ძველი ბერძნები ამბობდნენ, ფილოსოფია პურს არ აცხობსო, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესის ხანაში ფილოსოფოსებისთვისაც გამოჩნდა სამუშაო ადგილები. ათი წლის წინ, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საწყის ეტაპზე, ჰუმანიტარული ფაკულტეტების სტუდენტებს ჩასჩიჩინებდნენ, რომ დასაქმების ერთადერთი გარანტი პროგრამირების სწავლა იყო. დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. თავად პროგრამისტები შიშობენ, რომ AI მათ სამუშაო ადგილებს წაართმევს, შრომის ბაზარზე კი, სრულიადმოულოდნელად, ფილოსოფოსები ხდებიან მოთხოვნადები.
ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის მიერ გამოქვეყნებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკაში ფილოსოფიის კურსდამთავრებულები უფრო მარტივად საქმდებიან, ვიდრე მათი თანატოლები კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან. მონაცემების მიხედვით, პროგრამისტებს შორის უმუშევრობის დონემ 7%-ს მიაღწია, მაშინ როცა ფილოსოფოსებში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 5.1%-ია.
იეილის უნივერსიტეტის ფილოსოფოსი, ლუჩიანო ფლორიდი აღნიშნავს, რომ AI კომპანიები ფილოსოფიის სტუდენტებს სამუშაო კონტრაქტებს უნივერსიტეტის დასრულებამდე სთავაზობენ, ხოლო აკადემიური სფეროდან კერძო სექტორში კადრების გადინება მასშტაბურია.
როგორც ირკვევა, ანტიკური ფილოსოფია თანამედროვე ტექნოლოგიური პრობლემების გადაჭრის საუკეთესო ინსტრუმენტია. დღევანდელი AI სისტემები ხშირად მომხმარებლისთვის თავის მოწონებაზე არიან ორიენტირებულნი. მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ექსპერტი იორგ ნოლერი განმარტავს, რომ სოკრატეს მეთოდით (თანმიმდევრული შეკითხვებითა და წინააღმდეგობების ძიებით) გაწვრთნილი მოდელები ნაკლებად ცდილობენ ადამიანების სიამოვნებას და ორიენტირებულნი არიან ჭეშმარიტების განსაზღვრაზე.
ამასთანავე, სოკრატესეული პრინციპი საკუთარი უმეცრების გაცნობიერების შესახებ ეხმარება ხელოვნურ ინტელექტს ზედმეტი თავდაჯერებულობისა და სამედიცინო/ტექნოლოგიური მიმართულებით ცოდნის ნაკლებობის დაძლევაში. Google DeepMind-ის წამყვანი ფილოსოფოსი იასონ გაბრიელი სწორედ ამ მიდგომას უკავშირებს ინდუსტრიაში ე.წ AI „ჰალუცინაციების“ (არარსებული ფაქტების გამოგონების) მკვეთრ შემცირებას და მოდელების ლოგიკური აზროვნების (chains of thought) გაუმჯობესებას.
კომპანიები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ე.წ. „AI კონსტიტუციონალიზმს“ იყენებენ — მოდელებს უქმნიან წესების ერთგვარ ჩარჩოს, რომელიც ფილოსოფიურ და მორალურ ტექსტებს ეყრდნობა.
მაგალითად, ცნობილმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Anthropic-მა Claude-ისთვის შექმნა 78-გვერდიანი კონსტიტუცია, რომელსაც თანამშრომლებმა ხუმრობით კლოდის სული უწოდეს. მასში ინტეგრირებულია იმანუელ კანტის ფილოსოფია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია და Apple-ის მოხმარების წესებიც კი.
ამ ეტაპზე ინდუსტრია ორ ძირითად ეთიკურ მიმართულებად იყოფა:
-
დეონტოლოგია (კანტისეული მიდგომა): ეფუძნება მკაცრ მორალურ წესებს (ტყუილის, იძულების აკრძალვა). ამ პრინციპით მუშაობს Claude და Inflection AI-ს ჩატბოტი Pi, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას უწევს მომხმარებლებს და ზუსტად აფიქსირებს თვითდაზიანების რისკებს.
-
კონსეკვენციალიზმი (შედეგობრივი ეთიკა): მოქმედებას აფასებს მიღებული სარგებლისა და ზიანის თანაფარდობით. ამ გზას ირჩევენ OpenAI (ChatGPT) და Google (Gemini).
ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ავტონომიური მართვის სისტემებში (მაგალითად, Waymo-ს თვითმავალ ავტომობილებში) და სამხედრო AI ტექნოლოგიებში, სადაც გარდაუვალი ავარიის ან სამხედრო დარტყმის დროს ალგორითმმა წამებში უნდა აწონ-დაწონოს, თუ რომელი მსხვერპლი იქნება „ნაკლებად ტრაგიკული“ საზოგადოებისთვის.
ტექნოლოგიური გიგანტები (მაგალითად, IBM თავისი Granite მოდელების სერიით) ბიზნესკლიენტებს უკვე სთავაზობენ სპეციალურ მარეგულირებლებს, რათა კომპანიებმა თავად აირჩიონ ბალანსი ფილოსოფიურ ღირებულებებს — მაგალითად, ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციალურ ჰარმონიას შორის.
საბოლოო ჯამში, სანამ კოდისწერას თავად ხელოვნური ინტელექტი ითავსებს, ყველაზე რთული ეთიკური, სამართლებრივი და ლოგიკური ამოცანების გადაჭრა კვლავ ადამიანურ აზროვნების პასუხისმგებლობაა. უმუშევრად დარჩენილ პროგრამისტებს კი მეცნიერები მარტივ ალტერნატივას სთავაზობენ — დროა, ფილოსოფიას მიჰყონ ხელი, რადგან ამ სფეროში სამუშაო ადგილების დეფიციტი კიდევ დიდხანს არ იქნება.
ფაქტია, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ სულ უფრო მეტი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი დაგვჭირდება.

