ტვინს შორის. ამ სისტემის ნახევარი ტექნოლოგიაა – მეორე ნახევარი კი ადამიანის თავის ტვინი. პროცესორი მხოლოდ სიგნალს აგზავნის. ხმის „შექმნას“ საბოლოოდ ტვინი სწავლობს. 

მეც ვსწავლობ.

ოპერაციიდან ექვსი კვირა გავიდა. დღეს კოხლეარული იმპლანტის პროგრამირებისას კიდევ ერთი უნიკალური ტესტი — სტაპედიალური რეფლექსის ზღურბლის დადგენა (EESR) სცადეს. გარდა სახის ნერვის მცირე სტიმულაციისა (FNS), რეფლექსური პასუხი არ დაფიქსირებულა. ჩემმა შუა ყურმა უბრალოდ „უარი თქვა“. თუმცა, მე გამონაკლისი არ ვარ — ასე ხდება პაციენტების თითქმის მესამედში, შუა ყურის ინდივიდუალური ანატომიის თუ ნერვული სისტემის თავისებურებების გამო. ახლა ნერვებს გავუფრთხილდები და კიდევ ვცდი. სმენის ნერვი და ტვინის ღერო სწავლობენ ელექტრული იმპულსების მიღებას. ნეირონული გზები უფრო აქტიური გახდება და შეიძლება „გაიღვიძოს“.

სამაგიეროდ, შემდეგ P1, P2 და P3 პროგრამები გაააქტიურეს, – აღქმადობა მნიშვნელოვნად გაზარდა. როგორც ჩანს, მედიცინას ამ სიურპრიზებისთვისაც აქვს ალტერნატიული გზა.

ახალი პროგრამირების ჩატვირთვის შემდეგ, სხვაგვარად ვუსმენ ჩემი ტვინი ელექტრულ იმპულსებს როგორ გარდაქმნის ხმებად.  თანდათან ვრწმუნდები, რომ თავის ქალაში ჩაშენდა პლატფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ჩემთან ერთად ისწავლის, განახლდება და განვითარდება. 

იმ თანმდევი ნიუანსების გამოც, რომელთა აღწერაც უფრო დიდ დროს წაიღებს, ზუსტად ვიტყვი, წინ არაერთი გამოწვევაა. 

დღეს უცნობია, კიდევ რა ტექნოლოგიური გაუმჯობესება დაგვხვდება ხვალ ეკრანებზე, ონლაინ მაღაზიებსა და სამედიცინო კატალოგებში. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი რთული გზა სმენადაქვეითებულ ადამიანებს გვაძლევს შესაძლებლობას ვიამაყოთ ცივილიზაციის ნაწილად ყოფნით და პირადად ვაწარმოოთ ყველაზე ცოცხალი კომუნიკაცია ადამიანის გონებასა და ტექნოლოგიას შორის.

ავტორი: ნათია კაპანაძე, ჟურნალისტი

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები